მათე 23
- 1
მაშინ ელაპარაკა იესო ხალხს და თავის მოწაფეებს.
- 2
უთხრა: "მოსეს ტახტზე დასხდნენ მწიგნობარნი და ფარისეველნი.
- 3
ამიტომ, ყველაფერი, რასაც გეტყვიან, შეასრულეთ და დაიცავით, ოღონდ მათი საქმეებისამებრ ნუ იმოქმედებთ, ვინაიდან ისინი ამბობენ და არ ასრულებენ.
- 4
კრავენ მძიმე და ძნელად საზიდ ტვირთს და ზურგზე ჰკიდებენ ადამიანებს; თავად კი თითსაც არ გაატოკებენ მის სატარებლად.
- 5
ყველაფერს ადამიანთათვის საჩვენებლად აკეთებენ; იფართოებენ თავიანთ სალოცავ თასმებს და სამოსის კალთებს იგრძელებენ.
- 6
უყვართ ნადიმებზე სათავეში ჯდომა, ხოლო სინაგოგებში - წინა ადგილებზე.
- 7
მისალმებანი მოედნებზე და რაბის რომ უწოდებენ ადამიანები.
- 8
თქვენ კი ნუ გიწოდებენ მოძღვარს, ვინაიდან ერთია თქვენი მოძღვარი - ქრისტე; თქვენ ყველანი კი ძმები ხართ.
- 9
ნურც მამას უწოდებთ ვინმეს ქვეყანაზე, რადგან ერთი მამა გყავთ - ზეციერი.
- 10
ნურც წინამძღვარს გიწოდებენ, ვინაიდან ერთი გყავთ წინამძღვარი - ქრისტე.
- 11
უდიდესი თქვენ შორის თქვენი მსახური იყოს.
- 12
ვინც თავს აიმაღლებს, დამდაბლდება, ხოლო ვინც თავს დაიმდაბლებს - ამაღლდება.
- 13
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან კეტავთ ცათა სამეფოს ადამიანთა წინაშე; არც თქვენ შედიხართ და არც შემავალთ ანებებთ შესვლას!
- 14
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, ვინაიდან გადაჭამთ ქვრივთა სახლებს და მოსაჩვენებლად დიდხანს ლოცულობთ; ამისთვის უფრო მკაცრად დაისჯებით.
- 15
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომ შემოივლით ზღვასა და ხმელეთს, რათა ერთი ვინმე მაინც მოაქციოთ, და როცა მოაქცევთ, გეენის ძედ გადააქცევთ, თქვენზე ორჯერ უარესად!
- 16
ვაი თქვენ, ბრმა წინამძღოლნო, რომ ამბობთ: ვინც ტაძარს დაიფიცებს - არაფერია, ხოლო ვინც ტაძრის ოქროს დაიფიცებს, ის მოვალეაო.
- 17
უგუნურნო და ბრმანო! რა უფრო დიდია - ოქრო თუ ტაძარი, ოქროს რომ წმედს?
- 18
და ვინც სამსხვერპლოს დაიფიცებს, ეს არაფერია; ხოლო ვინც ძღვენს დაიფიცებს, მასზე რომაა, ის მოვალეაო.
- 19
ბრმანო, რომელი უფრო დიდია - ძღვენი თუ სამსხვერპლო, ძღვენს რომ წმედს?
- 20
ვინაიდან, ვინც სამსხვერპლოს იფიცებს, ის იფიცებს მას და ყველაფერს, რაც მასზეა.
- 21
ვინც ტაძარს იფიცებს, ის იფიცებს მასაც და მასში მცხოვრებსაც.
- 22
ხოლო, ვინც ცას იფიცებს, ის ფიცულობს ღმერთის ტახტს და მასზე მჯდომსაც.
- 23
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, პიტნის, კამისა და კვლიავის მეათედს რომ იხდით და ივიწყებთ უმთავრესს რჯულში - სამართალს, წყალობასა და რწმენას. ესეც უნდა გაგეკეთებინათ და არც ის მიგევიწყებინათ.
- 24
ბრმა წინამძღოლებო! კოღოს მწურავნო და აქლემის მშთანთქმელნო!
- 25
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, რომლებიც გარედან ასუფთავებთ სასმისსა და ჯამს, შიგნით კი სავსენი ხართ მტაცებლობითა და თავაშვებულებით.
- 26
ბრმა ფარისეველნო, ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს.
- 27
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, შეთეთრებულ სამარხებს რომ ჰგავხართ, რომლებიც გარედან ლამაზები ჩანან, შიგნით კი სავსენი არიან მკვდართა ძვლებითა და ყოველგვარი უწმინდურებით.
- 28
ასევე თქვენც გარეგნულად მართლები ჩანხართ ადამიანთა წინაშე, შიგნით კი თვალთმაქცობითა და ურჯულოებით ხართ აღვსილნი.
- 29
ვაი თქვენ, მწიგნობარნო და ფარისეველნო, თვალთმაქცნო, წინასწარმეტყველთა საფლავებს რომ აშენებთ და ამკობთ მართალთა სამარხებს.
- 30
და ამბობთ, ჩვენი მამების დღეებში რომ გვეცხოვრა, არ ვიქნებოდითო მათი თანამოზიარენი წინასწარმეტყველთა სისხლში.
- 31
ამრიგად, საკუთარ თავს უმოწმებთ, რომ წინასწარმეტყველთა მკვლელების ძენი ხართ.
- 32
ბარემ ბოლომდე აავსეთ თქვენი მამების საწყაო.
- 33
იქედნეთა ნაშობო გველებო! გეენის მსჯავრს როგორ გაექცევით?
- 34
ამიტომ, აჰა, მე მოგივლენთ წინასწარმეტყველთ, ბრძენკაცებსა და მწიგნობრებს; თქვენ კი ზოგიერთს მოკლავთ და ჯვარს აცვამთ, ზოგს კი გაშოლტავთ თქვენს სინაგოგებში და განდევნით ქალაქიდან ქალაქში,
- 35
რათა მოგეწიოთ მართალთა მთელი სისხლი, მიწაზე დათხეული, მართალი აბელის სისხლიდან მოყოლებული ზაქარია ბერაქიას ძის სისხლამდე, ტაძარსა და სამსხვერპლოს შორის რომ მოკალით.
- 36
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ ყოველივე ეს მოეწევა ამ თაობას.
- 37
იერუსალიმო, იერუსალიმო, წინასწარმეტყველთა მკვლელო და შენთან წარმოგზავნილთა ჩამქოლავო! რამდენჯერ მინდოდა შენი შვილების შემოკრება, როგორც ფრინველი იკრებს ფრთებქვეშ თავის ბარტყებს, მაგრამ არ ინდომეთ.
- 38
აჰა, ოხრად გრჩებათ თქვენი სახლი.
- 39
ვინაიდან გეუბნებით თქვენ: ვეღარ მიხილავთ ამიერიდან, ვიდრე არ იტყვით: ‘კურთხეულია უფლის სახელით მომავალი!’”