საქმენი მოციქულთა 20
- 1
ამბოხი რომ ჩაცხრა, პავლემ დაიბარა მოწაფეები, გაამხნევა, დაემშვიდობა, გამოვიდა და მაკედონიისკენ გაემართა.
- 2
იმ ადგილებში გავლისას, მრავალი სიტყვით ამხნევებდა მორწმუნეებს და საბერძნეთში ჩავიდა;
- 3
სამ თვეს გაჩერდა იქ და სირიაში გადაცურვა დააპირა, მაგრამ რაკი შეთქმულება მოუწყვეს იუდევლებმა, მაკედონიის გზით მოისურვა დაბრუნება.
- 4
აზიამდე თან ახლდნენ ბერეიელი სოპატრე პიროსი, თესალონიკელთაგან არისტარქოსი და სეკუნდოსი, დერბელი გაიუსი და ტიმოთე; აზიელთაგან კი - ტიქიკოსი და ტროფიმე.
- 5
ისინი წინ წავიდნენ, რათა ტროაში დაგვლოდებოდნენ.
- 6
ჩვენ კი უფუარობის შემდეგ გავცურეთ ფილიპედან და მეხუთე დღეს მივედით მათთან ტროაში, სადაც შვიდ დღეს გავჩერდით.
- 7
კვირის პირველ დღეს, როცა პურის გასატეხად შევიკრიბეთ, პავლე ელაპარაკებოდა მათ და რაკი მეორე დღეს აპირებდა გამგზავრებას, შუაღამემდე გაუგრძელდა სიტყვა.
- 8
ზედათვალში, სადაც შეკრებილები ვიყავით, ბევრი ლამპარი ენთო.
- 9
ერთი ჭაბუკი, სახელად ევტიხი, სარკმლის რაფაზე იჯდა. პავლეს რომ სიტყვა გაუგრძელდა, ჭაბუკი ძილქუშმა მოიცვა, მძინარე მესამე სართულიდან გადავარდა და მკვდარი აიყვანეს.
- 10
ჩამოვიდა პავლე, დაემხო მას, მოეხვია და თქვა: "ნუ შეშფოთდებით, რადგან მისი მშვინვა მასშივეა”.
- 11
ზევით ავიდა, პური გატეხა და ჭამა, კარგა ხანს საუბრობდა, განთიადამდე, შემდეგ კი წავიდა.
- 12
ყრმა კი ცოცხალი ამოიყვანეს, რამაც დიდად ანუგეშა ისინი.
- 13
ჩვენ დავწინაურდით და ასოსისკენ გავცურეთ ხომალდით, რადგან იქიდან უნდა აგვეყვანა პავლე; ასე გვიბრძანა, ვინაიდან თავად ფეხით აპირებდა წამოსვლას.
- 14
ასოსში რომ ვნახეთ, წამოვიყვანეთ და მიტილენეში მივედით.
- 15
იქიდან გავცურეთ და მომდევნო დღეს ხიოსის პირდაპირ დავდექით; მეორე დღეს სამოსს მივადექით, ტრიგოლიუმში შევჩერდით და ერთი დღის შემდეგ მილეტში მივედით.
- 16
პავლემ ეფესოსთვის გვერდის ავლა გადაწყვიტა, რათა აზიაში არ დაყოვნებულიყო; ჩქარობდა, უნდოდა მეერგასე დღეს, თუ მოუხერხდებოდა, იერუსალიმში ყოფილიყო.
- 17
მილეტიდან კაცი მიავლინა ეფესოში და ეკლესიის უხუცესები დაიბარა.
- 18
როცა მოვიდნენ, უთხრა: "თქვენ იცით, რომ პირველივე დღიდან, რაც აზიაში მოვედი, მუდამ თქვენთან ვიყავი;
- 19
ვემსახურებოდი უფალს სრული თავმდაბლობით, მრავალი ცრემლითა და განსაცდელით, რაც იუდეველთა შეთქმულებით შემემთხვა;
- 20
სასარგებლო არაფერი დამიკავებია თქვენთვის, რაც არ გაგიცხადეთ და გასწავლეთ საჯაროდ თუ სახლებში;
- 21
ვუმოწმებდი იუდევლებსა და ბერძნებს ღვთის წინაშე მონანიებას და ჩვენი უფლის იესო ქრისტეს რწმენას.
- 22
და აჰა, ახლა სულში შეკრული მივდივარ იერუსალიმში და არ ვიცი, იქ რა შემემთხვევა.
- 23
მხოლოდ სულიწმიდა მიმოწმებს და მეუბნება ყველა ქალაქში, რომ ბორკილები და ჭირი მელის.
- 24
მაგრამ სიცოცხლე არად მიღირს, ოღონდ კი დავასრულებდე ჩემს სარბიელსა და მსახურებას, უფალ იესოსგან რომ მივიღე, რათა დავამოწმო ღვთის მადლის სახარება.
- 25
და აჰა, ახლა ვიცი, რომ ვეღარ იხილავს ჩემს სახეს ვერცერთი თქვენგანი, რომელთა შორისაც დავდიოდი და ღვთის სამეფოს ვქადაგებდი.
- 26
ამიტომ გიმოწმებთ თქვენ ამ დღეს, რომ უბრალო ვარ ყველა სისხლისგან.
- 27
რადგან არაფერი დამიკავებია და ღმერთის სრული ნება განგიცხადეთ.
- 28
მაშ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და თქვენს მთელ სამწყსოსაც, რომლის მეთვალყურედაც დაგაყენათ სულიწმიდამ, რათა მწყემსოთ ღმერთის ეკლესია, რომელიც მან საკუთარი სისხლით შეიძინა.
- 29
რადგან ვიცი, რომ ჩემი წასვლის შემდეგ ულმობელი მგლები შემოგივარდებიან, რომლებიც არ დაინდობენ სამწყსოს.
- 30
თვით თქვენგანაც აღდგებიან კაცები, რომლებიც უკუღმართად ილაპარაკებენ, რათა გადაიბირონ მოწაფენი.
- 31
ამიტომ ფხიზლად იყავით, გახსოვდეთ, რომ სამ წელიწადს, დღე და ღამე, განუწყვეტლივ ცრემლით ვასწავლიდი თითოეულ თქვენგანს.
- 32
ახლა კი, ძმებო, მიგანდობთ უფალს და მისი მადლის სიტყვას, რომელსაც შეუძლია აგაშენოთ და ყველა განწმედილს შორის მოგცეთ სამკვიდრებელი.
- 33
არავისი არც ვერცხლი მდომებია, არც ოქრო, არც ტანისამოსი.
- 34
თქვენ თვითონ იცით, რომ ეს ჩემი ხელები ემსახურებოდნენ ჩემი და ჩემთან მყოფების საჭიროებებს.
- 35
ყოველნაირად გიჩვენეთ, რომ ასეთი შრომით უნდა ეხმარებოდეთ უძლურებს და გახსოვდეთ უფალ იესოს სიტყვა, როგორც თქვა: "გაცემა მეტი ნეტარებაა, ვიდრე მიღება”.
- 36
ეს რომ თქვა, მუხლი მოიყარა და ყველასთან ერთად ილოცა.
- 37
მაშინ ატირდნენ ყველანი, ყელზე ეხვეოდნენ და ეამბორებოდნენ პავლეს.
- 38
უფრო მეტად იმ სიტყვის გამო წუხდნენ, რომ თქვა, ჩემს სახეს ვეღარ იხილავთო; და ხომალდამდე მიაცილეს.