2 თესალონიკელთა 2
- 1
ჰოდა, გთხოვთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისა და მასთან ჩვენი შეკრების გამო,
- 2
რათა ნაჩქარევად არ შეიძრას თქვენი გონება და არ აფორიაქდეთ არც სულით, არც სიტყვით და არც ვითომდა ჩვენგან გამოგზავნილი წერილით, თითქოს უკვე დადგაო უფლის დღე.
- 3
არც რაიმე ხერხით გაცდუნოთ ვინმემ, ვინაიდან ის დღე მანამდე არ დადგება, სანამ განდგომილება არ მოვა და არ გამოჩნდება ურჯულოების კაცი, - ძე გატიალებისა,
- 4
წინააღმდგომი და აღზევებული ყველაფერზე მაღლა, რაც კი რამ სახელდებულია ღმერთად და სათაყვანებლად; ისე რომ, ღვთის ტაძარშიც კი დაჯდება იგი, როგორც ღმერთი და თავს ღმერთად გამოაცხადებს.
- 5
განა არ გახსოვთ, რომ ჯერ კიდევ თქვენთან ყოფნისას გეუბნებოდით ამას?
- 6
ახლა იცით, რა აკავებს მას, რომ გამოცხადდეს თავის დროზე.
- 7
ვინაიდან ურჯულოების საიდუმლო უკვე მოქმედებს, ოღონდ ახლა არის შემკავებელი, სანამ გაყვანილ იქნება შუაგულიდან.
- 8
მაშინ გამოჩნდება ურჯულო, რომელსაც უფალი იესო გაანადგურებს თავის ბაგეთა მონაბერით და თავისი მოსვლის გამოცხადებით განაქარვებს
- 9
მას, ვისი მოსვლაც სატანის მოქმედებით იქნება, ყოველგვარი ყალბი ძალით, ნიშნებითა და სასწაულებით,
- 10
და უსამართლობის ყოველგვარი საცდურით დაღუპულთათვის, იმის გამო, რომ არ მიიღეს ჭეშმარიტების სიყვარული თავის სახსნელად.
- 11
ამიტომაც უგზავნის მათ ღმერთი მცდარ ქმედებას, რათა ყალბი იწამონ,
- 12
რომ განკითხულ იქნას ყველა, ვინც არ იწამა ჭეშმარიტება, მაგრამ მოიწონა უსამართლობა.
- 13
ჩვენ კი ყოველ ჟამს გვმართებს მადლიერება ღვთისადმი თქვენი გულისთვის, უფლის მიერ საყვარელო ძმებო, ვინაიდან დასაბამიდან ამოგირჩიათ ღმერთმა ხსნისთვის, სულით განწმედასა და ჭეშმარიტების რწმენაში,
- 14
რისთვისაც მოგიწოდათ თქვენ, ჩვენი სახარებით, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დიდების სამსახურად.
- 15
მაშ ასე, ძმებო, მტკიცედ იდექით და გეპყრათ გადმოცემები, რაშიც განისწავლეთ ჩვენი სიტყვით თუ წერილებით.
- 16
ხოლო თავად ჩვენმა უფალმა იესო ქრისტემ და ჩვენმა ღმერთმა და მამამ, რომელმაც შეგვიყვარა და მოგვცა მარადიული ნუგეში და კეთილი იმედი მადლით,
- 17
ანუგეშოს თქვენი გულები და განგამტკიცოთ ყოველ კეთილ საქმესა და სიტყვაში.