ლუკა 5
- 1
ერთხელ, როცა გენესარეთის ტბასთან იდგა და ხალხი აწყდებოდა მას, რათა ღმერთის სიტყვა მოესმინა,
- 2
დაინახა ტბასთან მდგომი ორი ნავი და მათგან გადმოსული მებადურები, ბადეებს რომ რეცხავდნენ.
- 3
ავიდა ერთ ნავზე, რომელიც სიმონისა იყო. სთხოვა, ნაპირს ცოტა გაშორებოდა, ჩაჯდა და ნავიდან ასწავლიდა ხალხს.
- 4
ლაპარაკი რომ დაამთავრა, უთხრა სიმონს: "შეცურდით ღრმად და ბადეები ჩაუშვით თევზის დასაჭერად”.
- 5
მიუგო სიმონმა პასუხად: "მოძღვარო, მთელი ღამე ვიშრომეთ და ვერაფერი დავიჭირეთ. მაგრამ შენ სიტყვისამებრ ჩავუშვებთ ბადეს”.
- 6
ასეც მოიქცნენ და იმდენი თევზი მოიმწყვდიეს, რომ ბადეები ეხეოდათ.
- 7
ნიშანი მისცეს მეწილეებს მეორე ნავში, რომ მოსაშველებლად მოსულიყვნენ. მოვიდნენ და ორივე ნავი ისე აავსეს, რომ იძირებოდნენ.
- 8
ამის მნახველი სიმონ-პეტრე იესოს წინაშე მუხლებზე დაეცა და უთხრა: "გამშორდი, უფალო, რადგან ცოდვილი კაცი ვარ”.
- 9
რადგან გაოგნებამ შეიპყრო ისიც და ყველა მასთან მყოფიც იმ თევზის სიმრავლის გამო, მათ რომ დაიჭირეს;
- 10
ასევე დაემართათ იაკობსა და იოანეს, ზებედეს ძეებს, სიმონის მეწილეებს. უთხრა იესომ სიმონს: "ნუ გეშინია, ამიერიდან ადამიანებს დაიჭერ”.
- 11
მიაყენეს ნავები ნაპირს, ყველაფერი მიატოვეს და მას გაჰყვნენ.
- 12
ერთხელ, ერთ-ერთ ქალაქში მისი ყოფნისას, აჰა, მოვიდა კეთრით დაფარული კაცი. იესოს დანახვისთანავე მიწაზე დაემხო, ევედრებოდა და ეუბნებოდა: "უფალო, თუ ინებებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
- 13
გაიწოდა ხელი, შეახო მას და თქვა: "მნებავს, განიწმიდე!” და მყისვე მოშორდა კეთრი.
- 14
უბრძანა: "არავის უთხრა, არამედ წადი, ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედის გამო, როგორც მოსემ დაადგინა მოწმობად მათთვის”.
- 15
უფრო და უფრო ვრცელდებოდა სიტყვა მის შესახებ, დიდძალი ხალხი დაჰყვებოდა თან, რათა მოესმინათ და განკურნებულიყვნენ სნეულებათაგან.
- 16
ის კი უდაბურ ადგილებში გადიოდა სალოცად.
- 17
ერთ დღეს, როცა ასწავლიდა, ისხდნენ იქ ფარისეველნი და რჯულის მოძღვარნი, რომლებიც გალილეისა და იუდეის ყოველი კუთხიდან, ასევე იერუსალიმიდან მისულიყვნენ; და უფლის ძალა იყო მასთან, მათ განსაკურნად,
- 18
აჰა, კაცებმა სარეცლით მოიყვანეს ადამიანი, რომელიც დავრდომილი იყო; უნდოდათ შიგნით შეეყვანათ და იესოს წინაშე დაეწვინათ,
- 19
მაგრამ ხალხმრავლობის გამო ვერ მოახერხეს მისი შეყვანა. ერდოზე ავიდნენ და სარეცლიანად ჩაუშვეს სახურავიდან შუაგულ ოთახში იესოს წინაშე.
- 20
იხილა რა მათი რწმენა, უთხრა: "ადამიანო, მოგეტევა შენი ცოდვები”.
- 21
მწიგნობრებმა და ფარისევლებმა მსჯელობა გამართეს ერთმანეთში; ამბობდნენ: "ვინ არის ეს, ღმერთს რომ გმობს?! ვის ძალუძს ცოდვების მიტევება, ერთი ღმერთის გარდა?”
- 22
იცოდა რა იესომ მათი ზრახვები, ჰკითხა: "რაზე მსჯელობთ თქვენს გულებში?
- 23
რისი თქმა უფრო ადვილია: მოგეტევა შენი ცოდვები თუ ადექ და გაიარე?
- 24
მაგრამ, რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე - უთხრა დავრდომილს: შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი სარეცელი და შინ წადი”.
- 25
მყისვე წამოდგა მათ წინაშე, აიღო, რაზეც იწვა, თავის სახლში წავიდა და ადიდებდა ღმერთს.
- 26
ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და შეშინებულები ამბობდნენ: "საოცრება ვიხილეთო დღეს”.
- 27
ამის შემდეგ იყო, რომ გამოვიდა და დაინახა მებაჟე, სახელად ლევი, რომელიც საბაჟოში იჯდა. უთხრა: "გამომყევი”.
- 28
მანაც ყოველივე მიატოვა, წამოდგა და გაჰყვა.
- 29
დიდი ნადიმი გაუმართა მას ლევიმ თავის სახლში; ბევრი მებაჟე და სხვა ხალხი იყო იქ, რომლებიც მასთან ერთად უსხდნენ სუფრას.
- 30
მწიგნობრები და ფარისევლები დრტვინავდნენ და ეუბნებოდნენ მის მოწაფეებს: "რატომ ჭამთ და სვამთ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
- 31
მიუგო მათ იესომ პასუხად: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა, სნეულებს სჭირდებათ.
- 32
მართალთა მოსახმობად კი არ მოვედი, არამედ ცოდვილთა - რათა მოინანიონ”.
- 33
მათ უთხრეს: "იოანეს მოწაფეები ხშირად მარხულობენ და ლოცვებს აღავლენენ, ასევე ფარისეველთაგანნიც. შენები კი ჭამენ და სვამენ”.
- 34
იესომ მიუგო: "განა შეიძლება აიძულო მექორწილენი იმარხულონ, ვიდრე ნეფე მათთან არის?
- 35
მაგრამ დადგება დღეები, როცა ნეფე წაერთმევათ და მაშინ იმარხულებენ, იმ დღეებში”.
- 36
იგავიც უთხრა მათ: "არავინ მოახევს საკერებელს ახალ სამოსელს ძველ სამოსელზე დასადებლად, რადგან ახალიც ხომ დაიხევა და არც ძველს გამოადგება ახალი სამოსლის საკერებელი.
- 37
არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ ახალი ღვინო ტიკებს დახეთქავს, ღვინოც დაიკარგება და ტიკებიც.
- 38
ახალი ღვინო ახალ ტიკებში უნდა ჩაისხას;
- 39
და ძველის არცერთი მსმელი არ მოისურვებს ახალს, რადგან იტყვის: ძველი სჯობიაო.