საქმენი მოციქულთა 3
- 1
პეტრე და იოანე ერთად ადიოდნენ ტაძარში ლოცვის მეცხრე საათზე.
- 2
იყო კაცი ვინმე, დედის მუცლიდანვე დავრდომილი. ყოველდღე მოჰყავდათ და სვამდნენ ტაძრის "მშვენიერად” წოდებულ კართან, რათა ტაძარში შემომსვლელებისთვის მოწყალება ეთხოვა.
- 3
ტაძარში შემავალი პეტრე და იოანე რომ დაინახა, მოწყალება სთხოვა მათ.
- 4
პეტრე იოანესთან ერთად დააკვირდა მას და უთხრა: "შემოგვხედე”.
- 5
დავრდომილი დაჟინებით უყურებდა მათ იმ იმედით, რომ რაიმეს მიიღებდა მათგან.
- 6
უთხრა პეტრემ: "ვერცხლი და ოქრო არ გამაჩნია, მაგრამ რაც მაქვს, იმას გაძლევ - იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, იარე!”
- 7
მარჯვენაზე მოკიდა ხელი და წამოაყენა; მყისვე გაუმაგრდა მას ფეხები და სახსრები.
- 8
წამოხტა, დადგა და სიარული იწყო. მათთან ერთად შევიდა ტაძარში. დადიოდა, ხტოდა და ღმერთს აქებდა.
- 9
მთელი ხალხი უყურებდა მოარულსა და ღვთის მაქებარს.
- 10
იცნეს ტაძრის "მშვენიერ” კარიბჭესთან მოწყალების სათხოვად მჯდომი. ამიტომ გაკვირვებითა და განცვიფრებით აღივსნენ იმის გამო, რაც მას შეემთხვა.
- 11
და რაკი პეტრესა და იოანეს იყო ჩაჭიდებული, მთელი ხალხი გაკვირვებული მისცვივდა მათ, "სოლომონისად” წოდებულ დერეფანში.
- 12
ეს რომ დაინახა, პეტრემ ხალხს მიმართა: "კაცნო ისრაელიანნო, რად გიკვირთ ეს? ანდა რატომ გვიყურებთ ისე, თითქოს ჩვენი საკუთარი ძალითა და ღვთისმოსაობით დავაყენეთ იგი ფეხზე?
- 13
აბრაჰამის, ისაკისა და იაკობის ღმერთმა, ჩვენი მამების ღმერთმა განადიდა თავისი მსახური იესო, რომელიც თქვენ გაეცით და უარყავით პილატეს წინაშე, როცა მან მისი გათავისუფლება დააპირა.
- 14
უარყავით წმიდა და მართალი და მოითხოვეთ, რომ კაცისმკვლელი ეჩუქებინა თქვენთვის.
- 15
სიცოცხლის წინამძღვარი კი მოკალით, რომელიც ღმერთმა აღადგინა მკვდრეთით, რისი მოწმენიც ჩვენ ვართ.
- 16
მისი სახელის რწმენით, ეს კაცი, რომელსაც ხედავთ და იცნობთ, გაამაგრა მისმა სახელმა და იესოს რწმენამ დააყენა იგი ფეხზე ყველა თქვენგანის თვალწინ.
- 17
ახლა ვიცი, ძმებო, რომ თქვენ, ისევე როგორც თქვენმა მთავრებმა, უმეცრებით ჩაიდინეთ ეს.
- 18
ხოლო ღმერთმა, როგორც წინასწარ გვამცნო ყველა თავისი წინასწარმეტყველის პირით, რომ ქრისტე უნდა წამებულიყო, ასევე აღასრულა კიდეც.
- 19
მაშ, მოინანიეთ და მოიქეცით, რომ წარიხოცოს თქვენი ცოდვები.
- 20
რათა დადგეს განახლების დღეები უფლის თანდასწრებიდან და მოგივლინოთ მან იესო ქრისტე, თქვენთვის წინასწარ დადგენილი,
- 21
რომელიც ზეცამ უნდა მიიღოს, ვიდრე ყველაფერი აღდგებოდეს, რასაც ღმერთი დასაბამიდან ამბობდა თავისი წმიდა წინასწარმეტყველების პირით.
- 22
ვინაიდან მოსემ თქვა: ჩემს მსგავს წინასწარმეტყველს აღგიდგენთ უფალი, თქვენი ღმერთი, თქვენივე ძმებიდან; გაუგონეთ მას ყველაფერი, რასაც გეტყვით.
- 23
ყოველი სული, ვინც არ გაუგონებს იმ წინასწარმეტყველს, მოისპობა ხალხისგან.
- 24
ყველა წინასწარმეტყველი, ვინც სამუელიდან აქამდე იყო, იუწყებოდა ამ დღეებზე.
- 25
თქვენ ხართ ძენი წინასწარმეტყველებისა და იმ აღთქმისა, რომელიც აღუთქვა ღმერთმა ჩვენს მამებს, როცა უთხრა აბრაჰამს: შენს თესლში იკურთხება დედამიწის ყოველი ტომი!
- 26
აღადგინა რა ღმერთმა თავისი მსახური, იესო ქრისტე, ჯერ თქვენ მოგივლინათ თქვენდა საკურთხებლად, როცა მობრუნდებით თითოეული თავისი ბოროტი გზიდან”.