ლუკა 8
- 1
ამის შემდეგ ქალაქიდან ქალაქში, დაბიდან დაბაში დადიოდა; ქადაგებდა და ახარებდა ღმერთის სამეფოს. და თორმეტნიც მასთან იყვნენ.
- 2
ასევე ზოგი დედაკაციც, რომლებიც ავი სულებისა და სნეულებებისგან განკურნა: მარიამი, მაგდალელად წოდებული, ვისგანაც შვიდი ეშმაკი განდევნა;
- 3
იოანა, ჰეროდეს სახლმმართველ ქოზას ცოლი, სუსანა და ბევრი სხვა, რომლებიც ემსახურებოდნენ მას თავიანთი ქონებით.
- 4
დიდძალი ხალხი რომ მოგროვდა და ქალაქის მცხოვრებნიც მოვიდნენ, იგავის მეშვეობით ილაპარაკა მან:
- 5
"გამოვიდა მთესველი თავისი თესლის დასათესად; თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა, გაითელა და ცის ფრინველებმა აკენკეს.
- 6
ზოგი კლდოვან ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და მაშინვე გახმა, რადგან სინოტივე აკლდა.
- 7
ზოგი ეკლებში ჩავარდა, ეკალი გაიზარდა და მოაშთო.
- 8
ზოგი კი კარგ ნიადაგზე დავარდა, აღმოცენდა და ასმაგი ნაყოფი გამოიღო”. ეს თქვა და დაიძახა: "ვისაც სასმენად აქვს ყურები, ისმინოს!”
- 9
მოწაფეებმა ჰკითხეს, რას ნიშნავდა ეს იგავი?
- 10
მან თქვა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოებათა ცოდნა, სხვებს კი იგავებით მიეცათ ისე, რომ უყურებდნენ და ვერ ხედავდნენ, ისმენდნენ და ვერ იგებდნენ.
- 11
ხოლო ეს იგავი ამას ნიშნავს: ის თესლი ღმერთის სიტყვაა.
- 12
გზის პირას დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ; მერე მოდის ეშმაკი და მიაქვს სიტყვა მათი გულიდან, რომ არ ირწმუნონ და არ გადარჩნენ.
- 13
კლდოვანზე დაცვენილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას და სიხარულით მიიღებენ, მაგრამ ფესვი არა აქვთ და მხოლოდ მცირე ხანს სწამთ, განსაცდელის ჟამს კი განდგებიან.
- 14
ხოლო ეკალში ჩავარდნილნი ისინი არიან, რომლებიც ისმენენ, მაგრამ ცხოვრებისეული საზრუნავი, სიმდიდრის ძიება და განცხრომანი აშთობენ და ვეღარ მწიფდება ნაყოფი.
- 15
კარგ ნიადაგზე დაცვენილნი კი ისინი არიან, რომლებიც წრფელი და კეთილი გულით ისმენენ სიტყვას, იცავენ და მოთმინებით იძლევიან ნაყოფს.
- 16
არავინ ანთებს ლამპარს, რომ ჭურჭელი დაახუროს ან საწოლქვეშ დადოს; არამედ სალამპრეზე დებენ, რათა სინათლეს ხედავდნენ შემომსვლელნი.
- 17
რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს და არც საიდუმლო, რომ არ გამჟღავნდეს და არ გაცხადდეს.
- 18
ამიტომ დაუკვირდით, როგორ ისმენთ: ვისაც აქვს, მას მიეცემა; და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც ჰგონია, რომ აქვს”.
- 19
მოვიდნენ მასთან მისი დედა და ძმები, მაგრამ ვერ მიუახლოვდნენ ხალხის სიმრავლის გამო.
- 20
შეატყობინეს: დედაშენი და შენი ძმები გარეთ დგანან, შენი ნახვა სურთო.
- 21
ხოლო მან მიუგო და უთხრა მათ: "დედაჩემი და ჩემი ძმები ისინი არიან, რომლებიც ღმერთის სიტყვას ისმენენ და ასრულებენ”.
- 22
და იყო, ერთ დღეს თავის მოწაფეებთან ერთად ჩაჯდა ნავში და უთხრა მათ: ტბის გაღმა გავიდეთო, და გაცურეს.
- 23
ცურვისას ჩაეძინა; ტბაზე გრიგალი ამოვარდა. ნავი წყლით ევსებოდათ და საფრთხეში ჩავარდნენ.
- 24
მივიდნენ, გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, მოძღვარო, ვიღუპებით”. წამოდგა, შერისხა ქარი და ტალღები, დაცხრნენ და მყუდროება ჩამოვარდა.
- 25
მაშინ უთხრა მათ: "სად არის თქვენი რწმენა?” ისინი შიშითა და გაოცებით ეუბნებოდნენ ერთიმეორეს: "ვინ არის ეს, ქარებსაც რომ უბრძანებს და წყალსაც და ემორჩილებიან მას?”
- 26
გაცურეს გერასენელთა ქვეყნისკენ, რომელიც გალილეის გაღმა მხარესაა.
- 27
ნაპირზე რომ გადავიდა, შემოხვდა ერთი კაცი ქალაქიდან. ეშმაკები დაუფლებოდნენ მას და დიდი ხანის მანძილზე არც სამოსელი ჩაეცვა და არც სახლში ცხოვრობდა, არამედ სამარხებში.
- 28
როგორც კი იესო დაინახა, შეჰყვირა, მის წინ დაეცა და ხმამაღლა იყვირა: "რა გინდა ჩემგან, იესო, ძეო უზენაესი ღმერთისა, გევედრები, ნუ მტანჯავ”.
- 29
რადგან ამ კაცისგან გამოსვლა უბრძანა არაწმიდა სულს, ვინაიდან დიდხანს სტანჯავდა მას, ჯაჭვებითა და ბორკილებით ჰკრავდნენ, რომ დაეკავებინათ იგი, მაგრამ ის საკვრელებს წყვეტდა და ეშმაკის მიერ უდაბნოში იდევნებოდა.
- 30
ჰკითხა მას იესომ: "რა არის შენი სახელი?” მან უთხრა: "ლეგიონი”, რადგან ბევრი ეშმაკი იყო მასში შესული;
- 31
და ევედრებოდნენ იესოს, რომ არ ებრძანებინა მათთვის უფსკრულში ჩასვლა.
- 32
იქვე ღორების დიდი კოლტი ძოვდა მთაზე. ეშმაკები შეევედრნენ იესოს, ნება დაგვრთე მათში შევიდეთო; და დართო ნება.
- 33
გამოვიდნენ ეშმაკები იმ კაციდან და შევიდნენ ღორებში. კოლტი კბოდედან ტბაში გადაეშვა და ჩაიხრჩო.
- 34
ეს ამბავი რომ მეღორეებმა დაინახეს, გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს.
- 35
გამოვიდნენ მომხდარის სანახავად. მოვიდნენ იესოსთან და ნახეს კაცი, რომლისგანაც ეშმაკები გავიდნენ; იგი შემოსილი და გონსმოსული იჯდა იესოს ფერხთით; და შეეშინდათ.
- 36
უამბეს მათ, ვინც იხილა, თუ როგორ განიკურნა ეშმაკეული.
- 37
შეევედრა გერასენელთა შემოგარენის მთელი ხალხი, რომ გასცლოდა მათ, რადგან დიდმა შიშმა მოიცვა ისინი. ისიც ჩაჯდა ნავში და გაბრუნდა.
- 38
ხოლო კაცი, ვისგანაც ეშმაკები გავიდნენ, იესოს შეევედრა, წამოგყვებიო, მაგრამ მან გაუშვა და უთხრა:
- 39
"შინ დაბრუნდი და თქვი, რა გაგიკეთა ღმერთმა”. ისიც წავიდა და მთელ ქალაქში ქადაგებდა, რა გაუკეთა იესომ.
- 40
იესო რომ დაბრუნდა, ხალხი შეეგება მას, რადგან ყველანი ელოდნენ.
- 41
და აჰა, მოვიდა კაცი, სახელად იაიროსი, რომელიც სინაგოგის მთავარი იყო; დაემხო იესოს ფერხთით და შეევედრა, შინ გამომყევიო.
- 42
რადგან ერთადერთი ასული ჰყავდა, თორმეტი წლისა, და უკვდებოდა. გზად მიმავალ იესოს კი ხალხი აწყდებოდა ზედ.
- 43
და იყო ერთი ქალი, რომელიც თორმეტი წელი სისხლის დენით იტანჯებოდა; მთელი ქონება ექიმებში დახარჯა, მაგრამ ვერავინ განკურნა.
- 44
უკნიდან მიუახლოვდა, მისი ტანსაცმლის კალთას შეეხო და იმწამსვე შეუწყდა სისხლის დენა.
- 45
და იკითხა იესომ: "ვინ შემეხო?” ყველამ იუარა. პეტრემ და მასთან მყოფებმა უთხრეს: "მოძღვარო, ხალხი გარს გახვევია და ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ, ვინ შემეხოო?”
- 46
ხოლო იესომ თქვა: "ვიღაც შემეხო, რადგან ვიგრძენი, რომ ძალა გავიდა ჩემგან”.
- 47
დაინახა ქალმა, რომ ვერ დაიმალა, ძრწოლით მიუახლოვდა, დაემხო მის წინაშე და საჯაროდ განაცხადა, რა მიზეზითაც შეეხო და როგორ უცბად განიკურნა.
- 48
უთხრა მას: "ასულო, შენმა რწმენამ განგკურნა. წადი მშვიდობით!”
- 49
ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ ვიღაც მოვიდა სინაგოგის უფროსის სახლიდან და უთხრა მას: "შენი ასული მოკვდა. ნუღარ შეაწუხებ მოძღვარს”.
- 50
იესომ კი ეს რომ მოისმინა, თქვა: "ნუ გეშინია, მხოლოდ ირწმუნე და გადარჩება”.
- 51
სახლში რომ მივიდნენ, არავის დართო ნება შიგნით შესულიყო, პეტრეს, იაკობის, იოანესა და გოგონას დედ-მამის გარდა.
- 52
ყველა ტიროდა და მოთქვამდა, მან კი თქვა: "ნუ სტირით. ის არ მომკვდარა, მხოლოდ სძინავს”.
- 53
ისინი კი დასცინოდნენ მას, ვინაიდან იცოდნენ, რომ მკვდარი იყო.
- 54
მან კი დაიჭირა მისი ხელი, შესძახა და თქვა: "გოგონავ, ადექ!”
- 55
დაუბრუნდა სული და უცებ წამოდგა, მან კი ბრძანა, საჭმელი მიეცათ მისთვის.
- 56
გაოცდნენ ბავშვის მშობლები; ხოლო მან ბრძანა, არავისთვის ეთქვათ მომხდარის შესახებ.