1 თესალონიკელთა 5
- 1
ხოლო დროზე და ვადებზე საჭირო არ არის რაიმე მოგწეროთ, ძმებო,
- 2
ვინაიდან თქვენ თვითონაც დანამდვილებით იცით, რომ უფლის დღე ისე მოვა, როგორც ქურდი ღამით.
- 3
რადგან როცა იტყვიან: მშვიდობა და უსაფრთხოებააო, მაშინ დაატყდებათ თავს მოულოდნელად განადგურება, როგორც ფეხმძიმეს მშობიარობის ტკივილები, და ვერ დააღწევენ თავს.
- 4
მაგრამ, თქვენ, ძმებო, სიბნელეში არ იმყოფებით, რომ ქურდივით წამოგეწიოთ დღე.
- 5
ვინაიდან თქვენ ყველანი სინათლის შვილები ხართ და დღის შვილები; არც ღამისანი ვართ და არც სიბნელისა.
- 6
ამიტომ ნუ დავიძინებთ, როგორც სხვები, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ.
- 7
ვინაიდან მძინარეებს ღამღამობით სძინავთ და ლოთები ღამით თვრებიან.
- 8
მაგრამ ჩვენ, რაკი დღის შვილები ვართ, ვიფხიზლოთ და შევიმოსოთ რწმენისა და სიყვარულის აბჯარი და ხსნის იმედის მუზარადი.
- 9
რადგან ღმერთმა რისხვისთვის კი არ დაგვადგინა, არამედ ხსნის მისაღებად ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მეშვეობით,
- 10
რომელიც ჩვენთვის მოკვდა, რათა ჩვენ, გვღვიძავს თუ გვძინავს, მასთან ერთად ვიცოცხლოთ.
- 11
ამიტომ შეაგონეთ ერთმანეთს, და აღაშენეთ ერთმანეთი, როგორც იქცევით კიდეც.
- 12
გთხოვთ ძმებო, პატივი ეცით მომსახურეთ თქვენ შორის, თქვენს წინამძღოლთ უფალში და თქვენს დამრიგებელთ;
- 13
უაღრესი სიყვარული გამოიჩინეთ მათდამი, მათი საქმის გამო; მშვიდობა გქონდეთ ერთმანეთში;
- 14
და, აჰა, შეგაგონებთ თქვენ, ძმებო, დაარიგეთ უწესონი, ანუგეშეთ სულმოკლენი, მხარი დაუჭირეთ უძლურებს და სულგრძელნი იყავით ყველას მიმართ.
- 15
თვალი გეჭიროთ, რომ ბოროტის წილ ვინმეს ბოროტი არავინ მიაგოს; არამედ მუდამ ეცადეთ სიკეთეს მისდიოთ, ერთმანეთის მიმართ იქნება ეს, თუ ყველას მიმართ.
- 16
იხარეთ მუდამ.
- 17
ილოცეთ განუწყვეტლივ.
- 18
მადლიერნი იყავით ყველაფრისთვის, რადგან ეს არის ღმერთის ნება თქვენთვის ქრისტე იესოში.
- 19
სულს ნუ ჩააქრობთ.
- 20
წინასწარმეტყველებას ნუ დაამცირებთ,
- 21
არამედ ყველაფერი გამოსცადეთ და კეთილს ჩაეჭიდეთ.
- 22
ერიდეთ ყოველგვარ ბოროტებას.
- 23
თავად მშვიდობის ღმერთმა კი წმიდაგყოთ სრულად და მთლიანად, რათა თქვენი სული, სამშვინველი და სხეული დაცულ იქნეს უბიწოდ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მოსვლისთვის.
- 24
ერთგულია, ვინც მოგიწოდათ, რომელიც აღასრულებს კიდეც ამას.
- 25
ძმებო, ილოცეთ ჩვენთვის.
- 26
მოიკითხეთ ყველა ძმა წმიდა ამბორით.
- 27
გაფიცებთ უფალს, ეს წერილი ყველა ძმას წაუკითხეთ.
- 28
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან, ამინ!