1 კორინთელთა 1
- 1
პავლე, იესო ქრისტეს მოწოდებული მოციქული ღმერთის ნებით და ძმა სოსთენი,
- 2
ღმერთის ეკლესიას, რომელიც კორინთოშია, ქრისტე იესოში განწმედილებს და მოწოდებულ წმიდანებს, ყველასთან ერთად, ვინც მოუხმობს ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს სახელს, ყველგან - მათთან თუ ჩვენთან:
- 3
მადლი თქვენ და მშვიდობა ჩვენი მამა ღმერთისა და უფალ იესო ქრისტესგან.
- 4
ყოველთვის მადლობას ვუხდი ღმერთს თქვენთვის და ღვთის მადლისთვის, რაც ქრისტე იესოში მოგეცათ,
- 5
იმიტომ, რომ ყველაფრით გამდიდრდით მასში, ყოველგვარი სიტყვით და ყოველგვარი შემეცნებით,
- 6
ვინაიდან ქრისტეს მოწმობა განმტკიცდა თქვენში;
- 7
და არ გაკლიათ არავითარი ნიჭი ჩვენი უფლის იესო ქრისტეს გამოცხადების მოლოდინში,
- 8
ვინც ბოლომდე განგამტკიცებთ, რათა უმწიკვლონი იყოთ ჩვენი უფლის იესო ქრისტეს დღეს.
- 9
ერთგულია ღმერთი, რომელმაც მოგიწოდათ მის ძესთან, ჩვენს უფალ იესო ქრისტესთან მოზიარეობისათვის.
- 10
მაგრამ შეგაგონებთ, ძმებო, ჩვენი უფლის იესო ქრისტეს სახელით, რომ ყველანი ამბობდეთ ერთსა და იმავეს, და არ იყოს თქვენში განხეთქილება, არამედ გაერთიანებული იყოთ ერთი გონებით და ერთი აზრით.
- 11
რადგან ქლოეს ხალხისგან შევიტყვე ძმებო, რომ თქვენს შორის დავაა.
- 12
ვგულისხმობ იმას, რომ ყველა თქვენგანი ამბობს: მე პავლესი ვარ, მე აპოლოსი, მე კეფასი, მე კი ქრისტესიო.
- 13
განა გაიყო ქრისტე? განა პავლე ეცვა ჯვარს თქვენთვის? ან პავლეს სახელით მოინათლეთ?
- 14
მადლობას ვწირავ ღმერთს, რომ არც ერთი თქვენგანი არ მომინათლავს, კრისპუსისა და გაიოზის გარდა,
- 15
რათა ვინმემ არ თქვას, რომ ჩემი სახელით მოინათლეთ.
- 16
მოვნათლე სტეფანას სახლეულიც; მათ გარდა კი, არ ვიცი, თუ მოვნათლე ვინმე,
- 17
რადგან ქრისტეს არ მოვუვლენივარ მოსანათლად, არამედ სახარებლად. არა ბრძნული სიტყვებით, რათა არ გაუქმებულიყო ქრისტეს ჯვარი.
- 18
ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომლებიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომლებიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა.
- 19
რადგან წერია: ბრძენთა სიბრძნეს მოვსპობ და გონიერთა გონიერებას უკუვაგდებ.
- 20
სად არის ბრძენი? სად არის მწიგნობარი? სად არის ქვეყნიერების მოკამათე? განა სისულელედ არ აქცია ღმერთმა ქვეყნიერების სიბრძნე?
- 21
და რადგან ქვეყნიერებამ სიბრძნის მეშვეობით ვერ შეიცნო ღმერთი თავის ღთაებრივ სიბრძნეში, ღვთისთვის სათნო იყო მორწმუნეთა გადარჩენა ქადაგების უგუნურებით.
- 22
ვინაიდან იუდეველნი სასწაულებს მოითხოვენ, ხოლო ბერძნები სიბრძნეს ეძებენ,
- 23
ჩვენ კი ვქადაგებთ ჯვარცმულ ქრისტეს: იუდეველთათვის საცდურს და ბერძენთათვის - უგუნურებას,
- 24
ხოლო მოწოდებულთათვის - იუდეველებისთვისაც და ბერძნებისთვისაც - ვქადაგებთ ქრისტეს, ღმერთის ძალასა და ღმერთის სიბრძნეს.
- 25
რადგან ღვთის უგუნურება ადამიანებზე უბრძენესია, და ღვთის სისუსტე - ადამიანებზე უძლიერესი.
- 26
ნახეთ, ძმებო, ვინა ხართ მოწოდებულნი: ბევრი არ არის ხორციელად ბრძენი, ბევრი არ არის ძლიერი და ბევრი არ არის წარჩინებული;
- 27
არამედ წუთისოფლის უმეცარნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ბრძენნი; და წუთისოფლის უძლურნი ამოირჩია ღმერთმა, რათა შეარცხვინოს ძლიერნი.
- 28
მდაბიონი ამოირჩია ღმერთმა და დამცირებულნი, და არარსებული, რათა გააუქმოს არსებული,
- 29
რომ ვერცერთმა ხორციელმა ვერ დაიკვეხნოს ღვთის წინაშე.
- 30
მისგან ხართ თქვენ ქრისტე იესოში, რომელიც გახდა ჩვენთვის სიბრძნედ ღმერთისგან, სიმართლედ, განწმედად და გამოსყიდვად.
- 31
რათა იყოს, როგორც სწერია: ვინც იკვეხნის, დაიკვეხნოს უფლით.