დაბადება 11
- 1
ერთი ბაგე და ერთი ენა ჰქონდა მთელ ქვეყანას.
- 2
აღმოსავლეთიდან რომ დაიძრნენ, შინყარის ქვეყანაში ჰპოვეს ველი და იქ დამკვიდრდნენ.
- 3
უთხრეს ერთმანეთს: "მოდი, გავაკეთოთ აგური და გამოვწვათ ცეცხლში”. და ჰქონდათ ქვის ნაცვლად აგური, ხოლო - კირის ნაცვლად ფისი.
- 4
თქვეს: "ავიშენოთ ქალაქი და გოდოლი, რომლის თხემიც ცას მისწვდება. და ასე შევიქმნით სახელს, თორემ გავიფანტებით დედამიწის ზურგზე”.
- 5
და ჩამოვიდა უფალი ზეციდან, რათა ენახა ქალაქი და გოდოლი, რომელსაც აშენებდნენ კაცთა ძენი.
- 6
თქვა უფალმა: "აჰა, ერთი ხალხია ეს და ყველას ერთი ენა აქვს. აი, რისი კეთება წამოიწყეს! ამიერიდან აღარაფერი იქნება მათთვის მიუღწეველი, რასაც განიზრახავენ.
- 7
დაბლა ჩავიდეთ და ავურიოთ ენა, რომ ვეღარაფერი გააგებინონ ერთმანეთს”.
- 8
და გაფანტა უფალმა ისინი იქიდან დედამიწის მთელ ზედაპირზე და მათაც შეწყვიტეს ქალაქის შენება.
- 9
ამიტომ დაერქვა ბაბილონი, რადგან იქ აღრია უფალმა მთელი დედამიწის ენა და იქიდან გაფანტა ისინი უფალმა დედამიწის მთელ ზედაპირზე.
- 10
ეს არის სემის შთამომავლობა: ასი წლის იყო სემი, როცა შვა არფაქშადი, წარღვნიდან ორი წლის შემდეგ.
- 11
იცოცხლა სემმა არფაქშადის დაბადების შემდეგ ხუთასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 12
ოცდათხუთმეტი წლის იყო არფაქშადი, როცა შელახი შეეძინა.
- 13
იცოცხლა არფაქშადმა შელახის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელიწადი და შვა ძენი და ასულნი.
- 14
ოცდაათი წლის იყო შელახი, როცა ყებერი შეეძინა.
- 15
იცოცხლა შელახმა ყებერის დაბადების შემდეგ ოთხას სამი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 16
ოცდათოთხმეტი წლის იყო ყებერი, როცა ფელეგი შეეძინა.
- 17
იცოცხლა ყებერმა ფელეგის დაბადების შემდეგ ოთხას ოცდაათი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 18
ოცდაათი წლის იყო ფელეგი, როცა რეღუ შეეძინა.
- 19
იცოცხლა ფელეგმა რეღუს დაბადების შემდეგ ორას ცხრა წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 20
ოცდათორმეტი წლის იყო რეღუ, როცა სერუგი შეეძინა.
- 21
იცოცხლა რეღუმ სერუგის დაბადების შემდეგ ორას შვიდი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 22
ოცდაათი წლის იყო სერუგი, როცა ნახორი შეეძინა.
- 23
იცოცხლა სერუგმა ნახორის დაბადების შემდეგ ორასი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 24
ოცდაცხრა წლის იყო ნახორი, როცა თერახი შეეძინა.
- 25
იცოცხლა ნახორმა თერახის დაბადების შემდეგ ას ცხრამეტი წელი და შვა ძენი და ასულნი.
- 26
იცოცხლა თერახმა სამოცდაათი წელი და შვა აბრამი, ნახორი და ხარანი.
- 27
ეს არის თერახის შთამომავლობა: და შვა თერახმა აბრამი, ნახორი და ხარანი. ხარანს შეეძინა ლოტი.
- 28
ხარანი მამამისის, თერახის სიცოცხლეშივე გარდაიცვალა, ქალდეველთა ურში, თავის სამშობლოში.
- 29
ცოლები შეირთეს აბრამმა და ნახორმა. აბრამის ცოლს ერქვა სარაი, ხოლო ნახორის ცოლს - მილქა, ხარანის ასული, რომელიც მილქასა და ისქას მამა იყო.
- 30
და იყო სარაი ბერწი, შვილი არ უჩნდებოდა.
- 31
წაიყვანა თერახმა აბრამი, თავისი ძე, ლოტი, ხარანის ძე - თავისი შვილიშვილი, სარაი, თავისი რძალი - აბრამის ცოლი, და მათთან ერთად წავიდა ქალდეველთა ურიდან ქანაანის ქვეყანაში. მივიდნენ ხარანამდე და იქ დამკვიდრდნენ.
- 32
და იყო თერახის სიცოცხლის დღენი ორას ხუთი წელი და გარდაიცვალა თერახი ხარანში.