იოანე 18
- 1
ეს რომ თქვა, იესო კედრონის ხევს გაღმა გავიდა თავის მოწაფეებთან ერთად, სადაც იყო ბაღი, რომელშიც შევიდნენ ის და მისი მოწაფეები.
- 2
ეს ადგილი მისმა გამცემმა იუდამაც იცოდა, რადგან იესო ხშირად ხვდებოდა აქ თავის მოწაფეებს.
- 3
ამიტომ, იუდამ ჯარისკაცთა რაზმი და მღვდელმთავრებისა და ფარისეველების მსახურები იახლა და მივიდნენ იქ ლამპრებით, ჩირაღდნებითა და იარაღით.
- 4
იესომ იცოდა რა ყველაფერი, რაც მოელოდა, გამოვიდა და ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?”
- 5
მიუგეს მას: "იესო ნაზარეველს”. უთხრა მათ: "მე ვარ”. მისი გამცემი იუდაც მათთან იდგა.
- 6
როცა უთხრა: მე ვარო, უკან დაიხიეს და მიწაზე დაემხნენ.
- 7
ხელახლა ჰკითხა მათ: "ვის ეძებთ?” უთხრეს: "იესო ნაზარეველს”.
- 8
იესომ მიუგო: "ხომ გითხარით, მე ვარ-მეთქი. თუ მე მეძებთ, ეს კაცები გაუშვით, წავიდნენ”.
- 9
ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო მის მიერ ნათქვამი სიტყვა: ვინც შენ მომეცი, მათგან არავინ დამიკარგავს.
- 10
სიმონ-პეტრემ, რომელსაც მახვილი ჰქონდა, იშიშვლა ის, დაჰკრა მღვდელმთავრის მონას და მარჯვენა ყური ჩამოათალა. მონას მალქოზი ერქვა.
- 11
უთხრა იესომ პეტრეს: "ჩააგე მახვილი ქარქაშში. ნუთუ არ უნდა შევსვა სასმისი, მამამ რომ მომცა?”
- 12
მაშინ რაზმმა, ათასისთავმა და იუდეველთა მსახურებმა შეიპყრეს იესო და შეკრეს.
- 13
პირველად ანასთან წაიყვანეს, კაიაფას, იმდროინდელი მღვდელმთავრის სიმამრთან.
- 14
ეს ის კაიაფა იყო, იუდევლებს რომ ურჩია, უმჯობესია ერთი კაცი მოკვდეს ხალხისთვისო.
- 15
იესოს სიმონ-პეტრე და სხვა მოწაფე გაჰყვნენ. ის მოწაფე მღვდელმთავრის ნაცნობი იყო და იესოსთან ერთად შევიდა მღვდელმთავრის ეზოში.
- 16
პეტრე კარს გარეთ იდგა. გამოვიდა სხვა მოწაფე, მღვდელმთავრის ნაცნობი, დაელაპარაკა მეკარეს და პეტრეც შეიყვანა.
- 17
მეკარე გოგონამ უთხრა პეტრეს: "განა შენც იმ კაცის მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უთხრა: "არა ვარ”.
- 18
ციოდა, ამიტომ ეზოში მდგომ მსახურებსა და მონებს ნაკვერჩხლები გაეღვივებინათ და თბებოდნენ. პეტრეც მათთან ერთად იდგა და თბებოდა.
- 19
მღვდელმთავარმა იესოს მისი მოწაფეებისა და სწავლების შესახებ ჰკითხა.
- 20
მიუგო მას იესომ: "მე აშკარად ველაპარაკებოდი წუთისოფელს; მუდამ სინაგოგებსა და ტაძარში ვასწავლიდი, სადაც იკრიბება ყველა იუდეველი. ფარულად არაფერი მილაპარაკია.
- 21
მე რატომ მეკითხები? ჰკითხე მსმენელებს, რას ველაპარაკებოდი მათ. აჰა, მათ იციან, რასაც ვამბობდი”.
- 22
ამ სიტყვებს რომ ამბობდა, ერთმა იქ მდგომმა მსახურმა ხელი გაარტყა იესოს და უთხრა: "ასე ელაპარაკები მღვდელმთავარს?”
- 23
მიუგო იესომ: "თუ ცუდად ვთქვი, დამიმოწმე ცუდის შესახებ, და თუ კარგად - რადა მცემ?”
- 24
მაშინ ანამ შებოჭილი იესო მღვდელმთავარ კაიაფასთან გაგზავნა.
- 25
სიმონ-პეტრე კი იდგა და თბებოდა. ჰკითხეს: "განა შენც მისი მოწაფეთაგანი არა ხარ?” მან უარყო; თქვა: "არა ვარ”.
- 26
მღვდელმთავრის ერთ-ერთმა მონამ, იმისმა ნათესავმა, ყური რომ ჩამოათალა პეტრემ, უთხრა: "განა ბაღში მასთან ერთად არ გნახე?”
- 27
კვლავ უარყო პეტრემ და მამალმაც იყივლა.
- 28
იესო კაიაფასგან პრეტორიუმში წაიყვანეს. თენდებოდა; პრეტორიუმში არ შესულან, რათა არ გაუწმიდურებულიყვნენ, რომ პასექის ჭამა შესძლებოდათ.
- 29
პილატე გარეთ გამოვიდა მათთან და იკითხა: "რა ბრალსა სდებთ ამ კაცს?”
- 30
უთხრეს: "ბოროტის მოქმედი რომ არ იყოს, არ გადმოგცემდით”.
- 31
უთხრა მათ პილატემ: "წაიყვანეთ და თქვენი რჯულის მიხედვით განსაჯეთ”. იუდევლებმა უპასუხეს: "ჩვენ უფლება არა გვაქვს სიკვდილით დავსაჯოთ ვინმე”.
- 32
რათა აღსრულებულიყო იესოს სიტყვა, რომელიც თქვა იმის მისანიშნებლად, როგორი სიკვდილით უნდა მომკვდარიყო.
- 33
პილატე პრეტორიუმში შებრუნდა, მოუხმო იესოს და ჰკითხა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?”
- 34
მიუგო იესომ: "შენით ამბობ ამას, თუ სხვებმა გითხრეს ჩემზე?”
- 35
მიუგო პილატემ: "განა მე იუდეველი ვარ? შენმა ერმა და მღვდელმთავრებმა გადმომცეს შენი თავი. რა ჩაიდინე?”
- 36
თქვა იესომ: "ჩემი სამეფო წუთისოფლისგან არ არის; ჩემი სამეფო რომ ამქვეყნიური ყოფილიყო, მაშინ ჩემი მსახურნი იბრძოლებდნენ, რომ იუდევლებს ხელში არ ჩავვარდნოდი. მაგრამ ახლა, ჩემი სამეფო არ არის აქაური”.
- 37
უთხრა პილატემ: "მაშ, მეფე ხარ!” იესომ მიუგო: "შენ ამბობ, რომ მეფე ვარ. იმიტომ დავიბადე და იმიტომ მოვედი წუთისოფელში, რომ ჭეშმარიტება დავამოწმო. ყველა, ვინც ჭეშმარიტებისგან არის, ისმენს ჩემს ხმას”.
- 38
ჰკითხა პილატემ: "რა არის ჭეშმარიტება?” ეს რომ თქვა, კვლავ გამოვიდა იუდევლებთან და უთხრა მათ: "მე ვერავითარი ბრალი ვერ ვპოვე მასში.
- 39
ხომ გაქვთ ჩვეულება, რომ ერთი კაცი გაგითავისუფლოთ პასექზე? გინდათ, იუდეველთა მეფე გაგითავისუფლოთ?
- 40
მაშინ კვლავ აყვირდნენ და ამბობდნენ: "ეს კი არა, ბარაბა!” ბარაბა კი ავაზაკი იყო.