ეფესელთა 1
- 1
პავლე, იესო ქრისტეს მოციქული ღვთის ნებით, ეფესოში მყოფ წმიდანებს და ერთგულებს იესო ქრისტეში:
- 2
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
- 3
კურთხეულია ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთი და მამა, რომელმაც გვაკურთხა ქრისტეში ყოველგვარი სულიერი კურთხევით ზეცაში,
- 4
როგორც ამოგვირჩია მასში ქვეყნიერების შექმნამდე, რათა წმიდანი და უბიწონი ვყოფილიყავით მის წინაშე სიყვარულით.
- 5
წინასწარ განსაზღვრა, რომ ვეშვილებინეთ იესო ქრისტეს მეშვეობით, თავისი ნების სათნოებისამებრ.
- 6
თავისი მადლის დიდების საქებრად, რომელიც მადლით მოგვანიჭა თავის საყვარელ ძეში,
- 7
რომელშიც გვაქვს გამოსყიდვა მისი სისხლით, ცოდვების მიტევება მისივე მადლის სიმდიდრით,
- 8
რომელიც უხვად მოგვცა. ყოველგვარი სიბრძნითა და გონიერებით,
- 9
გვაუწყა რა თავისი ნების საიდუმლო თავისი სურვილით, წინასწარ რომ განიზრახა მასში.
- 10
რათა განეგო ჟამთა სისავსე და ქრისტეში მოეყარა თავი ყოველივეს, რაც ცაშია და რაც დედამიწაზეა;
- 11
მასში მივიღეთ მემკვიდრეობა, რისთვისაც წინასწარვე ვიყავით განწესებულნი მისი განზრახვის თანახმად, ვინც ყოველივეს თავისი ნება-სურვილით იქმს.
- 12
რათა ვიყოთ მისი დიდების საქებრად ჩვენ, რომელთაც წინასწარ გვქონდა ქრისტეს იმედი.
- 13
მასში ხართ თქვენც, ვინც მოისმინეთ ჭეშმარიტების სიტყვა, თქვენი გადარჩენის სახარება, იწამეთ იგი და დაიბეჭდეთ აღთქმული სულიწმიდით,
- 14
რომელიც ჩვენი მემკვიდრეობის საწინდარია ქონების გამოსყიდვაში, ღმერთის დიდების საქებრად.
- 15
ამიტომ მეც, როცა შევიტყვე თქვენი რწმენა უფალ იესოში და თქვენი სიყვარული ყველა წმიდანის მიმართ,
- 16
არ ვწყვეტ ღვთისადმი მადლიერებას თქვენთვის, გიხსენებთ რა ჩემს ლოცვებში,
- 17
რათა მოგცეთ თქვენ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ღმერთმა, დიდების მამამ, სიბრძნისა და გამოცხადების სული მის შესაცნობად,
- 18
და გაანათლოს თქვენი გონების თვალნი, რათა იცოდეთ, რა არის მისი მოწოდების იმედი და როგორია მისი დიდებული მემკვიდრეობის სიმდიდრე წმიდათათვის;
- 19
და რა განუზომელია მისი ძალის სიდიადე ჩვენში, რომელთაც გვწამს მისი ყოვლისმპყრობელი ძალის მოქმედებით,
- 20
რომლითაც იმოქმედა ქრისტეში, მკვდრეთით აღადგინა და დასვა თავის მარჯვნივ ზეცაში;
- 21
ყველა მთავრობაზე, ხელმწიფებაზე, ძალაზე, უფლებაზე და ყოველგვარ სახელზე მაღლა, რაც კი წოდებულა არა მარტო ამ წუთისოფელში, არამედ მომავალშიც.
- 22
და ყოველივე დაამხო მის ფერხთა ქვეშ და დაუმორჩილა, და ის დაადგინა ყოველივეზე მაღლა, თავად ეკლესიისა,
- 23
რომელიც მისი სხეულია, სისრულე აღმავსებლისა ყოველივესი ყოველივეში.