იოანე 21
- 1
ამის შემდეგ კვლავ ეჩვენა იესო მოწაფეებს, ტიბერიის ზღვაზე. აი, ასე ეჩვენა მათ:
- 2
ერთად იყვნენ სიმონ-პეტრე, ტყუპისცალად წოდებული თომა, ნათანაელი, გალილეის კანადან, ზებედეს ძენი და ორი სხვა, მის მოწაფეთაგან.
- 3
უთხრა მათ სიმონ-პეტრემ: "მე სათევზაოდ მივდივარ”. მიუგეს: "ჩვენც შენთან მოვდივართ”. გავიდნენ და ნავზე ავიდნენ. იმ ღამეს ვერაფერი დაიჭირეს.
- 4
რომ გათენდა, იესო იდგა ნაპირზე, თუმცა, მოწაფეებმა არ იცოდნენ, რომ ეს იესო იყო.
- 5
უთხრა მათ იესომ: "შვილებო, არაფერი გაქვთ საჭმელი?” მიუგეს: "არა”.
- 6
უთხრა მათ: "ნავის მარჯვენა მხრიდან ისროლეთ ბადე და იპოვით”. ისროლეს და ვეღარ გამოათრიეს თევზის სიმრავლის გამო.
- 7
მოწაფემ, იესოს რომ უყვარდა, უთხრა პეტრეს: "ეს უფალია”. როცა გაიგონა სიმონ-პეტრემ, უფალიაო, მოსასხამი მოიხვია, რადგან შიშველი იყო, და ზღვაში გადაეშვა.
- 8
სხვა მოწაფეები კი ნავით მოვიდნენ, რადგან შორს არ იყვნენ ხმელეთიდან, დაახლოებით ორას წყრთაზე. თან თევზებიანად მოათრევდნენ ბადეს.
- 9
ხმელეთზე რომ გამოვიდნენ, ნახეს დალაგებული ნაკვერჩხლები და თევზი ზემოდან, და პური.
- 10
უთხრა მათ იესომ: "იმ თევზისა მოიტანეთ, ახლა რომ დაიჭირეთ”.
- 11
ავიდა სიმონ-პეტრე და ას ორმოცდაცამეტი დიდი თევზით სავსე ბადე ხმელეთზე გამოათრია; სიმრავლის მიუხედავად, ბადე არ გახეულა.
- 12
უთხრა მათ იესომ: "მოდით, ისაუზმეთ”. მოწაფეთაგან ვერცერთმა ვერ გაბედა ჩაძიებოდა, ვინ ხარო, რადგან იცოდნენ, რომ უფალი იყო.
- 13
აიღო იესომ პური და მისცა მათ, ასევე თევზიც.
- 14
ეს მესამედ ეჩვენა მკვდრეთით აღმდგარი იესო მოწაფეებს.
- 15
ნასაუზმევს, უთხრა სიმონ-პეტრეს იესომ: "სიმონ იოანესავ, ამათზე მეტად გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა: "აძოვე ჩემი კრავები”.
- 16
კვლავ ეუბნება მას მეორედ: "სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” მიუგო: "დიახ, უფალო, შენ იცი, რომ მიყვარხარ”. უთხრა მას: "მწყემსე ჩემი ცხვრები”.
- 17
ეუბნება მას მესამედ: "სიმონ იოანესავ, გიყვარვარ?” დამწუხრდა პეტრე, მესამედ რომ ჰკითხა, გიყვარვარო? უთხრა მას: "უფალო, შენ ყველაფერი იცი, იცი, რომ მიყვარხარ!” უთხრა იესომ: "აძოვე ჩემი ცხვრები.
- 18
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ, სანამ ახალგაზრდა იყავი, შენ თვითონ შემოირტყამდი ხოლმე სარტყელს და მიდიოდი, სადაც გსურდა; მაგრამ როცა მოხუცდები, გაშლი ხელებს, სხვა შემოგარტყამს სარტყელს და იქ წაგიყვანს, სადაც არ გსურს”.
- 19
ეს თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით განადიდებდა იგი ღმერთს. ეს თქვა და უთხრა მას: "მომყევი”.
- 20
მობრუნებულმა პეტრემ დაინახა, რომ უკან მოსდევდა მოწაფე, რომელიც უყვარდა იესოს, სწორედ ის, უბეზე რომ მიეკრა სერობისას და ჰკითხა: უფალო, ვინ არისო, შენი გამცემი?
- 21
დაინახა რა იგი პეტრემ ჰკითხა იესოს: "უფალო, ამას რაღა მოუვა?”
- 22
იესომ უპასუხა: "თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რა? შენ მე გამომყევი”.
- 23
ამიტომ გამოვიდა ეს სიტყვა ძმებს შორის, რომ არ მოკვდებოდა ის მოწაფე. მაგრამ იესოს არ უთქვამს, არ მოკვდებაო, არამედ: თუ მსურს, რომ ჩემს მოსვლამდე დარჩეს იგი, შენ რაო?
- 24
ეს არის ის მოწაფე, რომელიც ამოწმებს ამას და რომელმაც დაწერა ეს; და ვიცით, რომ ჭეშმარიტია მისი მოწმობა.
- 25
კიდევ ბევრი სხვაც არის, რაც მოიმოქმედა იესომ; ყველაფერი რომ დაწვრილებით დაწერილიყო, ვფიქრობ, თვით წუთისოფელიც კი ვერ დაიტევდა დაწერილ წიგნებს. ამინ!