ლუკა 3
- 1
ტიბერიუს კეისრის მეფობის მეთხუთმეტე წელს, როცა იუდეას პონტოელი პილატე განაგებდა, ჰეროდე გალილეას მეოთხედმთავარი იყო, მისი ძმა ფილიპე - იტირეასა და ტრაქონელთა ოლქის მეოთხედმთავარი, ხოლო ლისანისი - აბილინეს მეოთხედმთავარი.
- 2
ანნასა და კაიაფას მღვდელმთავრობისას, ღმერთის სიტყვა იყო იოანე ზაქარიას ძისადმი, უდაბნოში.
- 3
დადიოდა იგი იორდანეს მთელ მიდამოებში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
- 4
როგორც ესაია წინასწარმეტყველის სიტყვათა წიგნშია დაწერილი: "ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, განუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები.
- 5
ყოველი ხევი ამოივსება, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდება, მრუდე გაიმართება და ოღროჩოღრო გზა მოსწორდება.
- 6
და ყოველი ხორციელი იხილავს ხსნას ღმერთისას”. .
- 7
ეუბნებოდა მოსანათლად მოსულ ხალხს: "იქედნეთა ნაშობნო, ვინ შთაგაგონათ რომ გაექცეთ მომავალ რისხვას?
- 8
მაშ, გამოიღეთ მონანიების ღირსი ნაყოფი! და ნუ იფიქრებთ: მამად აბრაჰამი გვყავსო; ვინაიდან, გეუბნებით თქვენ, ღმერთს შეუძლია ამ ქვებიდანაც აღუდგინოს აბრაჰამს შვილები.
- 9
ცულიც უკვე დევს ხეთა ფესვებთან. ყოველ ხეს, რომელიც კეთილ ნაყოფს არ გამოიღებს, მოჭრიან და ცეცხლში ჩააგდებენ”.
- 10
და ეკითხებოდა მას ხალხი, მაშ რაღა ვქნათო?
- 11
ეუბნებოდა მათ პასუხად: "ვისაც ორი მოსასხამი აქვს, მისცეს უქონელს. ვისაც საზრდო აქვს, ისიც ასე მოიქცეს”.
- 12
მებაჟეებიც მოვიდნენ მოსანათლად და ჰკითხეს მას: "მოძღვარო, რა ვქნათ?”
- 13
ხოლო მან უპასუხა: "თქვენთვის დაწესებულზე მეტს ნურაფერს მოითხოვთ”.
- 14
ჯარისკაცებიც ეკითხებოდნენ: "ჩვენ რაღა ვქნათ?” უთხრა მათ: "ნურავის შეავიწროვებთ, ცილს ნუ დასწამებთ და თქვენი ჯამაგირი იკმარეთ”.
- 15
ხალხი მოლოდინში იყო და გულში ყველა ფიქრობდა იოანეზე - ქრისტე ხომ არ არისო.
- 16
იოანე ყველას პასუხობდა: "მე წყლით გნათლავთ, მაგრამ მოდის ჩემზე ძლიერი, რომლის სანდლის თასმის გახსნის ღირსიც არა ვარ. ის მოგნათლავთ თქვენ სულიწმიდითა და ცეცხლით;
- 17
მისი ფიწალი მის ხელთ არის, იგი გაწმედს თავის კალოს და ბეღელში მოაგროვებს ხორბალს, ბზეს კი ჩაუქრობელი ცეცხლით დაწვავს”.
- 18
ბევრ სხვა რამესაც ახარებდა და შეაგონებდა ხალხს.
- 19
მეოთხედმთავარმა ჰეროდემ კი, რომელსაც ამხელდა იგი მისი ძმის ცოლის ჰეროდიას და ყველა იმ ბოროტების გამო, რაც ჩაედინა,
- 20
ყოველივე ამას ისიც დაუმატა, რომ საპყრობილეში ჩასვა იოანე.
- 21
როცა ინათლებოდა მთელი ხალხი და იესოც მოინათლა და ლოცულობდა, ზეცა გაიხსნა
- 22
და გადმოვიდა მასზე სულიწმიდა სხეულებრივად, როგორც მტრედი და გაისმა ხმა ზეცით: "შენ ხარ ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე”.
- 23
თვით იესო, როცა იწყებდა მსახურებას, ოცდაათი წლისა იქნებოდა, და, როგორც ფიქრობდნენ, იყო ძე იოსებისა, ყელისა,
- 24
მატთათისა, ლევისა, მელხისა, იანაისა, იოსებისა,
- 25
მატათიასი, ამოსისა, ნახუმისა, ხესლისა, ნაგაისა,
- 26
მახათისა, მატათიასი, შემეინისა, იოსებისა, იუდასი,
- 27
იოხანანისა, რესასი, ზერუბაბელისა, შეალთიელისა, ნერისა,
- 28
მელხისა, ადდისა, კოსამისა, ელმადამისა, ყერისა,
- 29
იესოსი, ელიეზერისა, იორიმისა, მატათისა, ლევისა,
- 30
სიმონისა, იუდასი, იოსებისა, იორამისა, ელიაკიმისა,
- 31
მელეასი, მენასი, მატათასი, ნათანისა, დავითისა,
- 32
იესესი, ყობედისა, ბოყაზისა, სალმონისა, ნახშონისა,
- 33
ამინადაბისა, ადმინისა, არნისა, ხეცრონისა, ფერეცისა, იუდასი,
- 34
იაკობისა, ისაკისა, აბრაჰამისა, თერახისა, ნახორისა,
- 35
სერუგისა, რეგისა, ფელეგისა, ყებერისა, შელახისა,
- 36
კეინანისა, არფახშადისა, სემისა, ნოესი, ლამეხისა,
- 37
მეთუშელახისა, ხანოქისა, იარედისა, მაჰალალელისა, კეინანისა,
- 38
ენოშისა, შეთისა, ადამისა, ღმერთისა.