ფილიპელთა 1
- 1
პავლე და ტიმოთე, იესო ქრისტეს მონები, ყველა წმიდას ქრისტე იესოში, ფილიპეში რომ იმყოფებიან, ეპისკოპოსებითა და დიაკვნებით:
- 2
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფლის იესო ქრისტესგან.
- 3
მადლობას ვუხდი ჩემს ღმერთს ყოველ თქვენს გახსენებაზე.
- 4
ყოველ ჩემს ვედრებაში სიხარულით ვლოცულობ ყოველი თქვენგანისთვის,
- 5
სახარებაში თქვენი თანამონაწილეობისთვის, პირველი დღიდან აქამდე.
- 6
და დარწმუნებული ვარ, რომ ის, ვინც დაიწყო თქვენში კეთილი საქმე, დაასრულებს კიდეც იესო ქრისტეს დღემდე.
- 7
ასეც მმართებს ფიქრი ყოველ თქვენგანზე, რადგან გულში მყავხართ, ბორკილებში ვიქნები თუ სახარების დაცვასა და მის განმტკიცებაში, რადგან ყველანი ჩემი თანაზიარნი ხართ მადლში.
- 8
ვინაიდან ღმერთია მოწმე, რომ ყველანი მიყვარხართ იესო ქრისტეს სიყვარულით
- 9
და ვლოცულობ, რომ თქვენი სიყვარული სულ უფრო იზრდებოდეს შემეცნებასა და ყოველივეს აღქმაში.
- 10
რათა გამოსცადოთ უმჯობესი და იყოთ წრფელნი და უმანკონი ქრისტეს დღეს.
- 11
სიმართლის ნაყოფით აღვსილნი იესო ქრისტეს მიერ, ღვთის საქებრად და სადიდებლად.
- 12
ძმებო, მსურს იცოდეთ, რომ ჩემს თავს გადამხდარი სახარების დიდ წარმატებას ემსახურებოდა.
- 13
ისე, რომ ჩემი ბორკილები ქრისტეში ცნობილი გახდა პრეტორიუმისა და ყველა დანარჩენისთვისაც.
- 14
და ძმათა უმრავლესობა უფალში გამხნევდა ჩემი ბორკილებით და გაბედა, რომ უფრო თამამად და უშიშრად ელაპარაკა ღმერთის სიტყვა.
- 15
თუმცა ზოგიერთი შურითა და ჯიბრით, ზოგი კი კეთილი განზრახვით ქადაგებს ქრისტეს.
- 16
ერთნი სიყვარულით, რადგან იციან, რომ სახარების დასაცავად ვარ დაყენებული,
- 17
მეორენი კი ჯიბრით, არაწმიდად ქადაგებენ ქრისტეს, რადგან ფიქრობენ, რომ ამით ჭირს მიუმატებენ ჩემს ბორკილებს.
- 18
მერედა რა? პირმოთნეობით იქნება თუ გულწრფელად, ქრისტე იქადაგება და ეს არის ჩემი სიხარული.
- 19
ვინაიდან ვიცი, რომ ეს ყველაფერი ჩემს ხსნად მომიბრუნდება, თქვენი ლოცვითა და იესო ქრისტეს სულის შეწევნით.
- 20
ველოდები და ვიმედოვნებ, რომ არაფერში შევრცხვები, არამედ მთელი სითამამით, როგორც ყოველთვის, ისე ახლაც განდიდდება ქრისტე ჩემს სხეულში - სიცოცხლით იქნება თუ სიკვდილით,
- 21
რადგან ჩემთვის სიცოცხლე ქრისტეა და სიკვდილი - მონაგები.
- 22
თუ სხეულში ცხოვრება ნაყოფს შემატებს ჩემს საქმეს, არ ვიცი, რა ამოვირჩიო.
- 23
ორივე მიზიდავს: მსურს წავიდე და ვიყო ქრისტესთან, რაკი ეს ბევრად უკეთესია.
- 24
მაგრამ სხეულში დარჩენა უფრო მეტად თქვენთვის არის საჭირო.
- 25
მე კი დანამდვილებით ვიცი, რომ დავრჩები და ყველა თქვენგანთან ვიქნები თქვენი წარმატებისა და რწმენის სიხარულისთვის,
- 26
რათა ჩემი მეშვეობით გამრავლდეს თქვენი ქება ქრისტე იესოში, როცა კვლავ მოვალ თქვენთან.
- 27
ოღონდ მოიქეცით ქრისტეს სახარების ღირსად, რათა - მოვალ და გნახავთ, თუ ვერ მოვალ, - მესმოდეს თქვენზე, რომ მყარად დგახართ ერთ სულში და ერთსულოვნად იღწვით სახარების რწმენისთვის.
- 28
ნურაფერში შეუშინდებით მოწინააღმდეგეს, ეს მათთვის დაღუპვის ნიშანია, თქვენთვის კი - ხსნისა, და ეს ღვთისგან არის.
- 29
ვინაიდან ქრისტეს გულისთვის მარტო რწმენა კი არ მოგეცათ, არამედ ტანჯვაც მისთვის,
- 30
იღწვით რა იგივენაირად, ჩემში რომ ნახეთ და ახლაც გესმით ჩემზე.