მარკოზი 1
- 1
დასაწყისი სახარებისა იესო ქრისტესი, ღვთის ძისა.
- 2
როგორც ესაია წინასწარმეტყველის მიერაა დაწერილი: "აჰა, მე მოვავლენ შენი სახის წინაშე ჩემს ანგელოზს, რომელიც მოამზადებს შენს გზას.
- 3
ხმა მღაღადებლისა უდაბნოში, გაუმზადეთ გზა უფალს, მოასწორეთ მისი ბილიკები”.
- 4
მოვიდა იოანე ნათლისმცემელი უდაბნოში და ქადაგებდა სინანულის ნათლისცემას ცოდვათა მისატევებლად.
- 5
იუდეველთა მთელი ქვეყანა და ყველა იერუსალიმელი გამოდიოდა მასთან, ინათლებოდნენ მის მიერ მდინარე იორდანეში და აღიარებდნენ თავიანთ ცოდვებს.
- 6
აქლემის ბეწვით იყო შემოსილი იოანე, წელზე ტყავის სარტყელი ერტყა და კალიასა და ველურ თაფლს ჭამდა.
- 7
ქადაგებდა და ამბობდა: "ჩემს შემდეგ ჩემზე ძლიერი მოდის, რომლის წინაშე დახრისა და სანდლის თასმის გახსნის ღირსიც კი არა ვარ.
- 8
მე წყლით გნათლავთ, ის კი სულიწმიდით მოგნათლავთ”.
- 9
და იყო: მოვიდა იმ დღეებში იესო გალილეის ნაზარეთიდან და მონათლულ იქნა იორდანეში იოანეს მიერ.
- 10
და წყლიდან ამოსვლისთანავე იხილა გახსნილი ცანი და სული ღვთისა, მტრედივით გადმომავალი მასზე.
- 11
ხმა გაისმა ციდან: "შენ ხარ ჩემი საყვარელი ძე, რომელიც მე მოვიწონე”.
- 12
და დაუყოვნებლივ წაიყვანა იგი ღვთის სულმა უდაბნოში.
- 13
ორმოცი დღე იყო უდაბნოში და სატანისგან იცდებოდა იგი. მხეცებთან იყო და ანგელოზები ემსახურებოდნენ.
- 14
მას შემდეგ, რაც გადაცემულ იქნა იოანე, იესო გალილეაში დაბრუნდა და ქადაგებდა ღვთის სახარებას.
- 15
ამბობდა: "აღსრულდა ჟამი და მოახლოვდა ღმერთის სამეფო. მოინანიეთ და იწამეთ სახარება”.
- 16
გალილეის ზღვის პირას რომ დადიოდა, დაინახა სიმონი და სიმონის ძმა, ანდრია, რომლებიც ზღვაში ბადეს ისროდნენ, რადგან მებადურები იყვნენ.
- 17
უთხრა მათ იესომ: "მე გამომყევით და ადამიანთა მებადურებად გაქცევთ”.
- 18
მათ მაშინვე მიატოვეს ბადეები და გაჰყვნენ მას.
- 19
ცოტა გაიარა და დაინახა იაკობ ზებედეს ძე და მისი ძმა იოანე; ისინი ნავში ბადეებს კემსავდნენ.
- 20
მაშინვე დაუძახა. მათ მიატოვეს თავიანთი მამა ზებედე ნავში მყოფ მოჯამაგირეებთან ერთად და გაჰყვნენ მას.
- 21
კაპერნაუმში მივიდნენ თუ არა, შაბათ დღეს, შევიდნენ სინაგოგაში და ასწავლიდა მათ.
- 22
გაოცებულნი იყვნენ მისი მოძღვრებით, რადგან ასწავლიდა, როგორც ხელმწიფების მქონე და არა როგორც მწიგნობარნი.
- 23
იქვე, კაცი იყო სინაგოგაში, არაწმიდა სულით შეპყრობილი და იყვირა:
- 24
"რა გინდა ჩვენგან, იესო ნაზარეველო? ჩვენს დასაღუპად მოხვედი? გიცნობ, ვინც ხარ, ღვთის წმიდავ”.
- 25
იესომ შერისხა იგი და უთხრა: "გაჩუმდი და გადი მაგისგან!”
- 26
არაწმიდა სულმა შეანჯღრია იგი, დიდი ხმით დაიკივლა და გამოვიდა მისგან.
- 27
ყველანი განცვიფრდნენ, ისე, რომ ერთმანეთს ეკითხებოდნენ, ეს რა არისო? ეს რა ახალი მოძღვრებაა, რომ ხელმწიფებით არაწმიდა სულთაც კი უბრძანებს და ისინიც კი ემორჩილებიანო მას?
- 28
და მყისვე გალილეის მთელ მხარეს მოედო მისი ამბავი.
- 29
სინაგოგიდან რომ გამოვიდა, სიმონისა და ანდრიას სახლში მივიდა იოანესა და იაკობთან ერთად.
- 30
სიმონის სიდედრი ციებ-ცხელებით შეპყრობილი იწვა; მაშინვე უთხრეს იესოს მასზე.
- 31
მივიდა, ხელი მოკიდა და ფეხზე წამოაყენა იგი. სიცხემ გაუარა და მოემსახურა მათ.
- 32
საღამო ჟამს, მზის ჩასვლისას, მიუყვანეს მას ყველა, ვინც სნეული და ეშმაკეული იყო.
- 33
მთელი ქალაქი შეიკრიბა კართან.
- 34
ბევრი სნეული განკურნა სხვადასხვა სენისგან, ბევრი ეშმაკი განდევნა, თან ნებას არ რთავდა ეშმაკებს ელაპარაკათ, რადგან იცნობდნენ მას.
- 35
განთიადამდე, ჯერ კიდევ ღამიანად ადგა, გავიდა და წავიდა უდაბნო ადგილას და იქ ლოცულობდა.
- 36
სიმონი და მასთან მყოფნიც გაედევნენ მას.
- 37
იპოვეს იგი და უთხრეს: "ყველა შენ გეძებს”.
- 38
უთხრა მათ: "წავიდეთ სხვა ახლო-მახლო ქალაქებში, რათა იქაც ვიქადაგო, ვინაიდან ამისთვის ვარ მოსული”.
- 39
დადიოდა მთელ გალილეაში, ქადაგებდა მათ სინაგოგებში და დევნიდა ეშმაკებს.
- 40
მოვიდა მასთან ერთი კეთროვანი, მუხლი მოიყარა, შეევედრა და უთხრა: "თუ ისურვებ, შეგიძლია ჩემი განწმედა”.
- 41
შეეცოდა იგი, გაიწოდა ხელი, შეახო მას და უთხრა: "მსურს, განიწმიდე!”
- 42
მყისვე მოშორდა კეთრი და განწმედილ იქნა.
- 43
მკაცრად გააფრთხილა და მაშინვე გაუშვა.
- 44
უთხრა: "აჰა, არავის უთხრა, არამედ წადი და ეჩვენე მღვდელს და შესწირე შენი განწმედისთვის, რაც ბრძანა მოსემ, მათდა დასამოწმებლად”.
- 45
ის კი გამოვიდა და დაიწყო მრავლად ქადაგება და ისე გაახმაურა ეს ამბავი, რომ იესო ცხადად ვეღარ შედიოდა ქალაქში, არამედ გარეთ, უდაბურ ადგილებში იყო და ყოველი მხრიდან მიედინებოდნენ მასთან.