ეფესელთა 6
- 1
შვილებო, დაემორჩილეთ თქვენს მშობლებს უფალში, ვინაიდან ეს სამართლიანია.
- 2
პატივი მიაგე შენს მამას და დედას, - ეს არის პირველი მცნება აღთქმით,
- 3
რათა მოგეცეს სიკეთე და დღეგრძელი იყო დედამიწაზე.
- 4
თქვენც მამებო, ნუ გააღიზიანებთ თქვენს შვილებს, არამედ აღზარდეთ ისინი უფლის მოძღვრებითა და დარიგებით.
- 5
მონებო, შიშითა და ძრწოლით დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, გულწრფელად, როგორც ქრისტეს.
- 6
არა თვალის ასახვევად, როგორც პირმოთნენი, არამედ როგორც ქრისტეს მონები, რომლებიც გულით ასრულებენ ღვთის ნებას.
- 7
გულითადად, როგორც უფლისთვის და არა ადამიანთათვის.
- 8
იცოდეთ, რომ ყველა, ვინც სიკეთეს სჩადის, მასვე მიიღებს უფლისგან, მონა იქნება ის, თუ თავისუფალი.
- 9
და თქვენც, ბატონებო, ასევე მოექეცით მათ, თავი შეიკავეთ მუქარისგან და იცოდეთ, რომ მათაც და თქვენც ბატონი გყავთ ცაში და მის წინაშე არ არსებობს პირმოთნეობა.
- 10
დასასრულს, ჩემო ძმებო, გამაგრდით უფლით და მისი ძალის სიმტკიცით.
- 11
შეიმოსეთ ღვთის სრული საჭურველი, რათა შეძლოთ წინაღუდგეთ ეშმაკის ხრიკებს.
- 12
რადგან ჩვენი ბრძოლა არ არის სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელმწიფებათა წინააღმდეგ, ამ სიბნელის სამყაროს მპყრობელთა წინააღმდეგ, ცისქვეშეთის ბოროტების სულთა წინააღმდეგ.
- 13
ამიტომ ხელი მოჰკიდეთ ღვთის სრულ საჭურველს, რათა შეძლოთ შეწინააღმდეგება ბოროტ დღეს; და ყველაფრის გადამლახველებმა გაძლოთ.
- 14
მაშ, იდექით ჭეშმარიტებით წელშემოსარტყლულნი და სიმართლის ჯავშნით შემოსილები.
- 15
და ფეხშემოსილნი მზადყოფნაში მშვიდობის სახარებლად.
- 16
და ყოველივე ამასთან ერთად აიღეთ რწმენის ფარი, რომლითაც შეძლებთ ბოროტის გავარვარებული ისრების ჩაქრობას.
- 17
აიღეთ ხსნის მუზარადი და სულის მახვილი, რომელიც არის ღმერთის სიტყვა.
- 18
ყოველგვარი ლოცვით და ვედრებით ილოცეთ ყოველ ჟამს სულით და ამაზე იფხიზლეთ მთელი დაჟინებით და ლოცვით ყველა წმიდასთვის;
- 19
ჩემთვისაც, რათა მომეცეს სიტყვა - ჩემი პირით თამამად ვაუწყო სახარების საიდუმლო,
- 20
რომლის დესპანიცა ვარ ბორკილებში, რათა თამამად ვილაპარაკო, რისი თქმაც მმართებს.
- 21
რათა თქვენც იცოდეთ ჩემი გარემოებანი და საქმეები, ყოველივეს ტვიქიკოსი გაუწყებთ, საყვარელი ძმა და ერთგული მსახური უფალში.
- 22
რომელიც სწორედ იმიტომ გამოვგზავნე თქვენთან, რომ შეიტყოთ ჩვენი ამბავი და მანაც ანუგეშოს თქვენი გულები.
- 23
მშვიდობა ძმებს და სიყვარული რწმენასთან ერთად, მამა ღმერთისგან და უფალ იესო ქრისტესგან.
- 24
მადლი იყოს ყველასთან, ვისაც უხრწნელი სიყვარულით უყვარს ჩვენი უფალი იესო ქრისტე. ამინ!