საქმენი მოციქულთა 1
- 1
პირველი წიგნი, თეოფილე, შევადგინე ყოველივე იმის შესახებ, რისი კეთება და სწავლებაც დაიწყო იესომ.
- 2
იმ დღემდე, ვიდრე ამაღლდებოდა, სულიწმიდით აძლევდა დავალებებს მოციქულებს, რომლებიც ამოირჩია,
- 3
რომელთაც ცოცხლად წარუდგა თავისი ტანჯვის შემდეგ მრავალი სარწმუნო ნიშნით; იგი ორმოც დღეს ეჩვენებოდა და ღმერთის სამეფოზე ელაპარაკებოდა მათ.
- 4
შეკრიბა ისინი და დაავალა: "იერუსალიმს ნუ გაშორდებით, არამედ დაელოდეთ მამის მიერ აღთქმულს, ჩემგან რომ მოისმინეთ;
- 5
რადგან იოანე წყლით ნათლავდა, თქვენ კი, არცთუ მრავალი დღის შემდეგ, მოინათლებით სულიწმიდით”.
- 6
ამიტომ შეკრებილნი ეკითხებოდნენ მას: "უფალო, ამ დროს ხომ არ აღუდგენ ისრაელს სამეფოს?”
- 7
უთხრა მათ: "თქვენ არ გეხებათ დროების ან ვადების ცოდნა, რომელიც მამამ დაადგინა თავისი ხელმწიფებით.
- 8
არამედ თქვენ მიიღებთ ძალას, როცა გადმოვა სულიწმიდა თქვენზე და იქნებით ჩემი მოწმენი იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და დედამიწის კიდემდე”.
- 9
ეს თქვა და მათ თვალწინ ამაღლდა და ღრუბელმა მოაფარა მათ თვალთაგან.
- 10
მის ცად ამაღლებას რომ უყურებდნენ, აჰა, ორი კაცი წარუდგა მათ თეთრ სამოსელში.
- 11
უთხრეს: "გალილეველო კაცებო, რას დგახართ და შეჰყურებთ ზეცას? ეს იესო, რომელიც თქვენგან ამაღლდა ზეცად, ისევ მოვა იმგვარადვე, როგორც იხილეთ ზეცად აღმავალი”.
- 12
მაშინ დაბრუნდნენ იერუსალიმში ზეთისხილისად წოდებული მთიდან, იერუსალიმის ახლოს, შაბათის გზის მანძილზე რომ მდებარეობს.
- 13
შესვლისთანავე ავიდნენ ზედა ოთახში, სადაც იყვნენ გაჩერებულნი ისინი: პეტრე და იოანე, იაკობი და ანდრია, ფილიპე და თომა, ბართლომე და მათე, იაკობ ალფეს ძე და სიმონ ზილოტი და იუდა იაკობისა.
- 14
ყველანი ერთსულოვნად გამუდმებულ ლოცვა-ვედრებაში იყვნენ დედაკაცებთან, იესოს დედასთან, მარიამთან და მის ძმებთან ერთად.
- 15
იმ დღეებში ადგა პეტრე შეკრებილ ძმებს შორის - სულ ას ოცამდე კაცი იქნებოდა - და თქვა:
- 16
"კაცნო, ძმანო! უნდა ასრულებულიყო წერილი, სულიწმიდამ, დავითის პირით, წინასწარ რომ თქვა იუდაზე, იესოს შემპყრობელთ რომ წარუძღვა წინ,
- 17
ვინაიდან იგი ჩვენ შორის იყო ჩარიცხული და წილი შეხვდა ამ მსახურებისა.
- 18
ხოლო მან უმართლობის საზღაურით შეიძინა მიწა და, ძირს რომ დაენარცხა, შუაზე გასკდა და მთელი შიგნეულობა გადმოეყარა.
- 19
ცნობილი გახდა ეს იერუსალიმის ყველა მკვიდრისთვის, ასე რომ, მათ საკუთარ ენაზე იმ მიწას ხაკალ-დამა, ანუ სისხლის მიწა ეწოდა.
- 20
ვინაიდან წერია ფსალმუნთა წიგნში: გატიალდეს მისი სახლ-კარი, ნუ იქნება მასში მკვიდრი; და მისი მსახურება სხვამ მიიღოს.
- 21
ამგვარად, საჭიროა, რომ ერთი იმ კაცთაგანი, მუდამ თან რომ გვახლდნენ, როცა ჩვენს შორის მიმოდიოდა უფალი იესო,
- 22
იოანეს ნათლისცემიდან მოყოლებული ჩვენგან მისი ამაღლების დღემდე, შემოგვიერთდეს, რათა ჩვენთან ერთად გახდეს მისი აღდგომის მოწმე”.
- 23
და დააყენეს ორნი - იოსები, ბარსაბად წოდებული, რომელსაც იუსტოსი შეარქვეს და მატათია.
- 24
ილოცეს და თქვეს: "უფალო, ყველას გულთამხილველო, გვიჩვენე ამ ორთაგან ერთი, რომელიც ამოირჩიე,
- 25
რომ მიიღოს ამ მსახურებისა და მოციქულობის ადგილი, რასაც გამოაკლდა იუდა, რათა წასულიყო თავის ადგილზე”.
- 26
ყარეს წილი და მატათიას ერგო წილი; ის მიეთვალა თერთმეტ მოციქულს.