1 თესალონიკელთა 4
- 1
და ბოლოს, გთხოვთ ძმებო და შეგაგონებთ უფალ იესოში, რაც მიღებული გაქვთ ჩვენგან - თუ როგორ გმართებთ სიარული ღმერთის საამებლად - თუმცა ასეც იარებით, რომ კიდევ უფრო იუხვოთ ამაში.
- 2
რადგან იცით, რაც დაგავალეთ თქვენ უფალ იესოსგან,
- 3
ვინაიდან ღვთის ნებაა თქვენი განწმედა: სიძვას განერიდეთ!
- 4
რათა თითოეულმა თქვენგანმა იცოდეს თავისი ჭურჭლის შენახვა სიწმიდით და პატივით,
- 5
და არა გარყვნილების ავხორცობით, წარმართების მსგავსად, რომლებიც ღმერთს არ იცნობენ.
- 6
რათა არავინ გადავიდეს ზღვარს და ანგარებით არ მიუდგეს თავის ძმას საქმეში, ვინაიდან შურისმგებელია უფალი ყოველივე ამის გამო, როგორც ადრეც გითხარით და დაგიმოწმეთ.
- 7
რადგან ღმერთმა უწმიდურებისკენ კი არა, სიწმიდისკენ მოგვიწოდა.
- 8
ამიტომ უგულებელმყოფელი ამისა, არ უგულებელყოფს ადამიანს, არამედ - ღმერთს, რომელიც გაძლევთ თქვენ თავის სულიწმიდას.
- 9
ხოლო ძმათმოყვარეობაზე საჭირო არ არის თქვენთვის მოწერა, ვინაიდან ღვთის მიერ ხართ განსწავლულნი ერთიმეორის სიყვარულში.
- 10
რადგან ასევე იქცევით ყველა ძმის მიმართ მთელ მაკედონიაში, მაგრამ გთხოვთ ძმანო, უფრო მეტად იუხვოთ ამაში.
- 11
გულმოდგინედ ეცადეთ იცხოვროთ წყნარად; აკეთეთ თქვენი საქმე საკუთარი ხელით, როგორც ჩვენ დაგავალეთ.
- 12
რათა ღირსეულად დადიოდეთ გარეშეთა წინაშე და არაფრის საჭიროება არ გქონდეთ.
- 13
არ გვსურს, ძმებო, უცოდინარნი იყოთ განსვენებულთა შესახებ, რათა არ ინაღვლოთ სხვებივით, იმედი რომ არ გააჩნიათ.
- 14
ვინაიდან, თუ გვწამს, რომ იესო მოკვდა და აღდგა, მაშინ იესოში განსვენებულებსაც მოიყვანს ღმერთი მასთან ერთად.
- 15
რადგან ამას გეუბნებით თქვენ უფლის სიტყვისამებრ, რომ ჩვენ, ცოცხლად დარჩენილნი, უფლის მოსვლისას, განსვენებულებს ვერ დავასწრებთ.
- 16
ვინაიდან თვითონ უფალი ჩამოვა ციდან ბრძანების სიტყვით, მთავარანგელოზის ხმით და ღვთის საყვირით; და ჯერ ქრისტეში განსვენებულნი აღდგებიან;
- 17
შემდეგ კი ჩვენ, ცოცხლად დარჩენილები, მათთან ერთად ვიქნებით ატაცებულნი ღრუბლებში, რათა ჰაერში შევეგებოთ უფალს და ამგვარად, უფალთან ვიქნებით სამარადისოდ.
- 18
ამიტომ ანუგეშეთ ერთმანეთი ამ სიტყვებით.