იოანე 20
- 1
კვირის პირველ დღეს, გარიჟრაჟზე, როცა ჯერ კიდევ ბნელოდა, მივიდა მარიამ მაგდალელი სამარხთან და დაინახა, რომ ლოდი გადაეგორებინათ სამარხიდან.
- 2
სირბილით მივიდა სიმონ-პეტრესა და სხვა მოწაფესთან, რომელიც უყვარდა იესოს, და უთხრა: "უფალი წაუღიათ სამარხიდან და არ ვიცით, სად დაასვენეს”.
- 3
მაშინ გამოვიდნენ პეტრე და სხვა მოწაფე და გაიქცნენ სამარხისკენ.
- 4
ორივენი ერთად მირბოდნენ, მაგრამ მეორე მოწაფემ გაუსწრო პეტრეს და პირველი მივიდა სამარხთან.
- 5
დაიხარა და ძირს დატოვებული ტილოები დაინახა, მაგრამ შიგნით არ შესულა.
- 6
მოვიდა სიმონ-პეტრეც. სამარხში შევიდა და დაწყობილი ტილოები დაინახა;
- 7
ხოლო სუდარა, რომელიც თავზე ჰქონდა შემოხვეული, ტილოებთან არ იყო, არამედ ცალკე იდო დახვეული.
- 8
მაშინ შევიდა სხვა მოწაფეც, პირველი რომ მივიდა სამარხთან, იხილა და ირწმუნა,
- 9
რადგან ჯერ კიდევ ვერ ხვდებოდნენ წერილიდან, რომ მკვდრეთით უნდა აღმდგარიყო იგი.
- 10
და კვლავ თავ-თავის სახლებში წავიდნენ მოწაფენი.
- 11
მარიამი კი იდგა სამარხის გარეთ და ტიროდა. მომტირალი დაიხარა, რომ სამარხში შეეხედა
- 12
და თეთრებში მსხდომი ორი ანგელოზი დაინახა; ერთი თავთით, ხოლო მეორე - ფერხთით იმ ადგილას, სადაც იესოს ცხედარი ესვენა.
- 13
უთხრეს: "დედაკაცო, რატომ სტირი?” მიუგო: "ჩემი უფალი წაიღეს და არ ვიცი, სად დაასვენეს”.
- 14
ეს რომ თქვა, უკან შებრუნდა და იქვე მდგარი იესო დაინახა. მაგრამ ვერ იცნო, რომ იესო იყო.
- 15
ჰკითხა იესომ: "დედაკაცო, რატომ სტირი, ვის ეძებ?” მარიამს მებაღე ეგონა და უთხრა: "ბატონო, თუ შენ წაიღე, მითხარი, სად დაასვენე, და მე წამოვიღებ”.
- 16
უთხრა იესომ: "მარიამ!” შებრუნდა და ებრაულად თქვა: "რაბუნი!” - როგორც უწოდებენ მოძღვარს.
- 17
ეუბნება მას იესო: "არ შემეხო, ვინაიდან ჯერ არ ავსულვარ მამასთან. წადი და ჩემს ძმებს უთხარი: მე ავდივარ ჩემს მამასთან და თქვენს მამასთან, ჩემს ღმერთთან და თქვენს ღმერთთან”.
- 18
მივიდა მარიამ მაგდალელი და აუწყა მოწაფეებს, რომ იხილა უფალი და ეს უთხრა მას.
- 19
იმავე დღეს, საღამოჟამს, კვირის პირველ დღეს, იესო იუდეველთა შიშით კარჩაკეტილში მსხდარ მოწაფეებთან მოვიდა, შუაში დადგა და უთხრა მათ: "მშვიდობა თქვენდა!”
- 20
ეს რომ თქვა, ხელები და ფერდი უჩვენა მათ. და გაიხარეს მოწაფეებმა უფლის ხილვით.
- 21
ხელახლა უთხრა მათ იესომ: "მშვიდობა თქვენდა! როგორც მე მომავლინა მამამ, მეც ისე მიგავლენთ თქვენ”.
- 22
ეს რომ თქვა, შეუბერა და თქვა: "მიიღეთ სულიწმიდა.
- 23
ვისაც მიუტევებთ ცოდვებს, მიეტევებათ, ვისაც დაუკავებთ, დაეკავებათ”.
- 24
თომა, ერთი თორმეტთაგანი, ტყუპისცალად წოდებული, იესოს მოსვლისას არ იყო მათთან.
- 25
უთხრეს მას დანარჩენმა მოწაფეებმა: "ჩვენ ვიხილეთ უფალი”. მან კი თქვა: "სანამ მის ხელებზე ნალურსმნევს არ ვნახავ და ნალურსმნევში თითს არ ჩავყოფ, მის ფერდში კი - ხელს, არ ვიწამებ!”
- 26
რვა დღის შემდეგ კვლავ შინ იყვნენ მოწაფენი; თომაც მათთან ერთად იყო. კარჩაკეტილში მოვიდა იესო, შუაში დადგა და თქვა: "მშვიდობა თქვენდა”.
- 27
შემდეგ თომას უთხრა: "გამოიწოდე შენი თითი და ნახე ჩემი ხელები. გამოიწოდე შენი ხელი და ჩადე ჩემს ფერდში. ურწმუნო კი ნუ იქნები, მორწმუნე იყავ!”
- 28
მიუგო თომამ და უთხრა მას: "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი!”
- 29
უთხრა მას იესომ: "შენ მირწმუნე, იმიტომ, რომ მიხილე. ნეტარ არიან ისინი, ვისაც არ ვუნახივარ და მირწმუნეს”.
- 30
მოწაფეების წინაშე ბევრი სხვა ნიშანიც მოიმოქმედა იესომ, რაც ამ წიგნში არ დაწერილა.
- 31
ეს კი დაიწერა, რათა ირწმუნოთ, რომ იესო არის ქრისტე, ძე ღმერთისა, და რათა მორწმუნეებს სიცოცხლე გქონდეთ მის სახელში.