მარკოზი 5
- 1
და გავიდნენ ზღვის გადაღმა, ღერასენელთა მხარეში.
- 2
ნავიდან გადმოსვლისთანავე მაშინვე შეხვდა არაწმიდა სულით შეპყრობილი კაცი სამარხებიდან.
- 3
სამყოფელი სამარხებში ჰქონდა მას და ჯაჭვებითაც კი არავის შეეძლო მისი შებოჭვა.
- 4
აქამდე უკვე მრავალჯერ იყო შეკრული ბორკილებითა და ჯაჭვებით, მაგრამ ჯაჭვებს წყვეტდა და ბორკილებს ამსხვრევდა; არავის შეეძლო მისი დამორჩილება.
- 5
მუდამ, დღე და ღამ, სამარხებსა და მთებში იყო, ღრიალებდა და ლოდებს ეხეთქებოდა.
- 6
შორიდანვე დაინახა იესო, მიირბინა მასთან და თაყვანი სცა.
- 7
ხმამაღლა იყვირა და უთხრა: "რა გინდა ჩემგან, ძეო უზენაესი ღმერთისა? ღმერთს გაფიცებ, ნუ მტანჯავ!”
- 8
რადგან ეუბნებოდა მას იესო: "გადი ამ კაცისგან, არაწმიდა სულო!”
- 9
ჰკითხა: "რა არის შენი სახელი?” უპასუხა: "ლეგიონია ჩემი სახელი, ვინაიდან ბევრნი ვართ”.
- 10
და ძალიან ევედრებოდა, რომ არ გაეძევებინა ისინი იმ არემარედან.
- 11
იქვე მთაზე მობალახე ღორების დიდი კოლტი იყო.
- 12
ევედრებოდნენ მას და ამბობდნენ: "შეგვრეკე ღორებში, რომ შევიდეთ მათში”.
- 13
დართო მათ ნება და გამოსული არაწმიდა სულები ღორებში შევიდნენ. კოლტი, დაახლოებით ორიათასამდე ღორი, კბოდედან ზღვაში გადაეშვა და დაიხრჩო.
- 14
მეღორეები გაიქცნენ და ქალაქსა და სოფლებს შეატყობინეს მომხდარი ამბავი; და გამოვიდა ხალხი, რომ ენახა, რა მოხდა.
- 15
მოვიდნენ იესოსთან და დაინახეს: ეშმაკეული, ლეგიონი რომ ჰყავდა, შემოსილი და გონთმოსული ზის, და შეშინდნენ.
- 16
უამბეს მათ მხილველებმა, რაც დაემართა ეშმაკეულსა და ღორებს.
- 17
და დაუწყეს მას ხვეწნა, ჩვენს საზღვრებს გაეცალეო.
- 18
როდესაც ნავში ადიოდა, ყოფილი ეშმაკეული შეევედრა, თან წამიყვანეო.
- 19
მაგრამ ნება არ დართო, არამედ უთხრა: "წადი შენს სახლში, შენიანებთან, და უთხარი მათ, რა გაგიკეთა ღმერთმა და რაოდენ შეგიწყალა”.
- 20
წავიდა და დაიწყო ქადაგება ათქალაქში, როგორ მოექცა მას იესო და ყველას უკვირდა.
- 21
როცა კვლავ გამოღმა გამოცურა ნავით იესომ, დიდძალი ხალხი მოგროვდა მასთან. ზღვის პირას იყო იგი.
- 22
მოვიდა სინაგოგის ერთი მთავართაგანი, სახელად იაიროსი. დაინახა თუ არა იგი, მის ფერხთით დაეცა.
- 23
ევედრებოდა და ეუბნებოდა: "ჩემი ქალიშვილი სიკვდილის პირასაა. მოდი და დაასხი ხელები, რომ განიკურნოს და იცოცხლოს”.
- 24
წაჰყვა მას. დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა და ზედ აწყდებოდა.
- 25
და იყო იქ ქალი, რომელსაც თორმეტი წელიწადი სისხლდენა სჭირდა,
- 26
მრავალი ტანჯვა ჰქონდა გადატანილი ბევრი მკურნალისაგან, და რაც რამ გააჩნდა, ყველაფერი დახარჯა, მაგრამ ვერაფერმა უშველა, არამედ უარეს დღეში ჩავარდა,
- 27
მოისმინა რა იესოზე, ზურგიდან მოუარა და მის სამოსელს შეეხო.
- 28
რადგან ფიქრობდა, მის სამოსელსაც რომ შევეხო, განვიკურნებიო.
- 29
იმწამსვე დაიშრიტა მისი სისხლდენის წყარო და იგრძნო თავის სხეულში, რომ განიკურნა წყლულისგან.
- 30
მყისვე მიხვდა იესო, რომ ძალა გავიდა მისგან. მიუბრუნდა ხალხს და იკითხა: "ვინ შეეხო ჩემს სამოსელს?”
- 31
მოწაფეებმა უთხრეს: "ხედავ, ხალხი ზედ გაწყდება, შენ კი კითხულობ: ვინ შემეხოო?”
- 32
მიმოიხედა, რათა ამის ჩამდენი დაენახა.
- 33
ხოლო ქალი, რომელმაც იცოდა, რაც დაემართა, შიშით ათრთოლებული მივიდა, მის წინაშე დაემხო და უთხრა მთელი სიმართლე.
- 34
მან კი უთხრა: "ასულო, შენმა რწმენამ გიხსნა, წადი მშვიდობით და გამოჯანსაღებული ხარ შენი წყლულისგან”.
- 35
ჯერ სიტყვა არ დაემთავრებინა, რომ მოვიდნენ სინაგოგის მთავართან და უთხრეს: "შენი ასული მოკვდა, რაღად აწუხებ მოძღვარს?”
- 36
მაგრამ გაიგონა თუ არა იესომ ნათქვამი, უთხრა სინაგოგის მთავარს: "ნუ გეშინია, მხოლოდ გწამდეს!”
- 37
და არავის დართო ნება წაჰყოლოდა, პეტრეს, იაკობისა და იოანეს, იაკობის ძმის, გარდა.
- 38
მივიდნენ სინაგოგის მთავრის სახლში; ხედავს, არეულობაა, ტირიან და მოთქვამენ.
- 39
შევიდა და უთხრა: "რაზე სწუხხართ და შფოთავთ? არ მომკვდარა ბავშვი, არამედ სძინავს”.
- 40
დასცინეს მას. მან კი ყველანი გამოაძევა, გაიყოლა ბავშვის დედ-მამა და თანმხლებნი და შევიდა, სადაც ბავშვი იყო.
- 41
აიღო ბავშვის ხელი და თქვა: "ტალითა კუმ!” რაც ნიშნავს: "გოგონა, შენ გეუბნები, ადექ!”
- 42
მაშინვე წამოდგა გოგონა და გაიარა, რადგან თორმეტი წლისა იყო; და დიდმა გაოცებამ შეიპყრო ისინი.
- 43
მან კი მკაცრად გააფრთხილა, რომ არავისთვის ეთქვათ ეს ამბავი და უთხრა, საჭმელი მიეცათ გოგონასთვის.