რომაელთა 16
- 1
აჰა, წარმოგიდგენთ ჩვენს დას ფებეს, რომელიც არის კენქრელთა ეკლესიის მსახური,
- 2
რათა მიიღოთ იგი უფალში, როგორც წმიდანებს შეეფერება, და დაეხმაროთ ყველაფერში, რაც თქვენთან დაჭირდება, ვინაიდან ისიც ბევრის შემწე იყო და პირადად ჩემიც.
- 3
მოიკითხეთ პრისკილა და აკვილა, ჩემი თანამშრომელნი ქრისტე იესოში,
- 4
რომელთაც თავი დასდეს ჩემი სიცოცხლისთვის და რომელთაც არა მარტო მე ვემადლიერები, არამედ წარმართთა ყველა ეკლესია და მათი საშინაო ეკლესიაც.
- 5
მოიკითხეთ ჩემი საყვარელი ეპენეტოსი, რომელიც აზიაში პირველი ნაყოფია ქრისტესათვის.
- 6
მოიკითხეთ მარიამი, რომელმაც ბევრი იშრომა თქვენთვის.
- 7
მოიკითხეთ ანდრონიკე და იუნია, ჩემი ნათესავები და ჩემი თანატყვეები, რომლებიც განთქმულნი არიან მოციქულებს შორის და ჩემზე უწინაც იყვნენ ქრისტეში.
- 8
მოიკითხეთ ამპლიასი, ჩემი საყვარელი უფალში.
- 9
მოიკითხეთ ურბანოსი, ჩვენი თანამშრომელი ქრისტეში, და ჩემი საყვარელი სტაქისი.
- 10
მოიკითხეთ ქრისტეში გამოცდილი აპელესი. მოიკითხეთ არისტობულეს სახლეული.
- 11
მოიკითხეთ ჩემი ნათესავი იროდიონი; მოიკითხეთ ნარკისუსის სახლეულნი, უფალში მყოფნი.
- 12
მოიკითხეთ უფალში მშრომელები, ტრიფენა და ტრიფოსასი. მოიკითხეთ საყვარელი პერსიდა, რომელმაც ბევრი იშრომა უფალში.
- 13
მოიკითხეთ უფალში რჩეული რუფუსი და დედა მისი და ჩემი.
- 14
მოიკითხეთ ასვინკრიტესი, ფლეგონი, ერმესი, პატრობასი, ჰერმასი, და მათთან მყოფი ძმები.
- 15
მოიკითხეთ ფილოლოგოსი და იულია, ნირეასი და მისი და, ოლიმპასი და მათთან მყოფი ყველა წმიდა.
- 16
მოიკითხეთ ერთმანეთი წმიდა ამბორით. მოგიკითხავთ ქრისტეს ყველა ეკლესია.
- 17
გემუდარებით ძმანო, მოერიდეთ მათ, ვინც განხეთქილებასა და საცდურს ქმნის წინააღმდეგ იმ მოძღვრებისა, რომელიც თქვენ ისწავლეთ, და ზურგი აქციეთ მათ;
- 18
ვინაიდან ასეთი ადამიანები ემსახურებიან არა ჩვენს უფალ იესო ქრისტეს, არამედ თავიანთ მუცელს და ლამაზი სიტყვებით და მოფერებით აცდენენ უმანკოთა გულებს.
- 19
რადგან ყველასათვის ცნობილია თქვენი მორჩილება, ვხარობ თქვენ გამო, მაგრამ მინდა, რომ ბრძენნი იყოთ სიკეთისათვის და უბრალონი ბოროტისათვის.
- 20
ხოლო მშვიდობის ღმერთი მალე თქვენს ფერხთით შემუსრავს სატანას. ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი თქვენთან. ამინ!
- 21
მოკითხვას გითვლიან ჩემი თანამშრომელი ტიმოთე და ჩემი ნათესავები ლუკიოსი, იასონი, და სოსიპატროსი.
- 22
მოკითხვას გითვლით უფალში ტერტოსი, რომელმაც დავწერე ეს წერილი.
- 23
მოკითხვას გითვლიან ჩემი მასპინძელი გაიოზი და მთელი ეკლესია. მოკითხვას გითვლიან ქალაქის ხაზინადარი ერასტოსი და ძმა კუარტოსი.
- 24
ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მადლი ყოველ თქვენგანთან. ამინ!
- 25
ხოლო - მას, ვისაც ძალუძს თქვენი განმტკიცება, ჩემი სახარების და იესო ქრისტეს ქადაგების მიხედვით, იმ საიდუმლოს გამოცხადებით, რომელიც მიდუმებული იყო საუკუნეთაგან,
- 26
ახლა კი გაცხადდა წინასწარმეტყველური წერილებით და მარადიული ღვთის ბრძანებით ეუწყა ყველა ერს, რომ დაემორჩილონ რწმენას -
- 27
ერთადერთ ბრძენ ღმერთს, იესო ქრისტეს მეშვეობით, დიდება უკუნითი უკუნისამდე. ამინ!