2 თესალონიკელთა 1
- 1
პავლე, სილოვანე და ტიმოთე თესალონიკელთა ეკლესიას ჩვენს მამა ღმერთსა და უფალ იესო ქრისტეში;
- 2
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
- 3
ვალდებულნი ვართ ძმებო, მარადის ვმადლობდეთ ღმერთს თქვენთვის, რაც შესაფერია კიდეც, რადგან სულ უფრო იზრდება თქვენი რწმენა და მრავლდება თითოეული თქვენგანის სიყვარული ერთმანეთის მიმართ.
- 4
ამიტომ თვითონვე ვიკვეხნით თქვენით, ღმერთის ეკლესიებში თქვენი მოთმინებისა და რწმენის გამო და რომ იტანთ ყოველ დევნასა და გასაჭირს.
- 5
რაც ღმერთის სამართლიანი სამსჯავროს ნიშანია, რომ ღვთის სამეფოს ღირსნი გახდებით, რისთვისაც იტანჯებით კიდეც.
- 6
ვინაიდან სამართლიანია ღმერთის წინაშე, რომ ჭირი მიეგოს თქვენს შემაჭირვებლებს,
- 7
თქვენ კი შეჭირვებულებმა, ჩვენთან ერთად მოისვენოთ, როცა უფალი იესო გამოცხადდება ციდან, თავის ძლიერ ანგელოზებთან ერთად,
- 8
და ცეცხლის ალით იძიებს შურს მათზე, ვინც არ იცნობს ღმერთს და არ ემორჩილება უფალ იესოს სახარებას,
- 9
რომლებიც მარადიულ დაღუპვას მიიღებენ სასჯელად უფლის პირისა და მისი სიძლიერის დიდებისგან.
- 10
როცა ის მოვა, რათა იმ დღეს განდიდდეს თავის წმიდანებში და გააოცოს ყველა მორწმუნე; რადგან იწამეთ ჩვენი მოწმობა თქვენს მიმართ.
- 11
ამიტომ გამუდმებით ვლოცულობთ თქვენთვის, რომ ჩვენმა ღმერთმა გაგხადოთ მოწოდების ღირსნი და ძალით სრულყოს ყოველგვარი სასიკეთო სურვილი და რწმენის საქმე.
- 12
რათა იდიდოს ჩვენი უფლის იესოს სახელმა თქვენში და თქვენ - მასში, ჩვენი ღმერთისა და უფლის იესო ქრისტეს მადლით.