ლუკა 9
- 1
მოუხმო თორმეტს, მისცა მათ ძალა და ხელმწიფება ყველა ეშმაკზე, და სნეულებათა განსაკურნებლად.
- 2
მიავლინა ისინი ღმერთის სამეფოს საქადაგებლად და სნეულთა განსაკურნად.
- 3
უთხრა მათ: "გზაში არაფერი წაიღოთ, არც კვერთხი, არც ფუთა, არც პური, არც ვერცხლი და არც ორი მოსასხამი იქონიოთ.
- 4
რომელ სახლშიც შეხვალთ, იქ დარჩით და იქიდანვე გაემგზავრეთ.
- 5
ხოლო თუ სადმე არ მიგიღონ, იმ ქალაქიდან გამოსვლისას თქვენს ფერხთაგან მტვერი დაიბერტყეთ მათ წინააღმდეგ დასამოწმებლად”.
- 6
გამოვიდნენ და სოფელსოფელ სიარული იწყეს; ყველგან ახარებდნენ და კურნავდნენ.
- 7
მეოთხედმთავარმა ჰეროდემ რომ გაიგო, რასაც იესო აკეთებდა, საგონებელში ჩავარდა, ვინაიდან ზოგი ამბობდა, იოანე აღდგაო მკვდრეთით;
- 8
ზოგიც - ელია გამოჩნდაო, სხვები - ერთი ძველი წინასწარმეტყველთაგანი აღმდგარაო.
- 9
თქვა ჰეროდემ: "იოანეს თავი მე მოვკვეთე, ეს ვინღაა, ვისზეც ასეთი ამბები მესმის?” და უნდოდა მისი ნახვა.
- 10
დაბრუნდნენ მოციქულები და უამბეს, რაც გააკეთეს. წაიყვანა ისინი და ბეთ-საიდად წოდებულ ქალაქთან ახლოს განმარტოვდა.
- 11
მაგრამ ხალხმა მაინც შეიტყო და გაჰყვა მას. ისიც ღებულობდა მათ და ელაპარაკებოდა ღმერთის სამეფოზე, ხოლო ვისაც განკურნება ესაჭიროებოდა, კურნავდა.
- 12
დღე რომ საღამოსკენ გადაიხარა, მიუახლოვდა თორმეტი და უთხრეს: "გაუშვი ეს ხალხი, რომ წავიდნენ და გარშემო სოფლებსა და დაბებში ღამის გასათევი და საზრდო იშოვნონ, რადგან უდაბურ ადგილას ვიმყოფებით”.
- 13
მან კი მიუგო: "თქვენ მიეცით საჭმელი”. უთხრეს: "ხუთი პურისა და ორი თევზის მეტი არაფერი გაგვაჩნია, თუ არ წავედით და საჭმელი არ ვუყიდეთ მთელ ხალხს”.
- 14
რადგან ხუთი ათასამდე კაცი იქნებოდა იქ. უთხრა თავის მოწაფეებს: "ჯგუფებად დასხით ისინი, თითოში ორმოცდაათამდე იყოს”.
- 15
ასე მოიქცნენ და ყველანი დასხეს.
- 16
აიღო ხუთი პური და ორი თევზი, ზეცას ახედა, აკურთხა, დატეხა და მისცა მოწაფეებს, რომ ხალხისთვის ჩამოერიგებინათ.
- 17
ყველამ ჭამა და გაძღა, ხოლო ნარჩენებით თორმეტი გოდორი გაავსეს.
- 18
და იყო: ერთხელ განმარტოებული ლოცულობდა და მოწაფეებიც მასთან იყვნენ. ჰკითხა მათ იესომ: "რას ამბობს ხალხი, ვინა ვარ მე?”
- 19
მიუგეს: "ზოგი ამბობს, იოანე ნათლისმცემელიაო; ზოგი ელიად გთვლის, სხვები კი ამბობენ, ვინმე ძველი, აღმდგარი წინასწარმეტყველიაო”.
- 20
იესომ უთხრა: "თქვენ თვითონ რას ამბობთ, ვინა ვარ მე?” პეტრემ მიუგო: "ღმერთის ცხებული”.
- 21
მან კი მკაცრად უბრძანა, არავისთვის გაემხილათ ეს.
- 22
უთხრა: "მრავალ ტანჯვას გადაიტანს ძე კაცისა და უარყოფილ იქნება უხუცესების, მღვდელმთავრებისა და მწიგნობრების მიერ, მოიკვლება და მესამე დღეს აღდგება”.
- 23
ყველას გასაგონად კი თქვა: "თუ ვინმეს უნდა გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, ყოველდღე აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს.
- 24
ვინაიდან, ვისაც სურს თავისი სული იხსნას, იგი დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაღუპავს თავის სულს, იგი იხსნის მას.
- 25
რადგან რა სარგებელია ადამიანისთვის, თუ მთელ წუთისოფელს შეიძენს, თავის თავს კი დაღუპავს ან ავნებს?
- 26
ვინაიდან ვისაც ჩემი და ჩემი სიტყვების რცხვენია, კაცის ძესაც შერცხვება მისი, როცა მოვა თავისი, მამისა და წმიდა ანგელოზების დიდებით”.
- 27
"ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ ღმერთის სამეფოს არ იხილავენ”.
- 28
ამ სიტყვებიდან რვა დღის შემდეგ, წაიყვანა პეტრე, იოანე და იაკობი და მთაზე ავიდა სალოცად.
- 29
როცა ლოცულობდა, მისი სახის იერი შეიცვალა, ხოლო მისი სამოსელი მოელვარე და სპეტაკი გახდა.
- 30
და აჰა, ორი კაცი ესაუბრებოდა მას; მოსე და ელია.
- 31
დიდებაში გამოჩნდნენ და ელაპარაკობდნენ მის გამოსვლაზე, რომელიც იერუსალიმში უნდა აღსრულებულიყო.
- 32
პეტრე და მასთან მყოფნი ძილით იყვნენ დამძიმებულნი; როცა გამოფხიზლდნენ, იხილეს მისი დიდება და მასთან მდგომი ორი კაცი.
- 33
ისინი რომ შორდებოდნენ მას, პეტრემ უთხრა იესოს: "მოძღვარო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა, მოდი გავაკეთოთ სამი კარავი - ერთი შენ, ერთი მოსეს, და ერთიც ელიას”. ვინაიდან არ იცოდა, რას ლაპარაკობდა.
- 34
ამას რომ ამბობდა, ღრუბელი გამოჩნდა და დაჩრდილა ისინი. ღრუბელში რომ შევიდნენ, შეეშინდათ.
- 35
და გაისმა ხმა ღრუბლიდან, რომელიც ამბობდა: "ეს არის ძე ჩემი რჩეული, მას უსმინეთ”.
- 36
ეს ხმა რომ გაისმა, იესო მარტო აღმოჩნდა. ისინი კი დადუმდნენ და არავისთვის უთქვამთ, რაც იმ დღეებში იხილეს.
- 37
მეორე დღეს მთიდან რომ ჩამოვიდნენ, უამრავი ხალხი შეეგება მას.
- 38
და აჰა, კაცმა შეჰყვირა იმ ხალხში: "მოძღვარო, გევედრები, ჩემს ვაჟს მოხედე, რადგან მხოლოდშობილია ჩემი.
- 39
აჰა, სული იპყრობს მას; მოულოდნელად აკივლებს, ძირს ახეთქებს, დუჟს ადენს, და ძნელად თუ განშორდება ნაგვემს.
- 40
შევევედრე შენს მოწაფეებს, რომ განედევნათ, მაგრამ ვერ შეძლეს”.
- 41
იესომ თქვა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ, როდემდე ვიყო თქვენთან და გითმინოთ? აქ მომგვარე შენი ვაჟი".
- 42
ვიდრე მოვიდოდა, ეშმაკმა ძირს დაახეთქა და კრუნჩხვაში ჩააგდო. იესომ შერისხა არაწმიდა სული, განკურნა ყრმა და მამამისს ჩააბარა.
- 43
ყველა გაოცებული იყო ღმერთის სიდიადით; და რაკი ყველას უკვირდა იესოს ნამოქმედარი, უთხრა თავის მოწაფეებს:
- 44
"ყურად იღეთ ეს სიტყვები: კაცის ძე გადაცემულ იქნება ადამიანთა ხელში”.
- 45
მაგრამ ვერ მიხვდნენ ამ ნათქვამს და დაფარული იყო მათთვის, რათა ვერ ჩასწვდომოდნენ; თან ეშინოდათ, რომ ეკითხათ, ნათქვამის აზრის შესახებ.
- 46
მაგრამ ერთი აზრი კი დაებადათ: ვინ იყო უდიდესი მათ შორის.
- 47
იესომ იცოდა მათი გულის ფიქრები, მოიყვანა ბავშვი და გვერდით დაიყენა.
- 48
უთხრა მათ: "ვინც ღებულობს ამ ბავშვს ჩემი სახელით, ის მე მღებულობს. ხოლო, ვინც მე მღებულობს, ის ჩემს მომავლინებელსაც ღებულობს; ყველა თქვენგანში უმცირესი კი, ყველაზე დიდი იქნება”.
- 49
მიუგო იოანემ პასუხად: "მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ ვიღაც, ვინც შენი სახელით სდევნის ეშმაკებს და დავუშალეთ მას, რადგან ჩვენ არ მოგვყვება”.
- 50
იესომ უთხრა: "ნუ დაუშლით, ვინაიდან, ვინც თქვენ წინააღმდეგ არ არის, თქვენკენაა”.
- 51
მისი ამაღლების დღეები რომ მოახლოვდა, პირი იერუსალიმში ასასვლელად იბრუნა.
- 52
წინდაწინ მიავლინა მაცნეები. ისინიც გაემგზავრნენ და შევიდნენ სამარიელთა სოფელში, რათა ადგილი გაემზადებინათ მისთვის.
- 53
მაგრამ იქ არ მიიღეს იგი, ვინაიდან სახე იერუსალიმისკენ წასასვლელად ჰქონდა მიმართული.
- 54
ეს რომ მისმა მოწაფეებმა, იაკობმა და იოანემ დაინახეს, უთხრეს: "უფალო, გინდა, ვიტყვით, რომ ცეცხლი ჩამოვიდეს ციდან და მოსპოს ისინი, როგორც ელიამ გააკეთა?”
- 55
მაგრამ ის მიბრუნდა მათკენ, გაუჯავრდა და უთხრა: "არ იცით, ვისი სულისანი ხართ!
- 56
ვინაიდან, ძე კაცისა ადამიანთა სულების დასაღუპად კი არა, სახსნელად მოვიდა!” და წავიდნენ მეორე სოფელში.
- 57
გზას რომ ადგნენ, ვიღაცამ უთხრა: "გამოგყვები, სადაც კი წახვალ”.
- 58
იესომ უთხრა: "მელიებს სოროები აქვთ და ცის ფრინველთ - ბუდეები. კაცის ძეს კი თავის მისადრეკი არ გააჩნია”.
- 59
მეორეს კი უთხრა: "გამომყევი”. მან თქვა: "უფალო, ნება მომეცი, ჯერ წავიდე და მამაჩემი დავმარხო”.
- 60
მან კი მიუგო: "მკვდრებს დაანებე თავიანთი მკვდრების დამარხვა. შენ კი წადი და იქადაგე ღმერთის სამეფო”.
- 61
სხვამ უთხრა: "გამოგყვები, უფალო, ოღონდ ჯერ ნება მომეცი შინაურებს გამოვემშვიდობო”.
- 62
უთხრა მას იესომ: "ვინც გუთანს უდგას და თან უკან იყურება, ღმერთის სამეფოსთვის არ გამოდგება!”