მათე 28
- 1
შაბათი რომ გავიდა, ერთშაბათის განთიადისას, მოვიდა მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამიც სამარხის სანახავად.
- 2
და აჰა, დიდი მიწისძვრა მოხდა, რადგან უფლის ანგელოზი ჩამოვიდა ციდან, მივიდა, ლოდი გადააგორა და ზედ დაჯდა.
- 3
შესახედაობა მისი ელვასავით იყო და სამოსი მისი - თოვლივით სპეტაკი.
- 4
მისი შიშით შეძრწუნდნენ მცველები და მკვდრებივით გახდნენ.
- 5
ანგელოზმა კი დედაკაცებს მიმართა: "ნუ გეშინიათ, ვიცი, რომ ჯვარცმულ იესოს ეძებთ.
- 6
აქ არ არის, არამედ აღდგა, როგორც თქვა. მოდით და ნახეთ ის ადგილი, სადაც იწვა.
- 7
ახლავე წადით და უთხარით მის მოწაფეებს, რომ მკვდრეთით აღდგა და აჰა, წინ მიგიძღვით გალილეისკენ. იქ ნახავთ მას. აჰა, გითხარით თქვენ”.
- 8
ისინი სწრაფად გამოეშურნენ სამარხიდან შიშითა და დიდი სიხარულით; მირბოდნენ, რომ ეცნობებინათ მისი მოწაფეებისთვის.
- 9
და აჰა, შემოხვდა მათ იესო და უთხრა: "გიხაროდეთ!” ხოლო ისინი მივიდნენ, ფეხებზე მოეხვივნენ და თაყვანი სცეს მას!
- 10
მაშინ უთხრა მათ იესომ: "ნუ გეშინიათ, წადით და აუწყეთ ჩემს ძმებს, რომ წავიდნენ გალილეას; იქ მნახავენ”.
- 11
ისინი რომ წავიდნენ, აჰა, მცველთაგან ზოგიერთები გაიქცნენ ქალაქში და მღვდელმთავრებს აუწყეს ყველაფერი, რაც მოხდა.
- 12
შეიკრიბნენ ისინი უხუცესებთან ერთად, მოითათბირეს და დიდძალი ვერცხლი მისცეს ჯარისკაცებს.
- 13
უთხრეს: "თქვით, რომ მისი მოწაფეები მოვიდნენ ღამით და როცა გეძინათ, მოიპარეს იგი.
- 14
თუ ამ ამბავს გამგებელი გაიგებს, ჩვენ დავარწმუნებთ მას და უსიამოვნებას აგარიდებთ”.
- 15
მათაც აიღეს ვერცხლი და ისე მოიქცნენ, როგორც დაარიგეს. და დღემდე ასე გავრცელდა ეს ნათქვამი იუდეველებს შორის.
- 16
თერთმეტი მოწაფე კი გალილეას წავიდა, იმ მთაზე, იესომ რომ დაუთქვა მათ.
- 17
ნახეს იგი და თაყვანი სცეს, ზოგიერთი კი დაეჭვდა.
- 18
მოვიდა მათთან იესო და უთხრა: "მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ზეცაში და დედამიწაზე.
- 19
ამიტომ წადით და დაიმოწაფეთ ყველა ხალხი და მონათლეთ ისინი მამის, ძის და სულიწმიდის სახელით.
- 20
ასწავლეთ მათ ყოველივეს დაცვა, რაც მე გამცნეთ. და აჰა, მე თქვენთანა ვარ ყოველდღე წუთისოფლის აღსასრულამდე”. ამინ!