კოლასელთა 2
- 1
მსურს იცოდეთ, რაოდენი ღვაწლი მაქვს თქვენზე, ლაოდიკიელებზე და ყველაზე, ვისაც ხორციელად არც უხილავს ჩემი სახე.
- 2
რათა ინუგეშონ სიყვარულით შეერთებულმა მათმა გულებმა სრულქმნილი გონიერების ყოველგვარი სიმდიდრის მისაღებად, რათა შეიცნონ ღვთისა და მამის, და ქრისტეს საიდუმლო,
- 3
რომელშიც სიბრძნისა და ცოდნის ყოველგვარი საუნჯეა დაფარული.
- 4
ამას იმიტომ გეუბნებით, რომ დამაჯერებელი მჭევრმეტყველებით არავინ შეგაცდინოთ.
- 5
ვინაიდან, თუმცა ხორციელად შორს ვარ თქვენგან, სულით თქვენთან ვიმყოფები და მიხარია, რომ ვხედავ თქვენს წესიერებას და თქვენი რწმენის სიმტკიცეს ქრისტეში.
- 6
ამიტომ როგორც მიიღეთ ქრისტე იესო უფალი, ასევე იარეთ მასში
- 7
ფესვგადგმულებმა და მასში აღშენებულებმა, როგორც გისწავლიათ, რწმენით გულდაჯერებულებმა, და გარდამეტებული მადლიერებით.
- 8
იფხიზლეთ, არავინ წარგატყვევოთ ფილოსოფიითა და ამაო ტყუილებით, ადამიანური გადმოცემებისა და სამყაროს სტიქიათა მიხედვით და არა ქრისტეს მიხედვით.
- 9
ვინაიდან სხეულებრივად მასშია დამკვიდრებული ღვთაებრიობის მთელი სისავსე;
- 10
და სრულქმნილნი ხართ მასში, ვინც ყოველი მთავრობისა და ხელმწიფების თავია.
- 11
რომელშიც წინადაცვეთილნიც ხართ ხელთუქმნელი წინადაცვეთით, ხორცის ცოდვილი ბუნების მოშორებით - ქრისტესმიერ წინადაცვეთაში.
- 12
მასთან ერთად დამარხულნი ნათლისღებაში - მასთანვე აღსდექით ღვთის მოქმედებისადმი რწმენით, რომელმაც მკვდრეთით აღადგინა იგი.
- 13
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით დანაშაულსა და თქვენი ხორცის წინადაუცვეთლობაში, გაგაცოცხლათ მასთან ერთად და მოგვიტევა ყველა შეცოდება.
- 14
გააუქმა ჩვენ წინააღმდეგ დებულებათა ხელწერილი, აიღო იგი შუაგულიდან და ჯვარს მიამსჭვალა.
- 15
განაიარაღა მთავრობანი და ხელმწიფებანი; საჯაროდ შეარცხვინა და ჯვრით იზეიმა მათზე გამარჯვება.
- 16
ამიტომ ნურავინ განგსჯით თქვენ საჭმლისა თუ სასმლისთვის, ან რაიმე დღესასწაულისთვის, ანდა ახალმთვარობისა და შაბათებისთვის.
- 17
ეს მომავლის ჩრდილია, სხეული კი ქრისტესია.
- 18
ნურავინ დაგაკარგინებთ ჯილდოს ცრუთავმდაბლობითა და ანგელოზებისთვის მსახურებით, ვინც ეპოტინება იმას, რაც არ უნახავს და ფუჭად მედიდურობს თავისი ხორციელი გონებით;
- 19
არ ეჭიდება თავს, რომლისგანაც არის მთელი სხეული, სახსრებითა და კავშირებით შეერთებული და უზრუნველყოფილი, და იზრდება ღვთიური ზრდით.
- 20
თუ ქრისტესთან ერთად მოუკვდით წუთისოფლის სტიქიებს, წუთისოფელში მცხოვრებთა მსგავსად რაღად ემორჩილებით მათ:
- 21
- ნუ მიეკარები, ნუ იგემებ, ნუ შეეხები, -
- 22
და რადგან ეს ყველაფერი კაცთა დადგენილებებისა და მოძღვრების მიხედვითაა, მათ გამოყენებას ხრწნილება მოაქვს,
- 23
ყოველივე ამას მხოლოდ გარეგანი სახე აქვს სიბრძნისა; თვითნებურ მსახურებასა და თავმდაბლობაში, და სხეულის დაძაბუნებით - არა რაიმე ღირსებისათვის, არამედ ხორცის დასაკმაყოფილებლად.