იოანე 19
- 1
მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გააშოლტვინა.
- 2
ჯარისკაცებმა ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, თან ძოწეული მოასხეს.
- 3
მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!” და სახეში სცემდნენ.
- 4
პილატე ხელახლა გამოვიდა გარეთ და უთხრა მათ: "აჰა, თქვენთან გამომყავს იგი, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
- 5
მაშინ გარეთ გამოვიდა იესო, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი; პილატემ უთხრა მათ: "აჰა, ადამიანი!”
- 6
იესო რომ დაინახეს მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, აყვირდნენ: "ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!” უთხრა მათ პილატემ: "თავად წაიყვანეთ და ჯვარს აცვით, რადგან მე, ბრალს ვერ ვპოულობ მასში”.
- 7
მიუგეს იუდევლებმა: "ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულის მიხედვით ის უნდა მოკვდეს, რადგან თავს ღმერთის ძეს უწოდებს”.
- 8
ამ სიტყვის გაგონებამ უფრო შეაშინა პილატე.
- 9
კვლავ შევიდა პრეტორიუმში და ჰკითხა იესოს: "საიდან ხარ?” მაგრამ იესომ არ უპასუხა.
- 10
უთხრა პილატემ: "მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ მაქვს ხელმწიფება შენი ჯვარცმისა და ხელმწიფება შენი გათავისუფლებისა?”
- 11
მიუგო იესომ: არავითარი ხელმწიფება არ გექნებოდა ჩემზე, ზეციდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ მას, ვინც ჩემი თავი გადმოგცა, უფრო დიდი ცოდვა აქვს”.
- 12
ამის შემდეგ, პილატე შეეცადა გაეთავისუფლებინა იგი, მაგრამ იუდევლები აყვირდნენ და ამბობდნენ: "თუ ამას გაათავისუფლებ, კეისრის მეგობარი არ იქნები, რადგან, ყოველი, ვინც მეფეს უწოდებს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება”.
- 13
ეს სიტყვები რომ მოისმინა, პილატემ გარეთ გაიყვანა იესო; თვითონ მსაჯულის ტახტზე დაჯდა, იმ ადგილზე, ქვაფენილს რომ უწოდებდნენ, ებრაულად - გაბეთას.
- 14
პასექის პარასკევი იდგა, ასე მეექვსე საათი იქნებოდა; უთხრა იუდევლებს: "აჰა, თქვენი მეფე!”
- 15
მათ კი იყვირეს: "მოაშორე, მოაშორე, ჯვარს აცვი!” იკითხა პილატემ: "თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?” მღვდელმთავრებმა უპასუხეს: "კეისრის გარდა არა გვყავს მეფე!”
- 16
მაშინ გადასცა იგი ჯვარზე საცმელად და წაიყვანეს იესო.
- 17
იტვირთა თავისი ჯვარი და გავიდა იმ ადგილისკენ, თხემი რომ ერქვა, ებრაულად კი გოლგოთა.
- 18
სადაც ჯვარს აცვეს იგი; მასთან ერთად, აქეთ-იქით, ორი სხვა, შუაში კი - იესო.
- 19
წარწერაც დაწერა პილატემ და ჯვარზე მიამაგრა. და იყო დაწერილი: "იესო ნაზარეველი, იუდეველთა მეფე".
- 20
ბევრმა იუდეველმა წაიკითხა დაწერილი, რადგან ქალაქთან ახლოს იყო იესოს ჯვარცმის ადგილი, ხოლო წარწერა ებრაულად, რომაულად და ბერძნულად იყო.
- 21
ეუბნებოდნენ პილატეს იუდეველი მღვდელმთავრები: "ნუ დაწერ იუდეველთა მეფეს, არამედ, რასაც ის ამბობდა: მე ვარ იუდეველთა მეფე!”
- 22
მიუგო პილატემ: "რაც დავწერე, დავწერე”.
- 23
როცა ჯარისკაცებმა ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსელი და ოთხ ნაწილად გაყვეს; ყოველ ჯარისკაცს თავისი წილი და კვართი; ხოლო კვართი შეკერილი არ ყოფილა, თავიდან ბოლომდე ნაქსოვი იყო.
- 24
თქვეს ერთმანეთში: "ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე. ვნახოთ, ვის შეხვდება”. რათა აღსრულებულიყო წერილი: "გაინაწილეს ჩემი ტანსაცმელი და წილი ჰყარეს ჩემს სამოსელზე”. ამიტომ მოიქცნენ ასე ჯარისკაცები.
- 25
იესოს ჯვართან იდგნენ დედამისი, დედამისის და, მარიამ კლეოპასი და მარიამ მაგდალელი.
- 26
დაინახა იესომ იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა; უთხრა დედას: "დედაკაცო, აჰა, შენი ძე!”
- 27
შემდეგ მოწაფეს უთხრა: "აჰა, დედაშენი!” და მოწაფემ იმ დროიდანვე თავისთან წაიყვანა იგი.
- 28
ამის შემდეგ, იცოდა რა იესომ, რომ უკვე ყველაფერი დასრულდა წერილის აღსასრულებლად, თქვა: "მწყურია!”
- 29
იქვე ძმრით სავსე ჭურჭელი იდგა; ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი წამოაცვეს უსუპს და პირთან მიუტანეს.
- 30
ძმარი რომ იგემა, თქვა იესომ: "აღსრულდა!” თავი დახარა და სული განუტევა.
- 31
რაკი პარასკევი იყო, შაბათს გვამები ჯვარზე რომ არ დარჩენილიყო, ის შაბათი კი დიდი დღე იყო, სთხოვეს იუდევლებმა პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
- 32
მოვიდნენ ჯარისკაცები და მასთან ერთად ჯვარცმულებს წვივები დაუმტვრიეს, ერთსაც და მეორესაც.
- 33
იესოსთან რომ მივიდნენ და ნახეს, უკვე მომკვდარიყო, წვივები აღარ დაუმტვრიეს,
- 34
მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით განუგმირა მას ფერდი და მყისვე გადმოსკდა სისხლი და წყალი.
- 35
მხილველმა დაადასტურა ეს; მისი მოწმობა ჭეშმარიტია; მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენც ირწმუნოთ.
- 36
რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: "და ძვალი მისი არ შეიმუსრება”.
- 37
და კიდევ, სხვა წერილი ამბობს: "შეხედავენ მას, რომელიც განგმირეს”.
- 38
ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო ფარულად ემოწაფებოდა იესოს, პილატეს იესოს გვამის ჩამოხსნა სთხოვა. პილატემ დართო ნება. მაშინ მოვიდა და ჩამოხსნა მისი გვამი.
- 39
მოვიდა ნიკოდემოსიც, ღამით რომ მივიდა იესოსთან, და ას ლიტრამდე სმირნისა და ალოეს ნაზავი მოიტანა.
- 40
აიღეს და ნელსაცხებელთან ერთად, ტილოში შეახვიეს იესოს გვამი, როგორც იუდევლებში დამარხვისას არის მიღებული.
- 41
იმ ადგილას, სადაც ჯვარს აცვეს იგი, ბაღი იყო, ბაღში კი - ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ.
- 42
ამიტომ იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.