საქმენი მოციქულთა 19
- 1
აპოლონის კორინთოში ყოფნისას, პავლემ ზემო ქვეყნები მოიარა, მივიდა ეფესოში და იპოვა ზოგიერთი მოწაფეთაგანი.
- 2
უთხრა მათ: "როცა ირწმუნეთ, თუ მიიღეთ სულიწმიდა?” მიუგეს: "არც კი გაგვიგია, თუ არსებობს სულიწმიდა”.
- 3
უთხრა: "მაშ, რაღაში მოინათლეთ?” უპასუხეს: "იოანეს ნათლობაში”.
- 4
თქვა პავლემ: "იოანე მონანიების ნათლობით ნათლავდა და ეუბნებოდა ხალხს, რომ მის შემდგომ მომავალი ერწმუნათ, ანუ იესო ქრისტე.
- 5
ეს რომ გაიგეს, უფალ იესოს სახელით მოინათლნენ.
- 6
როცა ხელები დაასხა მათ პავლემ, გადმოვიდა მათზე სულიწმიდა, ენებზე ალაპარაკდნენ და წინასწარმეტყველებდნენ.
- 7
სულ თორმეტიოდე კაცი იქნებოდა.
- 8
შევიდა სინაგოგაში და სამი თვე გაბედულად საუბრობდა და არწმუნებდა ღმერთის სამეფოს შესახებ.
- 9
მაგრამ, როცა ზოგიერთები გაჯიუტდნენ, არ ირწმუნეს და საჯაროდ ბოროტად ლაპარაკობდნენ უფლის გზაზე, მიატოვა ისინი, გამოაცალკევა მოწაფენი და ყოველდღე შეაგონებდა ტირანუსის სკოლაში.
- 10
ასე გასტანა ორ წელიწადს, და აზიის ყველა მკვიდრი ისმენდა უფლის სიტყვას - როგორც იუდევლები, ისე ბერძნებიც.
- 11
ღმერთი კი უჩვეულო სასწაულებს ახდენდა პავლეს ხელით.
- 12
ისე რომ, როცა ავადმყოფებს მისი სხეულიდან აღებულ საბურველებსა და სარტყელებს ადებდნენ, ბოლო ეღებოდა მათ სნეულებას და ავი სულები გამოდიოდნენ მათგან.
- 13
ზოგიერთმა მოხეტიალე შემლოცველმა იუდეველმაც იწყო უფალ იესოს სახელის ხსენება ავი სულებით შეპყრობილებზე; ამბობდნენ: გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო.
- 14
ამას აკეთებდა ერთი იუდეველი მღვდელმთავრის, სკევას შვიდი ვაჟი.
- 15
მაგრამ მიუგო ავმა სულმა და უთხრა მათ: "იესოსაც ვიცნობ და პავლეც ვიცი, თქვენ კი ვინა ხართ?”
- 16
დაეძგერა მათ ის კაცი, რომელშიც ავი სული იყო, სძლია და ისე სცემა, რომ შიშვლები და დასახიჩრებულები გამოცვივდნენ იმ სახლიდან.
- 17
და ცნობილი გახდა ეს ამბავი ეფესოში მცხოვრები ყველა იუდეველისა და ბერძენისთვის; თავზარი დაეცა ყველას და განდიდდა უფალ იესოს სახელი.
- 18
მრავალი მოდიოდა მათგან, ვინც ირწმუნა და აღიარებდა და აცხადებდა თავის საქმეებს.
- 19
ბევრმა მათგანმა, ვინც ჯადოსნობას ეწეოდა, მოაგროვა წიგნები და დაწვა ყველას თვალწინ. აღრიცხეს მათი ფასი და ორმოცდაათი ათასი ვერცხლი გამოვიდა.
- 20
ასე ძლევამოსილად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.
- 21
ამ ამბების დასრულების შემდეგ, პავლემ სულით გადაწყვიტა მაკედონიისა და აქაიის გავლით იერუსალიმში წასვლა და თქვა: "იქ რომ მივალ, მერე რომიც უნდა მოვინახულო”.
- 22
მაკედონიაში ორი თავისი მსახური - ტიმოთე და ერასტოსი გაგზავნა, თვითონ კი დროებით აზიაში დარჩა.
- 23
იმ დროს, არამცირე მღელვარება მოხდა უფლის გზის წინააღმდეგ.
- 24
ვერცხლისმჭედელმა დემეტრემ, არტემიდეს ვერცხლის ტაძრებს რომ აკეთებდა, რითაც არამცირე საქმეს აძლევდა ხელოსნებს,
- 25
შეკრიბა ამ ხელობის ხალხი და უთხრა: "კაცნო, თქვენ იცით, რომ ამ ხელობაზეა დამოკიდებული ჩვენი კეთილდღეობა.
- 26
ხედავთ და გესმით, რომ არა მარტო ეფესოში, არამედ თითქმის მთელ აზიაში, ამ პავლემ თავისი ქადაგებით გადააცდინა ამდენი ხალხი, რაკი ამბობს, ადამიანის ხელით შექმნილნი, არ არიანო ღმერთები.
- 27
მალე არა მარტო ჩვენი ხელობა გახდება სამარცხვინო, არამედ დიდი ქალღმერთის, არტემიდეს ტაძარიც აღარაფრად ჩაითვლება და დაემხობა მისი სიდიადე, ახლა რომ თაყვანს სცემს მთელი აზია და მსოფლიო”.
- 28
ეს რომ მოისმინეს, რისხვით აღივსნენ და იყვირეს: "დიდია ეფესელთა არტემისი!”
- 29
მთელი ქალაქი მღელვარებამ მოიცვა. შეიპყრეს მაკედონელი არისტარქოსი და გაიუსი, პავლეს თანამგზავრნი, და ერთსულოვნად თეატრონისკენ გაეშურნენ.
- 30
პავლემ ხალხში გასვლა მოინდომა, მაგრამ მოწაფეებმა არ გაუშვეს;
- 31
ასევე ზოგიერთმა აზიელმა მთავარმა, მის მეგობართაგან, კაცი გაუგზავნა და სთხოვა, არ გამოჩენილიყო თეატრონში.
- 32
ერთნი ერთს გაჰყვიროდნენ, მეორენი კი - მეორეს, ვინაიდან ძალზე დაბნეული იყო კრებული და უმრავლესობამ არ იცოდა, რისთვის იყვნენ შეკრებილნი.
- 33
ხალხიდან იუდეველთა წარმომადგენელი, ალექსანდრე გამოიყვანეს, მან ხელით ანიშნა, უნდოდა თავი ემართლა ხალხის წინაშე,
- 34
მაგრამ, როცა შეიტყეს, რომ ისიც იუდეველი იყო, ყველა ერთხმად აყვირდა და თითქმის ორ საათს გაჰკიოდნენ: დიდიაო ეფესელთა არტემისი!
- 35
ქალაქის მწერალმა დააწყნარა ხალხი და თქვა: "ეფესელო კაცებო, ვინ არ იცის, რომ ქალაქი ეფესო დიდი არტემიდეს და ციდანმოვლენილის ტაძრის მცველია?
- 36
და რაკი ამაში ეჭვი არავის ეპარება, მშვიდად ყოფნა გმართებთ და წინდაუხედავად არ უნდა მოიქცეთ.
- 37
მოგიყვანიათ ეს ხალხი, რომლებიც არც ტაძრის მძარცველნი არიან და არც ჩვენი ქალღმერთის მგმობელნი.
- 38
თუ დემეტრესა და მასთან ერთად სხვა ხელოსნებს ვინმეზე აქვთ საჩივარი, სამსჯავროც გვაქვს და პროკონსულებიც გვყვანან, და უჩივლონ ერთმანეთს.
- 39
ხოლო თუ სხვა რამეს ეძებთ, ესეც კანონიერ კრებაზე უნდა გადაწყდეს.
- 40
ვინაიდან საფრთხე გვაქვს, რომ დღევანდელი არეულობისთვის ბრალი დაგვდონ, რადგან არ არსებობს მიზეზი, ამ თავყრილობის გამართლება რომ შევძლოთ".
- 41
ეს თქვა და დაითხოვა შეკრებილნი.