მარკოზი 4
- 1
კვლავ დაიწყო სწავლება ზღვასთან. ბევრმა ხალხმა მოიყარა თავი, იმდენმა, რომ ნავზე ავიდა და ზღვაში შევიდა, ხალხი კი ზღვის პირას იყო, ხმელეთზე.
- 2
ბევრს ასწავლიდა მათ იგავებით და ამბობდა თავის მოძღვრებაში:
- 3
"ისმინეთ! აჰა, გამოვიდა მთესველი დასათესად.
- 4
თესვისას ზოგი გზის პირას დავარდა; მოფრინდნენ ფრინველები და აკენკეს.
- 5
ზოგი კლდოვან ადგილას დავარდა, სადაც ბევრი მიწა არ იყო, მალე აღმოცენდა, რადგან მიწას სიღრმე არ ჰქონდა.
- 6
ხოლო მზე რომ ამოვიდა, დაჭკნა; და რაკი ფესვი არ ჰქონდა, გახმა.
- 7
ზოგი ეკლებში ჩავარდა; გაიზარდა ეკალი და მოაშთო იგი; ნაყოფი ვეღარ გამოიღო.
- 8
ზოგი კარგ ნიადაგზე დავარდა და ნაყოფი გამოიღო. აღმოცენდა, იმატა და ნაყოფი გამოიღო - ერთი ოცდაათად, ერთი სამოცად და ერთი ასად”.
- 9
თქვა: "ვისაც ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
- 10
მარტო რომ დარჩა, ჰკითხეს იგავზე, მასთან მყოფებმა თორმეტთან ერთად.
- 11
მან უთხრა: "თქვენ მოგეცათ ღმერთის სამეფოს საიდუმლოთა ცოდნა, ხოლო გარეშეთათვის ყველაფერი იგავებით ითქმის.
- 12
რადგან ხედვით ხედავენ და ვერ შეიცნობენ, სმენით ისმენენ და ვერ იგებენ, რათა არ მოიქცნენ და არ მიეტევოთ”.
- 13
უთხრა მათ: "არ გესმით ეს იგავი? მაშ როგორ გაიგებთ ყველა სხვა იგავს?
- 14
მთესველი თესავს სიტყვას.
- 15
გზის პირას ისინი არიან, ვისშიც ითესება სიტყვა; მაგრამ როგორც კი მოისმენენ მაშინვე მოდის სატანა და იტაცებს მათში დათესილ სიტყვას.
- 16
ასევე, კლდოვანზე დათესილი ისინი არიან, რომლებიც როგორც კი მოისმენენ სიტყვას, მაშინვე სიხარულით იღებენ მას;
- 17
მაგრამ ფესვი არ გააჩნიათ მათში და ხანმოკლენი არიან; როგორც კი გასაჭირი დადგება ანდა სიტყვის გამო დევნა დაიწყება, მაშინვე ცდუნდებიან.
- 18
ეკალთა შორის დათესილი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას,
- 19
მაგრამ ქვეყნიერების საზრუნავი, სიმდიდრის საცდური და სხვა გულისთქმანი შედიან მათში, აშთობენ სიტყვას და უნაყოფო ხდება იგი.
- 20
კარგ ნიადაგზე დათესილი კი ისინი არიან, რომლებიც მოისმენენ სიტყვას, მიიღებენ და ნაყოფიც მოაქვთ: ერთი ოცდაათად, სამოცად და ასად”.
- 21
უთხრა მათ: "განა იმისთვის მოაქვთ ლამპარი, რომ ჭურჭლის ან საწოლის ქვეშ დადგან? განა იმისთვის არა, რომ სალამპრეზე დადგან?
- 22
რადგან არ არსებობს დაფარული, რომ არ გაცხადდეს, და არც რამ საიდუმლო, რომ არ გამომჟღავნდეს.
- 23
თუ ვინმეს ყური აქვს სასმენად, ისმინოს!”
- 24
უთხრა მათ: "დაუკვირდით, რას ისმენთ: რომელი საწყაოთიც მიუწყავთ, იმავეთი მოგეწყვებათ და მოგემატებათ.
- 25
რადგან ვისაც აქვს, კიდევ მიეცემა, და ვისაც არა აქვს, ისიც წაერთმევა, რაც აქვს”.
- 26
და თქვა: "ღმერთის სამეფო ჰგავს კაცს, რომელიც თესლს აგდებს მიწაში.
- 27
ღამით სძინავს, დღისით დგება, მაგრამ არ იცის, როგორ აღმოცენდება და იზრდება თესლი.
- 28
რადგან მიწას თვითონ გამოაქვს ნაყოფი: ჯერ ჯეჯილი, შემდეგ თავთავი, მერე კი სავსე მარცვალი თავთავში.
- 29
რაჟამს მომწიფდება ნაყოფი, მაშინვე წარგზავნის ნამგალს, რადგან მოაწია მკამ”.
- 30
თქვა: "რას მივამსგავსო ღმერთის სამეფო? რომელი იგავით წარმოგისახოთ იგი?
- 31
იგი ჰგავს მდოგვის მარცვალს, რომელიც მიწაში ჩათესვისას ყველაზე მცირეა არსებულ თესლთა შორის.
- 32
დათესვის შემდეგ კი ამოდის და ყველაზე დიდ მცენარედ გადაიქცევა ბოსტნეულს შორის. დიდ ტოტებს გამოისხამს, ისე რომ მის ჩრდილში ცის ფრინველნი იბუდებენ”.
- 33
მრავალი ასეთი იგავით ეუბნებოდა იგი სიტყვას, რამდენის მოსმენაც შეეძლოთ.
- 34
იგავების გარეშე არ ესაუბრებოდა მათ, თავის მოწაფეებს კი ცალკე განუმარტავდა ყველაფერს.
- 35
იმავე დღეს, მოსაღამოვებულზე უთხრა მათ: "გაღმა გადავცუროთ”.
- 36
გაუშვეს ხალხი და წაიყვანეს იგი იმ ნავით, რომელშიც იჯდა. მასთან ერთად სხვა ნავებიც იყო.
- 37
ამოვარდა დიდი გრიგალი, ტალღები ნავს ეხეთქებოდნენ, ისე რომ ნავი უკვე წყლით ივსებოდა.
- 38
ის კი კიჩოზე იყო და სასთუმალზე ეძინა. გააღვიძეს და უთხრეს: "მოძღვარო, ნუთუ არ განაღვლებს, რომ ვიღუპებით?”
- 39
მაშინ წამოდგა, შერისხა ქარი და უბრძანა ზღვას: "დადუმდი, ჩადექ!” ქარი დაცხრა და დიდი მყუდროება ჩამოდგა.
- 40
უთხრა მათ: "რატომ გეშინიათ? რატომ არა გაქვთ რწმენა?”
- 41
ისინი ძალიან შეშინდნენ და ერთმანეთს გადაულაპარაკეს: "ვინ არის იგი, ქარიც და ზღვაც რომ ემორჩილება?”