ლუკა 4
- 1
დაბრუნდა იორდანედან სულიწმიდით აღვსილი იესო და სულის მერ გაყვანილ იქნა უდაბნოში.
- 2
ორმოც დღეს იცდებოდა ეშმაკისგან და არაფერი უჭამია იმ დღეებში; მათი დასრულების შემდეგ მოშივდა.
- 3
უთხრა მას ეშმაკმა: "თუ ღმერთის ძე ხარ, უთხარი ამ ქვას, რომ პურად იქცეს”.
- 4
მიუგო მას იესომ: "დაწერილია, რომ არა მხოლოდ პურით უნდა ცოცხლობდეს კაცი, არამედ ღმერთის ნათქვამი ყოველი სიტყვით”.
- 5
აიყვანა იგი მაღალ მთაზე და ერთ წამში უჩვენა ქვეყნიერების ყველა სამეფო.
- 6
უთხრა მას ეშმაკმა: "შენ მოგცემ მთელ ამ ხელმწიფებას და მის დიდებას, რადგან მე მაქვს მოცემული და, ვისაც მინდა, იმას ვაძლევ.
- 7
თუ თაყვანს მცემ, შენი იქნება ყოველივე!”
- 8
მიუგო იესომ პასუხად: "დაწერილია: უფალს, შენს ღმერთს ეცი თაყვანი და მხოლოდ მას ემსახურე”.
- 9
წაიყვანა იგი იერუსალიმში, ტაძრის ფრთაზე დააყენა და უთხრა: "თუ ღმერთის ძე ხარ, აქედან ძირს გადაიგდე თავი,
- 10
რადგან დაწერილია: თავის ანგელოზებს უბრძანებს, რომ დაგიცვან,
- 11
და ხელში აყვანილს გატარებენ, რათა ქვას ფეხი არ წამოჰკრა”.
- 12
მიუგო იესომ და უთხრა მას: "ნათქვამია: არ გამოსცადო უფალი ღმერთი შენი”.
- 13
როცა ყველა გამოცდა დაასრულა, დრომდე გაშორდა მას ეშმაკი.
- 14
სულის ძალაში დაბრუნდა იესო გალილეაში; და მისი ამბავი მთელ იმ არე-მარეს მოედო.
- 15
ასწავლიდა მათ სინაგოგებში და განდიდებული იყო ყველას მიერ.
- 16
მივიდა ნაზარეთს, სადაც აღიზარდა და ჩვეულებისამებრ, შაბათ დღეს შევიდა სინაგოგაში და დადგა წასაკითხად.
- 17
და მიაწოდეს ესაია წინასწარმეტყველის წიგნი. გაშალა წიგნი და ნახა ადგილი, სადაც ეწერა:
- 18
"უფლის სულია ჩემზე, რადგან მან მცხო გლახაკთა სახარებლად, მომავლინა გულშემუსვრილთა განსაკურნებლად, ტყვეთათვის თავისუფლების გამოსაცხადებლად და ბრმათათვის თვალის ასახელად, ჩაგრულთა გასათავისუფლებლად,
- 19
უფლის შეწყალების წლის გამოსაცხადებლად”.
- 20
დახურა წიგნი, მსახურს გადასცა და დაჯდა; სინაგოგაში ყველა მას მისჩერებოდა.
- 21
და დაუწყო მათ ლაპარაკი: "დღეს აღსრულდა ეს წერილი, თქვენ რომ მოისმინეთ”.
- 22
ყველამ დაუმოწმა; გაოცებულნი იყვნენ მისი პირიდან გამოსული მადლის სიტყვებით. თან ამბობდნენ: "ეს იოსების ვაჟი არ არის?”
- 23
უთხრა მათ: "თქვენ, უეჭველია, ასეთ ანდაზას მეტყვით: მკურნალო, განიკურნე თავი შენი. აქაც, შენს მშობლიურ ქალაქშიც მოახდინე ის, რაც კაპერნაუმში მოგიხდენია, როგორც გავიგეთ”.
- 24
უთხრა: "ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ არც ერთი წინასწარმეტყველი არ არის მიღებული თავის სამშობლოში.
- 25
ჭეშმარიტებით გეუბნებით თქვენ, მრავალი ქვრივი იყო ისრაელში ელიას დროს, როცა დაიხშო ცა სამ წელიწადსა და ექვს თვეს ისე, რომ დიდი შიმშილობა იყო მთელ ქვეყანაზე.
- 26
და არც ერთ მათგანთან არ იქნა მივლენილი ელია, გარდა ქვრივი დედაკაცისა სიდონის ცარფათში.
- 27
კეთროვანიც მრავალი იყო ისრაელში ელისე წინასწარმეტყველის დროს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ გაწმედილა, გარდა ნაყამან სირიელისა”.
- 28
ეს რომ სინაგოგაში მყოფებმა მოისმინეს, ყველანი მძვინვარებით აღივსნენ.
- 29
წამოდგნენ და გააძევეს იგი ქალაქიდან; იმ მთის თხემამდე მიიყვანეს, რომელზეც მათი ქალაქი იყო გაშენებული, რათა გადაეგდოთ იგი.
- 30
მაგრამ მან გაიარა მათ შორის და წავიდა.
- 31
ჩავიდა გალილეის ქალაქ კაპერნაუმში და იქ ასწავლიდა მათ შაბათობით.
- 32
გაოცებულნი იყვნენ იესოს მოძღვრებით, რადგან ძალაუფლებიანი იყო სიტყვა მისი.
- 33
იყო სინაგოგაში არაწმიდა, ეშმაკის სულით შეპყრობილი კაცი და ხმამაღლა აყვირდა იგი:
- 34
"რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინცა ხარ, ღმერთის წმიდავ”.
- 35
იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!” ეშმაკმა სინაგოგის შუა დასცა იგი და გამოვიდა მისგან; კაცისთვის კი არაფერი უვნია.
- 36
ყველანი განცვიფრდნენ და ამბობდნენ ერთმანეთში: "ეს რა სიტყვაა, რომ ხელმწიფებითა და ძალით უბრძანებს არაწმიდა სულებს და ისინიც გამოდიან?”
- 37
და გავრცელდა ხმა მის შესახებ მთელ იმ არე-მარეში.
- 38
სინაგოგიდან გამოვიდა და სიმონის სახლში შევიდა; ხოლო სიმონის სიდედრი დიდ სიცხეს შეეპყრო; და სთხოვეს მისთვის.
- 39
დაადგა თავზე და შერისხა სიცხე; მანაც მიატოვა იგი. და მაშინვე წამოდგა და მოემსახურა მათ.
- 40
მზის ჩასვლისას ყველამ, ვისაც ჰყავდა სხვადასხვა სენით დაავადებული, მასთან მიიყვანა; მან ყოველ მათგანს ხელები დაასხა და განკურნა.
- 41
ბევრისგან ეშმაკებიც გამოდიოდნენ, ყვიროდნენ და ამბობდნენ: "შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა!” ის კი რისხავდა და უკრძალავდა ლაპარაკს, რადგან იცოდნენ მათ, რომ ქრისტეა იგი.
- 42
როცა გათენდა, გამოვიდა იქიდან და წავიდა უდაბურ ადგილას. ხალხმა მოძებნა; მივიდნენ მასთან და აკავებდნენ, რომ არ წასულიყო მათგან.
- 43
მან თქვა: "სხვა ქალაქებსაც უნდა ვახარო ღმერთის სამეფო, რადგან ამისთვის ვარ მოვლენილი”.
- 44
და ქადაგებდა გალილეის სინაგოგებში.