კოლასელთა 4
- 1
ბატონებო, სწორად და სამართლიანად მოეპყარით მონებს, იცოდეთ, რომ თქვენც გყავთ უფალი ზეცაში.
- 2
იყავით მტკიცენი ლოცვაში და მადლიერებით იფხიზლეთ მასში.
- 3
ჩვენთვისაც ილოცეთ, რათა სიტყვის კარი გაგვიღოს ღმერთმა, ქრისტეს საიდუმლოს საუწყებლად, რისთვისაც შებორკილი ვარ,
- 4
რათა ისე გავაცხადო იგი, როგორც მმართებს, რომ ვაუწყო.
- 5
ბრძნულად მოიქეცით გარეშეთა მიმართ და გამოისყიდეთ დრო.
- 6
ყოველთვის მადლიანი იყოს თქვენი სიტყვა, მარილით შეზავებული, რათა იცოდეთ, ვის რა პასუხი გასცეთ.
- 7
ჩემს შესახებ ყველაფერს გაცნობებთ ტვიქიკოსი, საყვარელი ძმა, ერთგული მსახური და თანამონა უფალში,
- 8
რომელიც იმისთვის გამოგიგზავნეთ, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და ნუგეში სცეს თქვენს გულებს
- 9
ონისიმესთან, ერთგულ და საყვარელ ძმასთან ერთად, რომელიც თქვენიანია: ისინი გიამბობენ აქაურ ამბებს.
- 10
მოკითხვას გითვლით არისტარქოსი, ჩემთან ერთად მყოფი ტყვეობაში, და მარკოზი, ბარნაბას დისწული, რომლის შესახებაც მოგივიდათ უწყება: თუ მოვიდეს თქვენთან, მიიღეთ-მეთქი.
- 11
ასევე იესო, იუსტოსად წოდებული, ორივე წინადაცვეთილთაგანია; მხოლოდ ესენი თანაიღწვოდნენ ღვთის სამეფოსთვის, რომლებიც ნუგეშისცემად მექცნენ.
- 12
მოკითხვას გითვლით თქვენიანი ეპაფრა, ქრისტე იესოს მონა, რომელიც მუდამ იღწვის თქვენთვის ლოცვებში, რათა მოწიფულნი და მტკიცედ დაჯერებულნი წარსდგეთ ღვთის სრულ ნებაში.
- 13
რადგან, ვმოწმობ მასზე, რომ დიდი გულშემატკივარია თქვენი და მათი, ვინც ლაოდიკიასა და იერაპოლშია.
- 14
მოგიკითხავენ საყვარელი მკურნალი ლუკა და დემასი.
- 15
მოიკითხეთ ლაოდიკიელი ძმები, ნიმფა და მისი საშინაო ეკლესია.
- 16
როცა ამ წერილს წაიკითხავენ თქვენთან, ისე მოიქეცით, რომ ლაოდიკიელთა ეკლესიაშიც წაიკითხონ, ხოლო რომელიც ლაოდიკიელთათვისაა გაგზავნილი, თქვენც წაიკითხეთ.
- 17
უთხარით არქიპოსს: ფხიზლად იყავი, რომ უფლისგან მიღებული მსახურება შეასრულო-თქო!
- 18
მოკითხვა ჩემი, პავლეს ხელით. გახსოვდეთ ჩემი ბორკილები. მადლი თქვენთან, ამინ!