გალატელთა 6
- 1
ძმებო! თუნდაც ჩავარდეს კაცი რომელიმე შეცოდებაში, თქვენ, სულიერებმა, გამოასწორეთ იგი თავმდაბლობის სულით; ყველამ თავის თავზე იფხიზლოს, რომ არ ჩავარდეს განსაცდელში.
- 2
ზიდეთ ერთმანეთის ტვირთი და ასე აღასრულებთ ქრისტეს რჯულს.
- 3
ვინაიდან, ვისაც ჰგონია რომ რაიმეს წარმოადგენს და არაფერიც არ არის, თავს იტყუებს.
- 4
ამიტომ, ყველამ თავისი საქმე გამოსცადოს და მაშინ ექნება საკვეხნი, მხოლოდ საკუთარ თავთან და არა სხვასთან.
- 5
რადგან ყველა თავის ტვირთს ატარებს.
- 6
სიტყვაში დამოძღვრილი ყოველივე სასიკეთოს უზიარებდესდამმოძღვრავს.
- 7
ნუ ცდუნდებით, ღმერთი დასაცინი არ ხდება, ვინაიდან, რასაც თესავს კაცი, იმას იმკის!
- 8
ვინც თავის ხორცისთვის თესავს, ხორცისგან მოიმკის ხრწნილებას, ხოლო ვინც სულისთვის თესავს, სულისგან მოიმკის მარადიულ სიცოცხლეს.
- 9
სიკეთის კეთება ნუ მოგწყინდებათ, რადგან თავის დროზე მოვიმკით თუ არ მოვიქანცებით!
- 10
მაშასადამე, სანამ დრო გვაქვს, ყველასთვის კეთილი ვაკეთოთ; განსაკუთრებით კი მათთვის, ვინც მორწმუნეა.
- 11
ნახეთ, რამხელა ასოებით მოგწერეთ ჩემი ხელით.
- 12
ხორციელად განდიდების მსურველნი წინადაცვეთას მხოლოდ იმიტომ გაიძულებენ, რომ ქრისტეს ჯვრისთვის არ იქნენ დევნილნი.
- 13
ვინაიდან თვით წინადაცვეთილნიც არ იცავენ რჯულს, თუმცა უნდათ, რომ წინადაიცვითოთ, რათა თქვენი ხორცით დაიკვეხნონ.
- 14
მე კი ნუმც დამეკვეხნოს, თუ არა ჩვენი უფლის იესო ქრისტეს ჯვრით, რითაც წუთისოფელი ჩემთვის არის ჯვარცმული, მე კი - წუთისოფლისთვის.
- 15
ვინაიდან ქრისტე იესოში არაფერს ნიშნავს არც წინადაცვეთა და არც წინადაუცვეთლობა, არამედ მხოლოდ ახალი ქმნილება.
- 16
ვინც ამ წესში ივლის, მშვიდობა და წყალობა მათზე და ღმერთის ისრაელზე.
- 17
ამიერიდან ნუღარავინ შემაწუხებს, რადგან უფალ იესოს ჭრილობებს ვატარებ ჩემს სხეულში.
- 18
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი თქვენს სულთან, ძმებო, ამინ!