ეფესელთა 2
- 1
და თქვენც, მკვდრები რომ იყავით თქვენი დანაშაულითა და ცოდვებით,
- 2
რაშიც ოდესღაც დადიოდით ამ წუთისოფლის წესისამებრ, ჰაერის ძალთა მთავრისა და იმ სულის სურვილისამებრ, ამჟამად ურჩ ძეებში რომ მოქმედებს.
- 3
რომელშიც ოდესღაც ჩვენც მიმოვდიოდით ყველანი, ჩვენი ხორციელი გულისთქმებით და ვასრულებდით ხორცისა და გულის ზრახვათა ნებას, და ბუნებით რისხვის შვილები ვიყავით, როგორც დანარჩენები.
- 4
ხოლო წყალობით მდიდარმა ღმერთმა, თავის დიდ სიყვარულში, რომლითაც შეგვიყვარა,
- 5
ჩვენ, დანაშაულის გამო მკვდრები, გაგვაცოცხლა ქრისტესთან ერთად - მადლით ხართ გადარჩენილნი,
- 6
აღგვადგინა მასთან ერთად და თანადაგვსხა ზეცაში, ქრისტე იესოში,
- 7
რათა გამოჩნდეს მომავალ საუკუნეებში მისი მადლის გარდამეტებული სიმდიდრე ჩვენდამი მოწყალებით ქრისტე იესოში.
- 8
ვინაიდან მადლით ხართ გადარჩენილნი, რწმენის მეშვეობით, და ეს თქვენგან კი არაა, არამედ ღვთის საჩუქარია.
- 9
არა საქმეთაგან, რათა არავინ დაიკვეხნოს,
- 10
ვინაიდან მისი ქმნილებანი ვართ, ქრისტე იესოში შექმნილნი, კეთილი საქმეებისთვის, რომლებიც წინასწარ გაგვიმზადა ღმერთმა, რათა ამ საქმეებში ვიაროთ.
- 11
ამიტომ გახსოვდეთ, თქვენ - ოდესღაც ხორციელად წარმართნი, რომელთაც წინადაუცვეთელებს გიწოდებდნენ ისინი, ვისაც წინადაცვეთილნი ერქვათ ხორცის წინადაცვეთით, რაც კაცის ხელით სრულდებოდა -
- 12
იმ დროს ქრისტეს გარეშე იყავით, ისრაელის კრებულისგან გაუცხოებულნი, აღთქმის მცნებათათვის უცხონი, იმედი არ გაგაჩნდათ და უღმერთონი იყავით წუთისოფელში.
- 13
ახლა კი იესო ქრისტეში მყოფნი, თქვენ, ოდესღაც შორეულნი, ახლობლები გახდით ქრისტეს სისხლის მეშვეობით.
- 14
ვინაიდან ის არის ჩვენი მშვიდობა, რომელმაც ორი ერთად აქცია და დაანგრია მათ შუა აღმართული ზღუდე.
- 15
თავისი სხეულით გააუქმა მტრობა - მცნებებისა და დებულებების კანონი - რათა ორისგან ერთი ახალი კაცი შეექმნა თავის თავში და მშვიდობა დაემყარებინა;
- 16
და ორთავე ერთ სხეულში ჯვრის მეშვეობით შეერიგებინა ღმერთთან, მტრობის მოკვდინებით მასში.
- 17
მოვიდა და მშვიდობა გახარათ თქვენ - შორეულთ და ახლობელთ.
- 18
ვინაიდან მისი მეშვეობით ორივეს გვაქვს მამასთან მისადგომი ერთი სულით.
- 19
მაშასადამე, თქვენ, უკვე აღარ ხართ ხიზნები და უცხონი, არამედ წმიდათა თანამოქალაქენი და ღვთის სახლეულნი,
- 20
შენდებით რა მოციქულთა და წინასწარმეტყველთა საძირკველზე, სადაც თვითონ ქრისტე იესოა ქვაკუთხედი,
- 21
რომელზეც მთელი შენობა, ერთად შერწყმული იზრდება წმიდა ტაძრად უფალში,
- 22
რომელშიც თქვენც შენდებით, რათა იყოთ ღვთის სამკვიდრებელი სულში.