საქმენი მოციქულთა 18
- 1
ამის შემდეგ, ათენიდან წამოსული, კორინთოში მივიდა.
- 2
ნახა იქ ერთი იუდეველი, სახელად აკვილა, წარმოშობით პონტოელი, რომელიც ახალი დაბრუნებული იყო იტალიიდან თავის ცოლთან, პრისკილასთან ერთად, რადგან კლავდიუსის ბრძანებით, ყველა იუდეველს უნდა დაეტოვებინა რომი; და მივიდა მათთან.
- 3
და რაკი ერთი ხელობა ჰქონდათ, მათთან დარჩა და მუშაობდა, ვინაიდან მათი ხელობაც მეკარვეობა იყო.
- 4
ყოველ შაბათს ლაპარაკობდა სინაგოგაში და არწმუნებდა იუდევლებსა და ბერძნებს.
- 5
ხოლო, როცა სილა და ტიმოთე მაკედონიიდან ჩამოვიდნენ, პავლემ მთლიანად ქადაგებას მიუძღვნა თავი, და უმოწმებდა იუდევლებს, რომ იესოა ქრისტე.
- 6
მაგრამ იმის გამო, რომ ეწინააღმდეგებოდნენ და გმობდნენ ისინი, ტანისამოსი დაიბერტყა და უთხრა მათ: "თქვენს თავზე იყოს თქვენივე სისხლი! მე უბრალო ვარ; ამიერიდან წარმართებთან მივდივარ”.
- 7
წავიდა იქიდან და ერთი ღვთისმოშიშის, სახელად იუსტუსის, სახლში მივიდა, რომელიც სინაგოგის გვერდით იდგა.
- 8
ხოლო კრისპოსმა, სინაგოგის მთავარმა მთელ თავის სახლთან ერთად ირწმუნა უფალი; ასევე მრავალმა კორინთოელმა, სიტყვა მოისმინა, ირწმუნა და მოინათლა.
- 9
უთხრა ღამით უფალმა ჩვენებაში პავლეს: "ნუ შეგეშინდება, არამედ ილაპარაკე და ნუ დადუმდები.
- 10
ვინაიდან მე ვარ შენთან და თავს ვერავინ დაგესხმება, რადგან ბევრი ხალხი მყავს ამ ქალაქში”.
- 11
წელიწადნახევარს დარჩა იქ და ასწავლიდა მათ ღვთის სიტყვას.
- 12
იმ დროს, როცა გალიონი იყო აქაიას პროკონსულად, იუდევლები ერთსულოვნად აღუდგნენ წინ პავლეს და სამსჯავროში მიიყვანეს.
- 13
თქვეს: "ეს კაცი არწმუნებს ხალხს, რომ რჯულის საწინააღმდეგოდ ეთაყვანონ ღმერთს”.
- 14
როცა ხმის ამოღება დააპირა პავლემ, უთხრა გალიონმა იუდევლებს: "იუდევლებო! ეს რომ რაიმე დანაშაული ან ბოროტმოქმედება ყოფილიყო, მართლაც უნდა მომესმინა თქვენთვის;
- 15
მაგრამ, როცა სარჩელი თქვენს წერილებს, სახელებსა და რჯულს ეხება, თქვენ თვითონ მიხედეთ; მე არ მსურს ამის მსაჯული ვიყო”.
- 16
და გამოყარა ისინი სამსჯავროდან.
- 17
მაშინ შეიპყრეს სინაგოგის მთავარი სოსთენი და სამსჯავროს წინ სცემეს; გალიონს კი არაფერი ანაღვლებდა ამათგან.
- 18
პავლე კიდევ კარგა ხანს დარჩა იქ; მერე გამოეთხოვა ძმებს და პრისკილასა და აკვილასთან ერთად სირიისკენ გასცურა. კენქრეში გადაიპარსა თავი, რადგან აღთქმა ჰქონდა დადებული.
- 19
ეფესოს რომ მიაღწია, ისინი იქ დატოვა, თვითონ სინაგოგაში შევიდა და ესაუბრა იუდევლებს.
- 20
სთხოვეს, მეტ ხანს დარჩენილიყო მათთან, მაგრამ არ დათანხმდა.
- 21
გამოეთხოვა მათ და თქვა: "მომავალი დღესასწაული აუცილებლად იერუსალიმში უნდა გავატარო; თუ ღმერთმა ინება, თქვენთან ისევ დავბრუნდები”. და გასცურა ეფესოდან.
- 22
კესარიაში ჩასვლის შემდეგ იერუსალიმში ავიდა, მოიკითხა ეკლესია და მერე ანტიოქიაში წავიდა.
- 23
ერთხანს იქ დაჰყო, იქიდან წამოსულმა რიგრიგობით მოიარა ჯერ გალატელთა, შემდეგ კი ფრიგიის ქვეყანა, და განამტკიცებდა მოწაფეებს.
- 24
ჩავიდა ეფესოში ერთი იუდეველი, სახელად აპოლო, წარმოშობით ალექსანდრიელი, კაცი მჭევრმეტყველი და ძლიერი წერილებში.
- 25
განსწავლული იყო იგი უფლის გზებში, მხურვალე სულით ლაპარაკობდა და ზუსტად ასწავლიდა იესოს შესახებ, თუმცა მხოლოდ იოანეს ნათლისცემა იცოდა.
- 26
მან გაბედულად იწყო ლაპარაკი სინაგოგაში. როცა მოუსმინეს აკვილამ და პრისკილამ, თან წაიყვანეს და უფრო ზუსტად აუხსნეს უფლის გზა.
- 27
ხოლო აქაიაში წასვლა რომ განიზრახა, ძმებმა გაამხნევეს იგი და მისწერეს მოწაფეებს მასპინძლობა გაეწიათ მისთვის. ისიც მივიდა და ბევრს ეხმარებოდა მათ, ვინც ირწმუნა მადლის მეშვეობით.
- 28
რადგან მოურიდებლად საჯაროდ ამხელდა იუდევლებს და წერილების მიხედვით ამტკიცებდა, რომ იესოა ქრისტე.