საქმენი მოციქულთა 4
- 1
ამას რომ ელაპარაკებოდნენ ხალხს, თავს მღვდლები, ტაძრის მცველთა მეთაური და სადუკეველნი წამოადგნენ.
- 2
გაღიზიანდნენ, ხალხს რომ ასწავლიდნენ და იესოს მეშვეობით მკვდრეთით აღდგომას უქადაგებდნენ.
- 3
ხელი დაადეს მათ და მეორე დღემდე მცველებს ჩააბარეს, რადგან უკვე ბინდდებოდა.
- 4
სიტყვის მომსმენთაგან კი მრავალმა ირწმუნა; და ხუთი ათასამდე მიაღწია კაცების რიცხვმა.
- 5
მეორე დღეს იერუსალიმში შეიკრიბნენ მთავრები, უხუცესები და მწიგნობრები,
- 6
ანნა მღვდელმთავარი და კაიაფა, იოანე და ალექსანდრე, აგრეთვე სხვები მღვდელმთავრის გვარიდან.
- 7
შუაში ჩაიყენეს ისინი და ჰკითხეს: "რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?”
- 8
მაშინ აღივსო პეტრე სულიწმიდით და უთხრა მათ: "ხალხის მთავარნო და უხუცესნო,
- 9
თუ დღეს ამ უძლური კაცისადმი გაწეული ქველმოქმედების გამო მოგვეთხოვება პასუხი, როგორ განიკურნაო იგი.
- 10
დაე, ცხადი იყოს ყველა თქვენგანისა და მთელი ისრაელის ხალხისთვის, რომ იგი თქვენ წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით, თქვენ რომ აცვით ჯვარს, ღმერთმა კი მკვდრეთით აღადგინა.
- 11
ეს არის ლოდი, დაწუნებული თქვენგან, მშენებლებისგან, რომელიც ქვაკუთხედად იქმნა.
- 12
სხვა არავისში არსებობს ხსნა და არც არის ცის ქვეშ ადამიანთათვის მიცემული სხვა სახელი, რომლითაც გადავრჩებით”.
- 13
ხედავდნენ პეტრესა და იოანეს გაბედულებას; იმასაც მიხვდნენ, რომ უწიგნური და მდაბიო ადამიანები იყვნენ და გაუკვირდათ; თან იცნეს, რომ იესოსთან ერთად იყვნენ.
- 14
ხოლო მათთან მდგომ განკურნებულ კაცს რომ ხედავდნენ, საპასუხოს ვეღარაფერს ამბობდნენ.
- 15
უბრძანეს მათ სინედრიონიდან გასვლა და ერთმანეთში იწყეს მსჯელობა.
- 16
ამბობდნენ: "რა ვუყოთ ამ ხალხს? მათ მიერ მოხდენილი ცხადი სასწაული იერუსალიმის ყოველი მკვიდრისთვის არის ცნობილი და არ ძალგვიძს უარყოფა.
- 17
მაგრამ უფრო მეტად რომ არ გახმაურდეს ეს ხალხში, დავემუქროთ მათ, კაციშვილს აღარ ელაპარაკონ ამ სახელით”.
- 18
დაუძახეს მათ და უბრძანეს, ამიერიდან აღარ ელაპარაკათ და აღარ ესწავლებინათ იესოს სახელით.
- 19
მაგრამ მიუგეს პეტრემ და იოანემ და უთხრეს მათ: "თვითონ განსაჯეთ, განა მართებული იქნება ღვთის წინაშე, თქვენ უფრო მოგისმინოთ, ვიდრე ღმერთს?
- 20
ვინაიდან არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც გვიხილავს და მოგვისმენია”.
- 21
ხოლო ისინი დაემუქრნენ რა მათ, გაუშვეს, რადგან ვერ პოულობდნენ მიზეზს მათ დასასჯელად, რადგან მთელი ხალხი ადიდებდა ღმერთს მომხდარის გამო.
- 22
ორმოც წელს გადაცილებული იყო ის კაცი, რომელიც სასწაულებრივად განიკურნა.
- 23
ხოლო ისინი, როგორც კი გაუშვეს, მივიდნენ თავისიანებთან და უამბეს, რას ეუბნებოდნენ მათ მღვდელმთავარნი და უხუცესნი.
- 24
ეს რომ მოისმინეს, ერთსულოვნად აღიმაღლეს ხმა ღვთის მიმართ და შეჰღაღადეს: "ღმერთო, შემოქმედო ცისა, მიწისა, ზღვისა და ყველაფრისა, რაც მათშია;
- 25
შენ ჩვენი მამის, შენი მსახურის დავითის პირით თქვი სულიწმიდით: რად ბობოქრობენ ხალხები და რატომ განიზრახავენ ერები ამაოებას?
- 26
ამხედრებულან ქვეყნიერების მეფენი და მბრძანებელნი და შეთქმულან უფლისა და მისი ცხებულის წინააღმდეგ.
- 27
რადგან მართლაც შეიკრიბნენ ამ ქალაქში შენი წმიდა მსახურის, შენი ცხებულის, იესოს წინააღმდეგ ჰეროდე და პონტოელი პილატე, წარმართებთან და ისრაელის ხალხთან ერთად,
- 28
რომ მოემოქმედათ ის, რაც წინასწარ განსაზღვრა შენმა ხელმა და შენმა ნებამ.
- 29
ახლა კი, უფალო, შეხედე მათ მუქარას და მიეცი შენს მონებს ძალა, რომ მთელი გაბედულებით ილაპარაკონ შენი სიტყვა,
- 30
როცა გაიწვდი შენს ხელს განსაკურნებლად, ნიშნებისა და სასწაულების მოსახდენად შენი წმიდა მსახურის, იესოს სახელით”.
- 31
და შეიძრა ის ადგილი მათი ლოცვისას, სადაც შეკრებილიყვნენ, ყველანი სულიწმიდით აღივსნენ და გაბედულად ლაპარაკობდნენ ღმერთის სიტყვას.
- 32
უამრავ მორწმუნეს ერთი გული და ერთი სული ჰქონდა; და არც ერთი თავის ქონებას თავისად არ მიიჩნევდა, არამედ ყველაფერი საერთო ჰქონდათ.
- 33
მოციქულები დიდი ძალით მოწმობდნენ უფალ იესოს აღდგომას, და დიდი მადლი იყო ყველა მათგანზე.
- 34
არავინ იყო მათ შორის გაჭირვებული, რადგან ყველა, ვინც ყანების ან სახლების მესაკუთრე იყო, ყიდდა, საფასური მოჰქონდა და
- 35
დებდა მოციქულთა ფერხთით; და თითოეულს უნაწილდებოდა, ვისაც რა სჭირდებოდა.
- 36
ასევე იოსებმაც, რომელსაც მოციქულებმა ბარნაბა (რაც ნუგეშისცემის ძედ ითარგმნება) შეარქვეს, ლევიანმა, წარმოშობით კვიპროსელმა,
- 37
გაყიდა თავისი ყანა, ფული მოიტანა და მოციქულთა ფერხთით დადო.