ფილიპელთა 2
- 1
მაშ, თუ არის რაიმე ნუგეშისცემა ქრისტეში, თუ არის სიყვარულით გამხნევება, თუ არის სულის მოზიარეობა, თუ არის გულითადობა და თანაგრძნობა,
- 2
სრულქმენით ჩემი სიხარული: ერთსა და იმავეს იზრახავდეთ, გქონდეთ ერთი და იგივე სიყვარული, იყავით ერთსულოვანნი და ერთაზროვანნი.
- 3
არაფერი გააკეთოთ ანგარებით ან პატივმოყვარეობით, არამედ თავმდაბლობით; საკუთარ თავზე მეტად შერაცხეთ ერთმანეთი.
- 4
თითოეული მარტო თავის თავზე კი ნუ იზრუნებს, არამედ სხვებზეც.
- 5
ის ზრახვანი იქონიეთ თქვენში, რაც ქრისტე იესოშია,
- 6
მან, თუმცა ღვთის ხატება იყო, მისატაცებელ რამედ არ ჩათვალა ღვთის თანასწორად ყოფნა,
- 7
არამედ წარმოიცარიელა თავი მონის ხატება რომ მიიღო, გახდა რა მსგავსი ადამიანებისა.
- 8
აღმოჩნდა რა ადამიანის სხეულში, თავი დაიმდაბლა და მორჩილი გახდა სიკვდილამდე და თანაც ჯვარცმით სიკვდილამდე.
- 9
ამიტომ ღმერთმაც აღამაღლა იგი და მიანიჭა მას ყველა სახელზე უზენაესი სახელი.
- 10
რათა იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და მიწისქვეშეთესამ;
- 11
და ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღმერთის სადიდებლად.
- 12
ამიტომ, ჩემო საყვარელნო, როგორც ყოველთვის, იყავით მორჩილნი, არა მარტო მაშინ, როცა მანდ ვარ, არამედ უფრო მეტად ახლა, როცა მანდ არა ვარ. შიშითა და ძრწოლით იღვაწეთ თქვენს სახსნელად,
- 13
რადგან ღმერთი ბადებს თქვენში სურვილსაც და მოქმედებასაც მისი სათნოებისამებრ.
- 14
ყველაფერი წუწუნის გარეშე და უყოყმანოდ გააკეთეთ.
- 15
რათა შეიქნათ უბიწონი და სუფთანი, ღვთის შეუბილწავი შვილები ჭირვეულ და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ისე ანათებთ, როგორც მნათობები სამყაროში;
- 16
სიცოცხლის სიტყვის მპყრობელნი, რათა დავიკვეხნო ქრისტეს დღეს, რომ ამაოდ არ დავრბოდი და ამაოდ არ ვიღწვოდი.
- 17
მაგრამ, თქვენი რწმენის მსხვერპლად და სამსახურადაც რომ დავიღვარო, მიხარია და თანაზიარი ვარ თქვენი სიხარულისა.
- 18
ჰოდა, თქვენც გაიხარეთ და გაიზიარეთ ჩემი სიხარული.
- 19
ვიმედოვნებ უფალ იესოში, მალე გამოგიგზავნოთ ტიმოთე, რათა გავმხნევდე თქვენი ამბის შეტყობით.
- 20
ვინაიდან არავინ მყავს ისეთი თანამოაზრე, მასავით მუყაითად რომ ზრუნავდეს თქვენზე.
- 21
რადგან ყველანი თავისას ეძებენ და არა იმას, რაც იესო ქრისტესია.
- 22
თქვენ კი იცით რომ გამოიცადა იგი, რადგან როგორც შვილი მამასთან, ისე შრომობდა ჩემთან ერთად სახარებისთვის.
- 23
იმედი მაქვს, რომ მალე გამოგიგზავნით მას, როგორც კი ვნახავ, როგორ იქნება ჩემი საქმე.
- 24
დარწმუნებული ვარ უფალში, რომ თავადაც მალე მოვალ თქვენთან.
- 25
საჭიროდ მივიჩნევ გამოგიგზავნოთ ეპაფროდიტე, ჩემი ძმა, თანამშრომელი და თანამებრძოლი, იგივე თქვენი მოციქული და მსახური ჩემი საჭიროებისთვის.
- 26
რადგანაც ძალიან სურდა ყველა თქვენგანის ხილვა და დარდობდა, რომ შეიტყვეთ მისი ავადმყოფობა.
- 27
ვინაიდან დაავადდა და სიკვდილის პირზეც იყო, მაგრამ ღმერთმა შეიწყალა იგი და არა მარტო იგი, არამედ მეც, რათა მწუხარება მწუხარებაზე არ მქონოდა.
- 28
ამიტომ მწყუროდა მისი გამოგზავნა თქვენთან, რათა გენახათ და კვლავ გაგეხარათ, და მეც დარდი მომკლებოდა.
- 29
აბა, მიიღეთ იგი ყოველგვარი სიხარულით უფალში და პატივისცემით მოეპყარით მისთანებს.
- 30
ვინაიდან ქრისტეს საქმისთვის საფრთხეში ჩაიგდო სიცოცხლე და სიკვდილს მიუახლოვდა, რათა შეევსო ჩემდამი თქვენი სამსახურის უკმარისობა.