მათე 27
- 1
გათენებისას ყველა მღვდელმთავარმა და ხალხის უხუცესმა ბჭობა გამართა იესოს წინააღმდეგ, რათა მოეკლათ იგი.
- 2
შებოჭეს, წაიყვანეს და გადასცეს გამგებელ პილატეს.
- 3
როცა დაინახა იუდამ, იესოს გამცემმა, რომ მსჯავრი დაადეს, ინანა და მღვდელმთავრებსა და უხუცესებს ოცდაათი ვერცხლი უკან მიუბრუნა.
- 4
უთხრა: "შევცოდე, მართალი სისხლი რომ გავეცი”. მათ კი უთხრეს: "ჩვენ რა? შენ იცი!”
- 5
ვერცხლი ტაძარში დაყარა, გამოვიდა, წავიდა და თავი ჩამოიხრჩო.
- 6
მღვდელმთავრებმა აიღეს ვერცხლი და თქვეს: "არ შეიძლება ამის საგანძურში დადება, რადგან სისხლის საფასურია”.
- 7
მოითათბირეს და იყიდეს იმით მეთუნის მინდორი უცხოთა სასაფლაოდ.
- 8
ამის გამო იმ მინდორს დღემდე სისხლის მინდორი ეწოდება.
- 9
მაშინ აღსრულდა წინასწარმეტყველ იერემიას მიერ ნათქვამი, რომელმაც თქვა: "აიღეს ოცდაათი ვერცხლი, საფასი შეფასებულისა, ისრაელის ძეთა მიერ!
- 10
და მისცეს იგი მეთუნის მინდორში, როგორც მიბრძანა მე უფალმა”.
- 11
იესო კი გამგებლის წინაშე წარსდგა; ჰკითხა მას გამგებელმა: "შენა ხარ იუდეველთა მეფე?” იესომ უპასუხა: "შენ ამბობ”.
- 12
როცა მას მღვდელმთავარნი და უხუცესნი ბრალს სდებდნენ, ის არაფერს პასუხობდა.
- 13
მაშინ უთხრა მას პილატემ: "არ გესმის, რამდენს მოწმობენ შენს წინააღმდეგ?”
- 14
არცერთ სიტყვაზე არ გაუცია პასუხი, რამაც ძალიან გააკვირვა გამგებელი.
- 15
დღესასწაულზე ჩვეულებად ჰქონდა გამგებელს - ხალხს უთავისუფლებდა ხოლმე ერთ პატიმარს, რომელსაც მოისურვებდნენ.
- 16
სწორედ მაშინ, ბარაბად წოდებული, ცნობილი ტუსაღი ჰყავდათ.
- 17
თავი რომ მოიყარეს, უთხრა მათ პილატემ: "ვინ გსურთ, რომ გაგითავისუფლოთ, ბარაბა თუ იესო, ქრისტედ წოდებული?”
- 18
ვინაიდან იცოდა, რომ შურით გადასცეს იგი.
- 19
სამსჯავროს ტახტზე რომ იჯდა, ცოლმა შეუთვალა: "არაფერი დაუშავო მაგ მართალს, ვინაიდან ბევრი ვიტანჯე დღეს სიზმრად მაგის გამო”.
- 20
მღვდელმთავრებმა და უხუცესებმა კი დაარწმუნეს ხალხი, რომ ბარაბა გამოეთხოვათ, ხოლო იესო დაეღუპათ.
- 21
ამიტომ, როცა იკითხა გამგებელმა, ამ ორიდან რომელი გსურთ, რომ გაგითავისუფლოთო, უპასუხეს, ბარაბაო.
- 22
უთხრა მათ პილატემ: "იესოს რაღა ვუყო, ქრისტედ წოდებულს?” ყველამ თქვა: "ჯვარცმულ იქნეს!”
- 23
ხოლო მან თქვა: "რა ბოროტება ჩაუდენია?” მაგრამ ისინი კიდევ უფრო მეტად აყვირდნენ: "ჯვარცმულ იქნეს!”
- 24
როცა დაინახა პილატემ, რომ ვერაფერს შველოდა, შფოთი კი მატულობდა, წყალი მოატანინა, ხელები დაიბანა ხალხის წინაშე და თქვა: "უბრალო ვარ ამ მართლის სისხლისგან. თქვენ იცით”.
- 25
და მთელმა ხალხმა მიუგო პასუხად: "ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგის სისხლი”.
- 26
მაშინ გაუთავისუფლა მათ ბარაბა, ხოლო იესო გააშოლტვინა და გადასცა, რომ ჯვარცმულიყო.
- 27
გამგებლის ჯარისკაცებმა სამსჯავროში წაიყვანეს იესო; გარს მთელი რაზმი შემოეხვია.
- 28
ტანთ გახადეს და მეწამული მოსასხამი მოასხეს.
- 29
ეკლის გვირგვინი დაწნეს და თავზე დაადგეს, მარჯვენა ხელში ლერწამი დააჭერინეს. მის წინაშე მუხლს იყრიდნენ, დასცინ
- 30
აფურთხებდნენ, აიღეს ლერწამი და თავში ურტყამდნენ.
- 31
დაცინვით რომ გული იჯერეს, მოსასხამი მოხადეს, თავისივე სამოსელი ჩააცვეს და წაიყვანეს, რომ ჯვარს ეცვათ.
- 32
როცა გამოდიოდნენ, ნახეს კვირინელი კაცი, სახელად სიმონი; და აიძულეს, მისი ჯვარი ეზიდა.
- 33
და მივიდნენ იმ ადგილზე, რომელსაც ჰქვია გოლგოთა, რაც თხემის ადგილს ნიშნავს.
- 34
მისცეს მას ნაღველნარევი ღვინო სასმელად; რომ იგემა, არ ინდომა დალევა.
- 35
ჯვარს რომ აცვეს, წილის ყრით გაიყვეს მისი სამოსელი.
- 36
ისხდნენ იქ და დარაჯობდნენ მას.
- 37
თავს ზემოთ კი დაწერილი ბრალდება მოათავსეს: "ეს არის იესო, იუდეველთა მეფე”.
- 38
მასთან ერთად ჯვარს აცვეს ორი ავაზაკი: ერთი მარჯვნივ და ერთიც - მარცხნივ.
- 39
გამვლელები კი თავებს აქნევდნენ და გმობდნენ მას.
- 40
ამბობდნენ: "ტაძრის დამანგრეველო და სამ დღეში ამშენებელო, იხსენი შენი თავი; თუ ღმერთის ძე ხარ, გადმოდი ჯვრიდან”.
- 41
მღვდელმთავარნიც დასცინოდნენ მწიგნობრებსა და უხუცესებთან ერთად და ამბობდნენ:
- 42
"სხვებს იხსნიდა, საკუთარი თავის ხსნა კი არ შეუძლია. თუ ისრაელის მეფეა, გადმოვიდეს ჯვრიდან და ვიწამებთ მას.
- 43
ღმერთს იყო მინდობილი და ახლა იხსნას იგი, თუ ნებავს; ხომ ამბობდა, ძე ღმერთისა ვარო”.
- 44
მასთან ერთად ჯვარცმული ავაზაკებიც ლანძღავდნენ მას.
- 45
მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე ბნელმა მოიცვა მთელი დედამიწა.
- 46
მეცხრე საათი იქნებოდა რომ დიდი ხმით შესძახა იესომ: "ელი, ელი! ლამა საბაქთანი?” რაც ნიშნავს: "ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რად მიმატოვე?”
- 47
იქ მდგომთაგან ზოგიერთებმა გაიგონეს ეს და თქვეს, ელიას უხმობსო.
- 48
უცბად გაიქცა ერთი მათგანი, აიღო ღრუბელი, ძმრით გაჟღინთა, წამოაგო ლერწამზე და სასმელად მიაწოდა.
- 49
სხვები კი ამბობდნენ, მოიცათ, ვნახოთ, თუ მოვა ელია მის გამოსახსნელადო.
- 50
ხოლო იესომ კვლავ შესძახა დიდი ხმით და სული განუტევა.
- 51
და აჰა, მაღლიდან დაბლამდე, ორად გაიხა ტაძრის კრეტსაბმელი, შეიძრა დედამიწა და დასკდა კლდეები.
- 52
სამარხები გაიხსნა და მრავალი მიძინებული წმიდანის სხეული აღდგა.
- 53
გამოვიდნენ სამარხთაგან მისი აღდგომის შემდეგ, შევიდნენ წმიდა ქალაქში და მრავალს ეჩვენნენ.
- 54
ასისთავმა და მასთან ერთად იესოს მოდარაჯეებმა, მიწისძვრა და ყოველივე მომხდარი რომ ნახეს, მეტისმეტად შეშინდნენ და თქვეს: "ჭეშმარიტად ღმერთის ძე იყო იგი!”
- 55
იყო იქ შორიდან მომზირალი მრავალი დედაკაცი, რომლებიც გალილეიდან გამოჰყვნენ იესოს და ემსახურებოდნენ მას.
- 56
მათ შორის იყვნენ მარიამ მაგდალელი, მარიამი, იაკობისა და იოსების დედა და ზებედეს ძეთა დედა.
- 57
როცა მოსაღამოვდა, მოვიდა მდიდარი კაცი არიმათიიდან, სახელად იოსები, რომელიც იესოს მოწაფე იყო.
- 58
მივიდა პილატესთან და გამოითხოვა იესოს გვამი. და ბრძანა პილატემ, რომ მიეცათ.
- 59
აიღო იოსებმა გვამი და შეახვია იგი სუფთა ტილოში.
- 60
დაასვენა იგი თავის ახალ სამარხში, რომელიც კლდეში იყო გამოკვეთილი; სამარხის კარზე ლოდი მიაგორა და წავიდა.
- 61
იქვე იყვნენ მარიამ მაგდალელი და სხვა მარიამი, რომლებიც საფლავის წინ ისხდნენ.
- 62
პარასკევის შემდგომ დღეს მღვდელმთავარნი და ფარისეველნი შეიკრიბნენ პილატესთან.
- 63
თქვეს: "ბატონო, გაგვახსენდა, რომ იმ მაცდურმა, სანამ ცოცხალი იყო თქვა: სამი დღის შემდეგ აღვდგებიო.
- 64
ამიტომ უბრძანე, მესამე დღემდე უდარაჯონ სამარხს, რომ არ მივიდნენ მისი მოწაფენი, არ მოიპარონ იგი და არ უთხრან ხალხს: მკვდრეთით აღდგაო. და უკანასკნელი საცდური პირველზე უარესი იქნება”.
- 65
უთხრა მათ პილატემ: "თქვენ გყავთ მცველები, წადით და უდარაჯეთ, როგორც იცით”.
- 66
წავიდნენ, უსაფრთხოდ ჰყვეს სამარხი, დაბეჭდეს და მცველებიც დააყენეს.