ლუკა 2
- 1
ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინოსის მმართველობის დროს;
- 2
ეს იყო პირველი აღწერა სირიაში კვირინოსის მმართველობის დროს;
- 3
და ყველა მიდიოდა ჩასაწერად, თითოეული თავის ქალაქში.
- 4
იოსებიც ავიდა გალილეიდან, ნაზარეთის ქალაქიდან, იუდეაში, დავითის ქალაქში, რომელსაც ბეთლემი ეწოდება, რადგან დავითის სახლისა და ტომისა იყო იგი.
- 5
რათა ჩაწერილიყო მარიამთან, თავის დანიშნულთან ერთად, რომელიც ორსულად იყო.
- 6
მათი იქ ყოფნისას დაუდგა მარიამს მშობიარობის დღეები.
- 7
და შვა ძე, თავისი პირმშო, შეახვია და მიაწვინა ბაგაში, რადგან ადგილი არ იყო მათთვის სასტუმროში.
- 8
მწყემსები იყვნენ მინდვრად, იმ მხარეში. ღამით თავიანთ სამწყსოს დარაჯობდნენ
- 9
და უფლის ანგელოზი წარუდგა მათ, უფლის დიდება გამოუბრწყინდათ და დიდი შიშით შეშინდნენ.
- 10
უთხრა მათ ანგელოზმა: "ნუ გეშინიათ, აჰა, დიდ სიხარულს გახარებთ, რომელიც მთელი ხალხისთვის იქნება:
- 11
ვინაიდან მაცხოვარი, რომელიც არის ქრისტე უფალი, იშვა თქვენთვის დღეს, დავითის ქალაქში.
- 12
ეს იქნება ნიშანი თქვენთვის: იპოვით ყრმას შეხვეულს და ბაგაში მწოლარეს”.
- 13
და უეცრად დიდძალი ციური ლაშქარი გაჩნდა ანგელოზთან ერთად, ღმერთს აქებდნენ და ამბობდნენ:
- 14
"დიდება მაღალთა შინა ღმერთს და მშვიდობა დედამიწაზე ღმერთისათვის სათნო ადამიანებს!”
- 15
ანგელოზები ზეცად რომ ამაღლდნენ, უთხრეს მწყემსებმა ერთმანეთს: "წავიდეთ ბეთლემში და ვნახოთ რაც მოხდა, როგორც გვაუწყა უფალმა”.
- 16
სასწრაფოდ მივიდნენ და ნახეს მარიამი, იოსები და ბაგაში მწოლარე ყრმა.
- 17
ნახვისთანავე აუწყეს იმ სიტყვაზე, რომელიც ეთქვათ მათ ამ ყრმაზე.
- 18
ვინც ისმენდა, ყველას უკვირდა მწყემსების ნაამბობი,
- 19
მარიამმა კი ყოველი სიტყვა ჩაიმარხა და ფიქრობდა მათზე თავის გულში.
- 20
გაბრუნდნენ მწყემსები და ადიდებდნენ და აქებდნენ ღმერთს, ყოველივე იმის გამო, რაც ესმათ და იხილეს, როგორც ეთქვათ მათ.
- 21
რვა დღე რომ შესრულდა, რათა წინადაეცვითათ მისთვის, დაარქვეს სახელად იესო, ანგელოზის მიერ მუცელში ჩასახვამდე დარქმეული სახელი.
- 22
ხოლო მათი განწმედის დღეები რომ გასრულდა, მოსეს რჯულის მიხედვით, იერუსალიმში წაიყვანეს უფლის წინაშე წარსადგენად.
- 23
როგორც სწერია უფლის რჯულში: "ყოველ მამროვანს, რომელმაც განაპოს საშო, უფლის წმიდა ეწოდოს;
- 24
და შესწირონ მსხვერპლი, ორი გვრიტი ან ორი ხუნდი!” - როგორც უფლის რჯულშია ნათქვამი.
- 25
და აჰა, იყო იერუსალიმში კაცი, სახელად სიმონი, კაცი მართალი და ღმერთისმოშიში, რომელიც ისრაელის ნუგეშისცემას მოელოდა; სულიწმიდა იყო მასზე.
- 26
სულიწმიდისგან ჰქონდა ნაუწყები, რომ უფლის ცხებულის ხილვამდე არ იხილავდა სიკვდილს.
- 27
სულით აღძრული მივიდა ტაძარში და როცა შეყავდათ მშობლებს ყრმა იესო, რათა მას რჯულის წესისამებრ მოქცეოდნენ,
- 28
მანაც აიყვანა ყრმა ხელში, ადიდა ღმერთი და თქვა:
- 29
"ახლა, გაუშვი მონა შენი ბატონო, შენი სიტყვისამებრ, მშვიდობით.
- 30
რადგან იხილეს ჩემმა თვალებმა ხსნა შენმიერი,
- 31
რომელიც შენ განამზადე ყოველი ხალხის წინაშე.
- 32
სინათლე წარმართთათვის გასანათებლად და შენი ხალხის, ისრაელის სადიდებლად”.
- 33
იოსები და მისი დედა კი გაოცებულნი იყვნენ მასზე ნათქვამით.
- 34
აკურთხა ისინი სიმონმა და უთხრა მარიამს, მის დედას: "აჰა, დადგენილია იგი მრავალთა დასამხობად და აღსადგენად ისრაელში და სადავო ნიშნად.
- 35
და თვით შენს სულშიც გაივლის მახვილი, რათა გამჟღავნდეს მრავალთა გულის ზრახვანი”.
- 36
იქვე იყო ანა წინასწარმეტყველი, ფენუელის ასული, აშერის ტომიდან, ღრმად მოხუცებული, ქალწულობის შემდეგ ქმართან შვიდ წელიწადს ნაცხოვრები.
- 37
ოთხმოცდაოთხ წელს მიტანებული ქვრივი იყო იგი, ტაძარს არ შორდებოდა, მარხვითა და ვედრებით ემსახურებოდა დღე და ღამე.
- 38
ისიც იმავე ჟამს იყო მისული, ადიდებდა ღმერთს და ყრმაზე ელაპარაკებოდა ყველას, ვინც კი გამოსყიდვას მოელოდა იერუსალიმში.
- 39
ყოველივე რჯულის თანახმად აღასრულეს და დაბრუნდნენ გალილეაში, თავიანთ ქალაქ ნაზარეთში.
- 40
ყრმა კი იზრდებოდა და სულით მტკიცდებოდა, სიბრძნით ივსებოდა და ღმერთის მადლი იყო მასზე.
- 41
მისი მშობლები ყოველ წელს ადიოდნენ პასექის დღესასწაულზე იერუსალიმში.
- 42
თორმეტი წლის რომ გახდა, ისინი ჩვეულებისამებრ დღესასწაულზე ავიდნენ იერუსალიმში.
- 43
დღესასწაულის დამთავრების შემდეგ, უკან რომ ბრუნდებოდნენ, ყრმა იესო იერუსალიმში დარჩა, იოსებმა და დედამისმა კი ეს არ იცოდნენ.
- 44
ეგონათ მგზავრთა შორის არისო. ერთი დღის გზა რომ გაიარეს, მაშინღა დაუწყეს ძებნა ნათესავებსა და ნაცნობებს შორის.
- 45
რომ ვერ იპოვეს, გაბრუნდნენ იერუსალიმში და ეძებდნენ მას.
- 46
სამი დღის შემდეგ იპოვეს ტაძარში, მოძღვართა შორის მჯდარი, უსმენდა და ეკითხებოდა მათ.
- 47
მსმენელთაგან ყველას აოცებდა მისი გონიერება და სიტყვა-პასუხი.
- 48
რომ დაინახეს, გაოცდნენ; უთხრა დედამისმა: "ასე რად მოგვექეცი, შვილო? აჰა, მამაშენი და მე შეწუხებულნი დაგეძებდით”.
- 49
უთხრა მათ: "რატომ მეძებდით? ნუთუ არ იცით, რომ რაც მამაჩემისაა, იმაში უნდა ვიყო?”
- 50
მაგრამ მათ ვერ გაიგეს მისი ნათქვამი.
- 51
გაჰყვა მათ და ნაზარეთში დაბრუნდა; ყველაფერში ემორჩილებოდა მათ. დედამისმა კი გულში ჩაიმარხა ყოველივე ეს.
- 52
ხოლო იესოს ემატებოდა სიბრძნე და ტანი, და მადლი ღმერთისა და კაცთა წინაშე.