რომაელთა 15
- 1
ხოლო ჩვენ, ძლიერთ, გვმართებს ვზიდოთ უსუსურთა უძლურება და არ ვეძებოთ საკუთარი თავის სიამე.
- 2
ყოველი ჩვენგანი უნდა აამებდეს თავის მოყვასს სასიკეთოდ, ასაშენებლად.
- 3
ვინაიდან ქრისტეც არ ეძებდა სიამეს თავისთვის, არამედ როგორც წერია: "შენი მლანძღველების ლანძღვა დამატყდა მე”.
- 4
რადგან ყოველივე, რაც წინათ დაიწერა, ჩვენს სასწავლებლად დაიწერა, რათა მოთმინებით და წერილთა ნუგეშით გვქონდეს იმედი.
- 5
მოთმინებისა და ნუგეშის ღმერთმა კი მოგცეთ თქვენ ერთსულოვნება ერთმანეთში ქრისტე იესოს მიერ,
- 6
რათა ერთსულოვნად, ერთი პირით ადიდოთ ღმერთი, ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს მამა.
- 7
ამიტომ მიიღეთ ერთმანეთი ისევე, როგორც ქრისტემ მიგიღოთ, ღვთის სადიდებლად.
- 8
ხოლო მე ვამბობ, რომ ქრისტე, ღმერთის ჭეშმარიტებისათვის გახდა წინადაცვეთილთა მსახური, რათა დაედასტურებინა მამებისადმი აღთქმული,
- 9
ასევე წარმართებისთვისაც, რათა განედიდებინა ღმერთი მისი წყალობისათვის, როგორც წერია: "ამისათვის გაქებ შენ წარმართთა შორის და ვუგალობებ შენს სახელს”.
- 10
და კვლავ ამბობს: "იხარებდეთ, წარმართნო, მის ხალხთან ერთად”.
- 11
და კიდევ: "აქებდეთ უფალს წარმართებო და, ხალხებო, ადიდებდეთ მას”.
- 12
ესაიაც ამბობს: "მოვა იესეს ფესვი, რომელიც აღდგება წარმართებზე საუფლოდ და მისი იმედი ექნებათ წარმართებს”.
- 13
ხოლო იმედის ღმერთმა აგავსოთ ყოველგვარი სიხარულით და მშვიდობით რწმენაში, რათა სულიწმიდის ძალით იუხვოთ იმედში.
- 14
და თვითონ მეც, ძმანო, დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ თვითონაც სავსენი ხართ სიკეთით და ყოველგვარი ცოდნით და ძალგიძთ ერთმანეთის დარიგება.
- 15
მეც მეტი გაბედულებით გწერდით აქა-იქ, როგორც თქვენდამი შეხსენებას ღვთის მიერ ჩემთვის მოცემული მადლით,
- 16
რომ ვიყო იესო ქრისტეს მსახური წარმართებთან და ღვთის სახარების მღვდელმსახური, რათა მისაღები გახდეს წარმართთა შესაწირი, სულიწმიდის მიერ განწმედილი.
- 17
ამიტომ ძალმიძს დავიქადო ქრისტე იესოში ღმერთის წინაშე.
- 18
რადგან ვერ გავბედავდი, რომ მელაპარაკა ისეთი რამ, რაც არ გაუკეთებია ქრისტეს ჩემი მეშვეობით წარმართთა დასამორჩილებლად სიტყვით და საქმით,
- 19
ნიშნებისა და სასწაულების ძალით, ღვთის სულის ძალით, ისე, რომ იერუსალიმიდან და მისი შემოგარენიდან ილურიკიამდე გავავრცელე ქრისტეს სახარება.
- 20
თანაც, ვცდილობდი არ მეხარებინა იქ, სადაც უკვე ცნობილი იყო ქრისტეს სახელი, რათა სხვის საძირკველზე არ მეშენებინა,
- 21
არამედ როგორც წერია: "ვისთვისაც არ გამოუცხადებიათ - დაინახავენ, და ვისაც არ მოუსმენია - მიხვდება”.
- 22
ამის გამოც იყო, რომ მრავალგზის შემიფერხდა თქვენთან მოსვლა.
- 23
ხოლო ახლა, რაკიღა ამ მხარეებში აღარა მაქვს სამოქმედო ადგილი და თანაც მრავალი წელია მსურს თქვენთან მოსვლა,
- 24
ამიტომ, როგორც კი დავაპირებ ესპანეთში გამგზავრებას, გამოგივლით, ვინაიდან ვიმედოვნებ, რომ გნახავთ გავლისას, და თქვენ გამაცილებთ იქ, და ერთხანს მაინც დავტკბები თქვენთან ყოფნით.
- 25
ხოლო ახლა იერუსალიმში მივდივარ წმიდათა სამსახურად.
- 26
ვინაიდან მაკედონიამ და აქაიამ მოწყალების გაღება ინებეს ღარიბი წმიდანებისათვის, რომლებიც იერუსალიმში არიან.
- 27
ინებეს და მოვალენიც არიან მათ წინაშე. ვინაიდან, თუ წარმართები ეზიარნენ მათ სულიერში, ხორციელად უნდა მოემსახურონ მათ.
- 28
ამრიგად, როცა დავამთავრებ ამას და ბეჭედს დავასვამ მათ ნაყოფს, თქვენთან გამოვლით წავალ ესპანეთისკენ.
- 29
ხოლო ვიცი, რომ თქვენთან მოსვლისას მოვალ ქრისტეს სრული კურთხევით.
- 30
შეგაგონებთ თქვენ, ძმანო, ჩვენი უფლით, იესო ქრისტეთი და სულის სიყვარულით, რომ ჩემთან ერთად იბეჯითოთ, ჩემთვის ღმერთისადმი ლოცვებში.
- 31
რათა თავი დავაღწიო ურჩებს იუდეაში და ჩემი სამსახური, რომელსაც იერუსალიმს გავუწევ, სასიამოვნო იყოს წმიდათათვის.
- 32
რათა სიხარულით მოვიდე თქვენთან ღვთის ნებით და დავისვენო.
- 33
მშვიდობის ღმერთი იყოს ყველა თქვენგანთან. ამინ!