დაბადება 13
- 1
ეგვიპტიდან ნეგებისაკენ გაემართა აბრამი, თავის ცოლთან და ლოტთან ერთად; და ყველაფერი, რაც გააჩნდა, თან ჰქონდა.
- 2
ძალზედ მდიდარი იყო აბრამი ჯოგებითა და ოქრო-ვერცხლით.
- 3
ნეგებიდან ბეთელისაკენ გაემართა, იმ ადგილამდე, სადაც უწინ კარავი ედგა ბეთელსა და ჰაღაის შორის.
- 4
იმ ადგილამდე, სადაც პირველად ააგო სამსხვერპლო და მოუხმო უფლის სახელს.
- 5
ლოტსაც, რომელიც აბრამთან ერთად მგზავრობდა, ასევე ჰყავდა მსხვილფეხა და წვრილფეხა საქონელი და ჰქონდა კარვები.
- 6
და ვერ იტევდა მათ ის ქვეყანა ერთად საცხოვრებლად, რადგან დიდძალი ქონება ჰქონდათ და არ შეეძლოთ თანაცხოვრება.
- 7
დავა ჰქონდათ ერთმანეთში აბრამისა და ლოტის მწყემსებს; ქანაანელები და ფერიზელები ცხოვრობდნენ მაშინ იმ ქვეყანაში.
- 8
და უთხრა აბრამმა ლოტს: "ნუ იქნება უთანხმოება ჩვენ შორის, ჩემსა და შენს მწყემსებს შორის, რადგან ძმები ვართ.
- 9
განა მთელი ქვეყანა ჩვენს წინ არ არის? გავიყაროთ; თუ შენ მარცხნივ წახვალ, მე მარჯვნივ წავალ; ხოლო თუ მარჯვნივ წახვალ, მე მარცხნივ წავალ”.
- 10
აღაპყრო თვალები ლოტმა და დაინახა, რომ იორდანეს მთელი ტაფობი, ცოყარის მისადგომამდე კარგად ირწყვებოდა, როგორც უფლის ბაღი, როგორც ეგვიპტის მიწა. ეს იქამდე, ვიდრე უფალი სოდომსა და გომორს მოსპობდა.
- 11
და აირჩია ლოტმა იორდანეს მთელი ტაფობი. დაიძრა ლოტი აღმოსავლეთისკენ და გაეყარა კაცი თავის ძმას.
- 12
აბრამი ქანაანის ქვეყანაში დამკვიდრდა, ხოლო ლოტი ტაფობის ქალაქებში და სოდომამდე დასცა კარვები.
- 13
ბოროტნი იყვნენ სოდომელები და ძალიან სცოდავდნენ უფლის წინაშე.
- 14
და უთხრა უფალმა აბრამს ლოტთან გაყრის შემდეგ: "აღაპყრე თვალები და გაიხედე ჩრდილოეთისა და სამხრეთისკენ, აღმოსავლეთისა და დასავლეთისკენ.
- 15
რადგან, მთელ ამ ქვეყანას, რასაც ხედავ, შენ და შენს შთამომავლობას მოგცემთ უკუნისამდე.
- 16
მიწის მტვერივით გავამრავლებ შენს შთამომავლობას და თუ ვინმე შეძლებს ქვიშის დათვლას, შენი შთამომავლობაც დაითვლება.
- 17
ადექი და მოიარე ეს ქვეყანა კიდით კიდემდე, რადგან შენ გაძლევ მას”.
- 18
აშალა აბრამმა კარვები, წავიდა და დასახლდა მამრეს მუხნარში, რომელიც ხებრონშია; და იქ აუგო სამსხვერპლო უფალს.