მარკოზი 3
- 1
კვლავ შევიდა სინაგოგაში და იყო იქ კაცი, რომელსაც ხელი ჰქონდა გამხმარი.
- 2
უთვალთვალებდნენ მას, განკურნავს თუ არაო შაბათ დღეს, რომ ბრალი დაედოთ მისთვის.
- 3
უთხრა ხელგამხმარ კაცს: "შუაში დადექი”.
- 4
მათ კი მიმართა: "შაბათ დღეს კეთილის კეთებაა ნებადართული თუ ბოროტისა? სულის ხსნა თუ დაღუპვა?” ისინი დუმდნენ.
- 5
იესომ რისხვით გადახედა მათ მათი გულქვაობით დამწუხრებულმა და უთხრა იმ კაცს: "გაიწოდე ხელი!” მანაც გაიწოდა და მოურჩა იგი.
- 6
იქიდან გამოსულმა ფარისევლებმა მაშინვე მოითათბირეს ჰეროდიანელებთან ერთად მის წინააღმდეგ, როგორ დაეღუპათ იგი.
- 7
იესო კი თავის მოწაფეებიანად ზღვისკენ გაემართა; უამრავი ხალხი მიჰყვებოდა მას გალილეიდან და იუდეიდან,
- 8
იერუსალიმიდან, იდუმეადან, იორდანეს გაღმიდან; მრავალნი მოვიდნენ მასთან ტვიროსისა და სიდონის სანახებიდანაც, როცა ესმათ, რა მოიმოქმედა მან.
- 9
უთხრა თავის მოწაფეებს, რომ ნავი გაემზადებინათ მისთვის, რათა ხალხს არ შეევიწროებინა იგი.
- 10
რადგან ბევრი განკურნა, ყველა, ვისაც რაიმე სნეულება სჭირდა, ზედ აწყდებოდა და ცდილობდა შეხებოდა მას.
- 11
როცა კი არაწმიდა სულები დაინახავდნენ, ეცემოდნენ მის წინაშე და ყვირილით ამბობდნენ: "შენა ხარ ძე ღვთისა”.
- 12
იესო მკაცრად უკრძალავდა მათ, რომ არავისთან გაეცხადებინათ იგი.
- 13
შემდეგ მთაზე ავიდა და მოიხმო, ვინც სურდა; და წავიდნენ მასთან.
- 14
თორმეტნი აირჩია და უწოდა მათ მოციქულნი, რათა მასთან ერთად ყოფილიყვნენ და საქადაგებლად გაეგზავნა ისინი,
- 15
და რომ ჰქონოდათ განკურნებისა და ეშმაკების განდევნის ხელმწიფება.
- 16
სიმონი, რომელსაც უწოდა პეტრე;
- 17
იაკობ ზებედესას და იოანეს, იაკობის ძმას, უწოდა ბანერგეს, რაც ნიშნავს ქუხილის ძეებს;
- 18
ანდრია და ფილიპე, ბართლომე და მათე, თომა და იაკობ ალფესი, თადეოზ და სიმონ კანანელი.
- 19
და იუდა ისკარიოტელი, რომელმაც გასცა იგი.
- 20
მივიდა სახლში და კვლავ იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ პური ვეღარ ჭამეს.
- 21
მისიანებმა გაიგეს და წამოვიდნენ მის შესაპყრობად, რადგან ამბობდნენ შეშლილიაო.
- 22
იერუსალიმიდან ჩამოსული მწიგნობრები ამბობდნენ, ბელზებელი ჰყავს და ეშმაკთა მთავრით სდევნისო ეშმაკებს.
- 23
დაუძახა მათ და იგავებით უთხრა: "როგორ შეუძლია სატანას სატანის განდევნა?
- 24
თუ სამეფო თავისივე თავის წინააღმდეგ დაიყოფა, ის სამეფო ვეღარ გაძლებს.
- 25
თუ სახლი თავისივე წინააღმდეგ დაიყოფა, ის სახლი ვეღარ გაძლებს;
- 26
და თუ სატანა საკუთარ თავს აღუდგება წინ და დაიყოფა, ვეღარ გაძლებს და აღსასრული დაუდგება.
- 27
ვერავინ შეძლებს შევიდეს ძლიერის სახლში და გაიტაცოს მისი ნივთები, თუ ჯერ ძლიერს არ შებოჭავს. მაშინღა გაძარცვავს მის სახლს.
- 28
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ცოდვა მიეტევება კაცთა შვილებს, და გმობა, რამდენსაც უნდა გმობდნენ.
- 29
მაგრამ, ვინც სულიწმიდას დაგმობს, მას არასოდეს მიეტევება, არამედ მარადიული მსჯავრის თანამდებია”.
- 30
რადგან ამბობდნენ, არაწმიდა სული ჰყავსო.
- 31
მივიდნენ მისი ძმები და დედა, გარეთ დადგნენ და გაგზავნეს მის დასაძახებლად.
- 32
მის გარშემო ხალხი ისხდა, როცა უთხრეს, გარეთ დედაშენი და შენი ძმანი და დანი არიან და გეძებენო.
- 33
მან კი პასუხად უთხრა: "ვინ არიან დედაჩემი და ჩემი ძმები?”
- 34
და გადახედა რა გარშემო მსხდომთ, თქვა: "აჰა, დედაჩემი და ჩემი ძმები.
- 35
რადგან ის, ვინც ღვთის ნებას შეასრულებს, ისაა ჩემი ძმაც, დაც და დედაც”.