კოლასელთა 3
- 1
ამრიგად, თუ ქრისტესთან ერთად აღსდექით, ეძიეთ რაც მაღლაა, სადაც ქრისტე ზის ღმერთის მარჯვნივ.
- 2
ზეციერზე იფიქრეთ და არა მიწიერზე.
- 3
ვინაიდან თქვენ დაიხოცეთ და თქვენი სიცოცხლე დაფარულია ქრისტესთან ღმერთში;
- 4
და როცა გამოჩნდება ქრისტე, თქვენი სიცოცხლე, მაშინ თქვენც გამოჩნდებით მასთან ერთად დიდებით.
- 5
მაშ, მოაკვდინეთ თქვენი მიწიერი ასოები: სიძვა, უწმინდურება, ვნება, ბოროტი გულისთქმა და ანგარება, რაც კერპთმსახურებაა.
- 6
რომელთა გამოც ღვთის რისხვა მოდის ურჩობის ძეებზე.
- 7
ოდესღაც თქვენც ასე დადიოდით, როცა მათში ცხოვრობდით.
- 8
ახლა კი განიშორეთ ეს ყოველივე: რისხვა, მძვინვარება, ბოროტება, გმობა, თქვენი ბაგეების ბილწსიტყვაობა.
- 9
ნუ იცრუებთ ერთიმეორის მიმართ, რადგან შემოძარცული გაქვთ ძველი კაცი მის საქმეებთან ერთად,
- 10
და შემოსილნი ხართ ახლით, რომელიც განახლებულია შემეცნებით მისი შემოქმედის ხატისამებრ,
- 11
სადაც არ არის არც ბერძენი, არც იუდეველი, არც წინადაცვეთა, არც წინადაუცვეთელობა, არ არის ბარბაროსი, სკვითი, მონა და თავისუფალი, არამედ ქრისტეა ყოველივე და ყოველივეში.
- 12
ამიტომ როგორც ღვთის რჩეულებმა, წმიდებმა და საყვარლებმა, შეიმოსეთ მოწყალება, სახიერება, თავმდაბლობა, სიმშვიდე, სულგრძელობა.
- 13
შეიწყნარეთ ერთიმეორე და მიუტევეთ ერთმანეთს, თუ ვინმესთან რაიმე სადავო აქვს ვინმეს: როგორც ქრისტემ მოგიტევათ, თქვენც ასევე მიუტევეთ.
- 14
და ყოველივე ამას დაურთეთ სიყვარული, რომელიც ყველაფერს აკავშირებს და სრულჰყოფს.
- 15
და ბატონობდეს თქვენს გულებში ქრისტეს მშვიდობა, რომლისკენაც ერთ სხეულად ხართ მოწოდებულნი; და იყავით მადლიერნი.
- 16
უხვად დამკვიდრდეს უფლის სიტყვა თქვენში სრული სიბრძნით; ასწავლეთ და შთააგონეთ ერთმანეთი ფსალმუნით, გალობით და სულიერი სადიდებლებით, და უგალობეთ ღმერთს თქვენს გულებში მადლიერებით.
- 17
რასაც არ უნდა აკეთებდეთ სიტყვით თუ საქმით, ყოველივე გააკეთეთ უფალ იესოს სახელით და მის მიერ მადლობდეთ ღმერთს.
- 18
ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალშია საკადრისი.
- 19
ქმრებო, გიყვარდეთ თქვენი ცოლები და ნუ იქნებით სასტიკნი მათ მიმართ.
- 20
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს ყველაფერში, ვინაიდან ასეა მოსაწონი უფალში.
- 21
მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, რათა გულები არ დაუძაბუნდეთ.
- 22
მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, არა მოჩვენებითი სამსახურით, როგორც კაცთმაამებლებმა, არამედ გულწრფელად, როგორც ღვთისმოშიშებმა.
- 23
ყოველივე, რასაც აკეთებთ, მთელი გულით გააკეთეთ, როგორც ღვთისთვის და არა კაცთათვის.
- 24
იცოდეთ, რომ მემკვიდრეობას მიიღებთ უფლისგან საზღაურად, ვინაიდან უფალ ქრისტეს ემსახურებით.
- 25
ხოლო, ვინც უსამართლოდ მოიქცევა, იგი მიიღებს თავისი უსამართლობისთვის; მასში არაა პირმოთნეობა.