მარკოზი 2
- 1
რამდენიმე დღის შემდეგ კვლავ მივიდა კაპერნაუმში; ხმა დაირხა, სახლშიაო.
- 2
უმალვე იმდენმა ხალხმა მოიყარა თავი, რომ კარებში ტევა აღარ იყო; და ეუბნებოდა მათ სიტყვას.
- 3
მივიდნენ და მიუყვანეს დავრდომილი, რომელიც ოთხ კაცს მოჰყავდა.
- 4
და რაკი ხალხის სიმრავლის გამო ვერ შეძლეს მასთან მიახლოება, სახურავი გადახადეს იმ სახლს, სადაც ის იმყოფებოდა, და საწოლი, რომელზეც დავრდომილი იწვა, ხვრელიდან ჩაუშვეს შიგნით.
- 5
მათი რწმენა რომ იხილა იესომ, უთხრა დავრდომილს: "შვილო, მოგეტევა შენი ცოდვები!”
- 6
ზოგიერთი იქ მჯომთაგან მწიგნობარი იყო და გულში ფიქრობდა:
- 7
"რატომ ლაპარაკობს ასე? ღმერთსა გმობს. ვის ძალუძს ცოდვების მიტევება ერთი ღმერთის გარდა?”
- 8
იესო სულით მაშინვე მიხვდა, რასაც ისინი გულში ფიქრობდნენ, და მიმართა: "რატომ ფიქრობთ ასეთ რამეს თქვენს გულებში?
- 9
რა უფრო ადვილია, თქმა დავრდომილისთვის - მოგეტევა შენი ცოდვებიო, თუ იმის თქმა - ადექი, აიღე შენი საწოლი და გაიარეო?
- 10
ხოლო რათა იცოდეთ, რომ ძე კაცისას აქვს ცოდვების მიტევების ხელმწიფება დედამიწაზე, უთხრა დავრდომილს:
- 11
შენ გეუბნები, ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი შენს სახლში!”
- 12
ისიც მაშინვე ადგა, აიღო თავისი საწოლი და გამოვიდა ყველას დასანახად. ყველა განცვიფრდა, ღმერთს ადიდებდნენ და ამბობდნენ: "ასეთი რამ არასოდეს გვინახავს”.
- 13
კვლავ გავიდა ზღვაზე. მთელი ხალხი მივიდა მასთან და იქ ასწავლიდა მათ.
- 14
გაიარა და დაინახა საბაჟოსთან მჯდომი ლევი ალფესი; უთხრა: "გამომყევი”. ისიც ადგა და გაჰყვა.
- 15
მის სახლში რომ ვახშმობდა, ბევრი მებაჟე და ცოდვილი იჯდა იესოსთან და მის მოწაფეებთან ერთად, რადგან მრავალნი იყვნენ და მას გამოჰყვნენ.
- 16
დაინახეს ფარისევლებმა და მწიგნობრებმა, რომ მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად ჭამდა და ჰკითხეს მის მოწაფეებს: "რატომ ჭამს მებაჟეებთან და ცოდვილებთან ერთად?”
- 17
ეს რომ იესომ გაიგონა, უთხრა მათ: "მკურნალი ჯანმრთელებს კი არა სნეულებს სჭირდებათ; მართალთა კი არა, ცოდვილთა მონანიებისაკენ მოსაწოდებლად მოვედი”.
- 18
იოანეს მოწაფენი და ფარისეველნი მარხულობდნენ. მოვიდნენ მასთან და ჰკითხეს: "რატომ არის, რომ იოანესა და ფარისევლების მოწაფეები მარხულობენ, შენი მოწაფენი კი არა?”
- 19
იესომ უთხრა მათ: "განა შეუძლიათ მარხვა მექორწილეებს, ვიდრე ნეფე მათთან არის? ვიდრე ნეფე გვერდით ჰყავთ, არ შეუძლიათ მარხვა.
- 20
მაგრამ მოვა დღე, როცა წაერთმევათ ნეფე და იმარხულებენ იმ დღეს.
- 21
ძველ ტანსაცმელს არავინ დააკერებს ახალი ქსოვილის საკერებელს; თორემ ახლად დაკერებული მოხევს ძველს და უარესად გამოიხევა.
- 22
არავინ ჩაასხამს ახალ ღვინოს ძველ ტიკებში, თორემ დახეთქავს ტიკებს ღვინო და ღვინოც დაიღვრება და ტიკებიც გაფუჭდება. ახალ ღვინოს ახალ ტიკებში ასხამენ”.
- 23
ისე მოხდა, რომ შაბათ დღეს ყანაზე გაიარა და მისმა მოწაფეებმა გზადაგზა თავთავებს დაუწყეს კრეფა.
- 24
უთხრეს ფარისევლებმა მას: "აჰა, რატომ აკეთებენ იმას, რაც ნებადართული არ არის შაბათს?”
- 25
მიუგო იესომ: "ნუთუ არასოდეს წაგიკითხავთ, რა ქნა დავითმა, როცა გაუჭირდა და მოშივდა მასაც და მასთან მყოფთაც?
- 26
როგორ შევიდა ღვთის სახლში აბიათარ მღვდელმთავრის დროს და ჭამა საწინაშეო პური, რისი ჭამის ნებაც მღვდლების გარდა არავის ჰქონდა, და თავისთან მყოფთაც დაურიგა?”
- 27
უთხრა: "შაბათი ადამიანისთვის არის შექმნილი და არა ადამიანი შაბათისთვის.
- 28
ამიტომ, ძე კაცისა შაბათის უფალიც არის”.