ლუკა 10
- 1
ამის შემდეგ სხვა სამოცდაათი ამოარჩია უფალმა და ორ-ორი მიავლინა წინასწარ, ყველა იმ ქალაქსა და სოფელში, სადაც მისვლას აპირებდა.
- 2
უთხრა მათ: "სამკალი ბევრია, მუშაკი - ცოტა. ამიტომ ევედრეთ სამკალის უფალს, რომ გამოგზავნოს მუშაკნი თავის სამკალში.
- 3
წადით! აჰა, მე გაგზავნით თქვენ, როგორც კრავებს მგლებს შორის.
- 4
არც ქისა წაიღოთ თან, არც აბგა, არც ფეხსაცმელი, არც არავინ მოიკითხოთ გზაში.
- 5
რომელ სახლშიც შეხვალთ, თავდაპირველად თქვით: მშვიდობა ამ სახლს!
- 6
თუ იქნება იქ მშვიდობის ძე, მასზე დაივანებს თქვენი მშვიდობა; თუ არა და, თქვენვე დაგიბრუნდებათ.
- 7
იმავე სახლში დარჩით, ჭამეთ და სვით, რაც ექნებათ, ვინაიდან მუშა ღირსია თავისი საზღაურისა. ერთი სახლიდან მეორე სახლში ნუ გადახვალთ.
- 8
რომელ ქალაქშიც მიხვალთ და მიგიღებენ, ჭამეთ, რასაც შემოგთავაზებენ.
- 9
განკურნეთ იქ მყოფი სნეულნი და უთხარით: მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.
- 10
ხოლო თუ რომელიმე ქალაქში არ მიგიღებენ, ქუჩაში გამოსვლისას თქვით:
- 11
თქვენი ქალაქის მტვერს, ფეხებზე რომ მოგვეკრო, ვიბერტყავთ თქვენს წინაშე; ოღონდ ესეც იცოდეთ, რომ მოგიახლოვდათ-თქო ღმერთის სამეფო.
- 12
გეუბნებით, სოდომისთვის უფრო ასატანი იქნება ის დღე, ვიდრე იმ ქალაქისთვის.
- 13
ვაი შენ, ქორაზინო, და ვაი შენ, ბეთსაიდავ! რადგან ტვიროსსა და სიდონში რომ მომხდარიყო ძალთაქმედებანი, რაც თქვენთან მოხდა, დიდი ხნის წინ ძაძებსა და ნაცარში მსხდომარენი მოინანიებდნენ.
- 14
ტვიროსისა და სიდონისთვის უფრო ასატანი იქნება განკითხვისას, ვიდრე თქვენთვის.
- 15
შენ კი, კაპერნაუმო, განა ცამდე ამაღლდები? ჯოჯოხეთამდე დაეშვები.
- 16
ვინც თქვენ მოგისმენთ, მე მომისმენს; თქვენი უარმყოფელი, მე უარმყოფს; ჩემი უარმყოფელი კი ჩემს მომავლინებელს უარყოფს!”
- 17
სიხარულით დაბრუნდნენ სამოცდაათნი და ამბობდნენ: "უფალო, შენი სახელით ეშმაკებიც კი გვემორჩილებიან”.
- 18
მან კი უთხრა მათ: "ვუყურებდი სატანას ელვასავით რომ ვარდებოდა ციდან.
- 19
აჰა, გაძლევთ თქვენ ძალაუფლებას გველთა, მორიელთა და მტრის ყოველგვარი ძალის დასათრგუნად; თქვენ კი არაფერი გევნებათ.
- 20
თუმცა, ის კი ნუ გახარებთ, რომ სულები გემორჩილებიან. არამედ გიხაროდეთ ის, რომ თქვენი სახელები ზეცაშია ჩაწერილი”.
- 21
იმ დროს გაიხარა სულში იესომ და თქვა: "გმადლობ შენ, მამაო, უფალო ცისა და მიწისა, რომ ბრძენთა და გონიერთ დაუფარე ეს და ჩვილებს გამოუცხადე. დიახ, მამა, რადგან ასე იყო მოსაწონი შენ წინაშე.
- 22
ყოველივე მამისგან გადმომეცა, და არავინ იცის ვინ არის მამა, გარდა ძისა; და არავინ იცის ვინ არის ძე, გარდა მამისა, და იმისა, ვისაც ძეს სურს რომ განუცხადოს”.
- 23
მიუბრუნდა მოწაფეებს და ცალკე უთხრა: "ნეტარია თვალები, რომლებიც ხედავენ, რასაც თქვენ ხედავთ;
- 24
რადგან გეტყვით, რომ მრავალ წინასწარმეტყველსა და მეფეს სურდა ენახა, რასაც თქვენ ხედავთ, მაგრამ ვერ ნახა; ესმინა, რასაც თქვენ ისმენთ, და ვერ მოისმინა”.
- 25
აჰა, ერთი რჯულის მცოდნე წამოდგა და გამოსაცდელად ჰკითხა: "მოძღვარო, რა უნდა გავაკეთო,
- 26
იესომ უთხრა: "რჯულში როგორ წერია? შენ როგორ კითხულობ?”
- 27
მან უპასუხა: "შეიყვარე უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებით; და მოყვასი შენი, როგორც თავი შენი”.
- 28
უთხრა მას იესომ: "სწორად მიპასუხე. ასე მოიქეცი და იცოცხლებ”.
- 29
მაგრამ მას თავის გამართლება უნდოდა და ჰკითხა იესოს: "ვინ არის ჩემი მოყვასი?”
- 30
მიუგო იესომ და უთხრა მას: "ერთი კაცი იერუსალიმიდან იერიხოს მიდიოდა; თავს დაესხნენ ყაჩაღები, რომლებმაც ტანსაცმელი გახადეს, დაჭრეს და წავიდნენ; ის კი ნახევრადმკვდარი მიატოვეს.
- 31
შემთხვევით ერთმა მღვდელმა ჩამოიარა გზაზე, დაინახა იგი და გვერდი აუქცია.
- 32
ლევიანმაც ჩაიარა იმ ადგილას, დაინახა და მანაც გვერდი აუქცია.
- 33
მერე ვიღაც სამარიელმა გამოიარა, დაინახა და შეებრალა.
- 34
მივიდა, ზეთითა და ღვინით მობანა ჭრილობები, შეუხვია, შესვა თავის პირუტყვზე, მიიყვანა სასტუმროში და უპატრონა.
- 35
მეორე დღეს, სანამ წავიდოდა, ორი დინარი ამოიღო, მისცა სასტუმროს პატრონს და უთხრა: იზრუნე მასზე და, თუ ზედმეტი ხარჯი მოგივა, რომ დავბრუნდები, გადაგიხდიო.
- 36
როგორ ფიქრობ, იმ სამიდან რომელი იყო ყაჩაღების ხელში ჩავარდნილის მოყვასი?”
- 37
უპასუხა: "რომელმაც წყალობა უყო მას”. მაშინ უთხრა იესომ: "წადი და შენც ასევე მოიქეცი”.
- 38
განაგრძეს გზა და შევიდა ერთ სოფელში. დედაკაცმა, სახელად მართამ, თავის სახლში მიიწვია იგი.
- 39
მას ჰყავდა და, სახელად მარიამი, რომელიც იესოს ფერხთით დაჯდა და მის სიტყვას ისმენდა.
- 40
მართა კი გულუხვად გამასპინძლებაზე ზრუნავდა. მივიდა და უთხრა: "უფალო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ჩემმა დამ მარტოდ დამტოვა სამასპინძლოდ? უთხარი, მომეხმაროს”.
- 41
მიუგო უფალმა და უთხრა: "მართა! მართა! შენ ბევრ რამეზე ზრუნავ და წუხხარ;
- 42
საჭირო კი მხოლოდ ერთია. მარიამმა უკეთესი წილი ამოირჩია, რომელიც ვერ წაერთმევა”.