საქმენი მოციქულთა 2
- 1
ორმოცდამეათე დღის ზეიმმა რომ მოაწია, ყველანი ერთად იყვნენ.
- 2
მოულოდნელად ხმაური გაისმა ზეციდან, თითქოს ძლიერმა ქარმა დაჰბერაო, და აავსო მთელი სახლი, სადაც ისხდნენ.
- 3
და ეჩვენათ მათ გაყოფილი ენები, როგორც ცეცხლოვანნი და სათითაოდ დაივანა თითოეულ მათგანზე.
- 4
ყველანი აღივსნენ სულიწმიდით და იწყეს ლაპარაკი სხვადასხვა ენებზე, როგორც სული ამეტყველებდა მათ.
- 5
და იმყოფებოდნენ მაშინ იერუსალიმში იუდეველნი, ღვთისმოშიში კაცები, ცისქვეშეთში მყოფი ყველა ერიდან.
- 6
როცა ეს ხმაური გაისმა, ბევრმა მოიყარა თავი და შეშფოთდა, რადგან თითოეულს ესმოდა, როგორ მეტყველებდნენ ისინი მის საკუთარ ენაზე.
- 7
ყველანი გაოცდნენ და გაკვირვებულნი ამბობდნენ: "განა ეს ყველანი, ვინც ლაპარაკობენ, გალილეველები არ არიან?
- 8
როგორღა გვესმის თითოეულ ჩვენგანს საკუთარ ენაზე, რომელშიც ვიშვით?
- 9
პართელები და მიდიელები, ელამელები და შუამდინარეთის, იუდეის, კაბადოკიის, პონტოსა და აზიის მკვიდრნი,
- 10
ფრიგიისა და პამფილიის, ეგვიპტისა და კვირინეის მხარეს მდებარე ლიბიის ოლქების, და რომიდან ამოსულნი,
- 11
როგორც იუდევლები ისე პროზელიტები, კრეტელები და არაბები ვუსმენთ, ჩვენი ენებით რომ ლაპარაკობენ ღვთის დიდ საქმეებზე”.
- 12
ყველა გაოცებული იყო, საგონებელში ჩავარდნენ და ერთმანეთს ეკითხებოდნენ: "ნეტა, რას ნიშნავს ეს?”
- 13
სხვები კი დაცინვით ამბობდნენ, მაჭრით არიანო მთვრალები.
- 14
ხოლო პეტრე თერთმეტთან ერთად წამოდგა, ხმა აიმაღლა და უთხრა მათ: "იუდეველნო და იერუსალიმის ყველა მკვიდრო! დაე ცნობილი იყოს ეს თქვენთვის. ყური დაუგდეთ ჩემს ნათქვამს.
- 15
ვინაიდან მთვრალები არ არიან ისინი, თქვენ რომ გგონიათ, რამეთუ დღის მესამე საათია ახლა.
- 16
არამედ, ეს ითქვა წინასწარმეტყველ იოელის მეშვეობით:
- 17
იქნება უკანასკნელ დღეებში, ამბობს ღმერთი, რომ ჩემი სულისგან გადმოვღვრი ყველა ხორციელზე და იწინასწარმეტყველებენ თქვენი ძენი და ასულნი; თქვენი ჭაბუკნი ჩვენებებს იხილავენ და თქვენს მოხუცებულებს სიზმრები დაესიზმრებათ.
- 18
ჩემს მონებსა და მხევლებზეც გადმოვღვრი იმ დღეებში ჩემი სულისგან და იწინასწარმეტყველებენ.
- 19
ვუჩვენებ სასწაულებს მაღლა ცაში და ნიშნებს - დაბლა დედამიწაზე, სისხლს, ცეცხლსა და კვამლის ბოლქვებს.
- 20
მზე წყვდიადად იქცევა და მთვარე სისხლად, სანამ დადგებოდეს უფლის დღე, დიადი და ბრწყინვალე.
- 21
და იქნება: ყოველი, ვინც მოუხმობს უფლის სახელს, გადარჩება.
- 22
ისრაელის კაცნო, ისმინეთ ეს სიტყვები: იესო ნაზარეველი, კაცი ღვთისგან თქვენთვის დამოწმებული, ძალით, სასწაულებით და ნიშნებით, ღმერთმა რომ მოახდინა მისი მეშვეობით თქვენ შორის, როგორც თვითონვე იცით,
- 23
იგი, ღვთის ჩანაფიქრით და წინასწარცოდნით გადმოგეცათ, თქვენ კი ურჯულოთა ხელით ჯვარს აცვით და მოკალით.
- 24
მაგრამ ღმერთმა აღადგინა იგი და შეხსნა სიკვდილის ბორკილები, რადგან შეუძლებელი იყო სიკვდილს დაეკავებინა იგი.
- 25
ვინაიდან დავითიც ამბობს მასზე: ყოველთვის ჩემს წინაშე ვხედავდი უფალს, რადგან ის ჩემს მარჯვნივაა, რომ არ შევდრკე.
- 26
ამიტომ გაიხარა ჩემმა გულმა და ამღერდა ჩემი ენა, ჩემი სხეულიც კი იმედში განისვენებს.
- 27
რადგან არ მიმატოვებ მკვდართა სამყოფელში და ხრწნილებას არ ახილვინებ შენს წმიდას.
- 28
შენ შემაცნობინე სიცოცხლის გზა და სიხარულით მავსებ შენს თანდასწრებაში.
- 29
კაცნო, ძმანო, პირდაპირ უნდა გითხრათ მამამთავარ დავითზე, რომ ის გარდაიცვალა და დაიკრძალა, და მისი სამარხი ჩვენს შორისაა ამ დღემდე.
- 30
მაგრამ ის წინასწარმეტყველი იყო და იცოდა, რომ ღმერთმა შეჰფიცა, მისი საზარდულის ნაყოფი დაესვა მის ტახტზე.
- 31
მან წინასწარხედვით თქვა ქრისტეს აღდგომაზე, რომ არ იქნებოდა მიტოვებული მკვდართა სამყოფელში და მისი ხორცი არ იხილავდა ხრწნილებას.
- 32
ეს იესო აღადგინა ღმერთმა, რისი მოწმენიც ვართ ჩვენ ყველანი.
- 33
ამგვარად ამაღლდა იგი ღმერთის მარჯვნივ, მამისგან სულიწმიდის აღთქმა მიიღო და მოჰფინა იგი, რასაც თქვენც ხედავთ და ისმენთ.
- 34
რადგან დავითი არ ამაღლებულა ზეცად; თვითონვე ამბობს: უთხრა უფალმა ჩემს უფალს: დაჯექი ჩემს მარჯვნივ,
- 35
ვიდრე დავამხობდე შენს მტრებს შენს ფერხთა სადგამად.
- 36
მაშ, მტკიცედ იცოდეს ისრაელის მთელმა სახლმა, რომ ღმერთმა გახადა უფლად და ქრისტედ ეს იესო, რომელიც თქვენ ჯვარს აცვით”.
- 37
ეს რომ მოისმინეს, გულზე მოხვდათ და ჰკითხეს პეტრესა და დანარჩენ მოციქულებს: "როგორ მოვიქცეთ, კაცნო, ძმანო?”
- 38
ხოლო პეტრემ უთხრა მათ: "მოინანიეთ და ყოველი თქვენგანი მოინათლოს იესო ქრისტეს სახელით ცოდვების მისატევებლად, და მიიღებთ სულიწმიდის ნიჭს.
- 39
რადგან თქვენ გეკუთვნით აღთქმა, და თქვენს შვილებს, და ყველა შორეულს, ვისაც კი მოუხმობს უფალი, ჩვენი ღმერთი”.
- 40
და მრავალი სხვა სიტყვითაც უმოწმებდა, შეაგონებდა და ეუბნებოდა: გადაირჩინეთ თავი ამ გახრწნილი თაობისგანო.
- 41
ამრიგად, ვინც მიიღო მისი სიტყვა, კიდეც მოინათლა და სამი ათასამდე სული შეემატათ იმ დღეს.
- 42
და გამუდმებით მოციქულთა მოძღვრებაში, მოზიარეობაში, პურის გატეხვასა და ლოცვაში მკვიდრობდნენ ისინი.
- 43
ყოველი სული შიშმა მოიცვა, რამეთუ მრავალი სასწაული და ნიშანი ხდებოდა მოციქულთა მიერ.
- 44
ყველა მორწმუნე ერთად იყო და ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
- 45
მამულებსა და ქონებას ჰყიდდნენ და უნაწილებდნენ ყველას, თითოეულს საჭიროების მიხედვით.
- 46
ყოველდღე ერთსულოვნად იყვნენ ტაძარში, სახლებში პურს ტეხდნენ და მხიარულებითა და გულუბრალოებით ღებულობდნენ საზრდოს.
- 47
აქებდნენ ღმერთს და მთელი ხალხის წინაშე იხვეჭდნენ კეთილგანწყობას, ხოლო უფალი ყოველდღე მატებდა ეკლესიას გადარჩენილებს.