მათე 22
- 1
იესო კვლავ იგავებით ელაპარაკობდა მათ და ეუბნებოდა:
- 2
"ცათა სამეფო ჰგავს მეფეს, რომელმაც თავის ძეს ქორწილი გაუმართა.
- 3
გაგზავნა თავისი მონები ქორწილში მოწვეულთა დასაძახებლად, მაგრამ არ ისურვეს მოსვლა.
- 4
კვლავ გაგზავნა სხვა მონები და დააბარა: უთხარით მოწვეულებს: აჰა, მოვამზადე ნადიმი, ხბორები და ნასუქი საქონელი დაკლულია, ყველაფერი მზად არის, გვეწვიეთ ქორწილში!
- 5
მაგრამ მათ ყურად არ იღეს შემოთვლილი და ზოგი თავის ყანაში წავიდა, ზოგიც თავის სავაჭრო საქმეზე.
- 6
სხვებმა კი შეიპყრეს მისი მონები, შეურაცხყვეს და დახოცეს.
- 7
ეს რომ გაიგო, განრისხდა მეფე, გაგზავნა თავისი ლაშქარი და ამოჟლიტა ის კაცისმკვლელნი, მათი ქალაქი კი ცეცხლს მისცა.
- 8
მაშინ უთხრა მან თავის მონებს: ქორწილის სუფრა მზად არის, მაგრამ მოწვეულები უღირსნი აღმოჩნდნენ.
- 9
ამიტომ გადით გზაჯვარედინებზე და ყველა შემხვედრი მოიწვიეთ ქორწილში.
- 10
გავიდნენ მონები გზებზე და ყველა შეკრიბეს, ვინც კი შემოხვდათ, ბოროტი თუ კეთილი; და სტუმრებით აივსო საქორწინო დარბაზი.
- 11
შევიდა მეფე სტუმრების სანახავად და ნახა იქ კაცი, რომელსაც საქორწინო სამოსელი არ ეცვა.
- 12
უთხრა მას: მეგობარო, როგორ შემოხვედი აქ საქორწინო სამოსელის გარეშე? ის კი დუმდა.
- 13
მაშინ უთხრა მეფემ თავის მსახურებს: გაუკარით მაგას ხელფეხი და გადააგდეთ გარესკნელის ბნელში. იქ იქნება მოთქმა და კბილთა ღრჭენა.
- 14
რადგან მოწოდებული ბევრია, რჩეული კი - ცოტა”.
- 15
მაშინ წავიდნენ ფარისევლები და მოითათბირეს, როგორ დაეჭირათ იგი მისსავე სიტყვაზე.
- 16
ჰეროდიანებთან ერთად მიუგზავნეს მას თავიანთი მოწაფენი და ჰკითხეს: "მოძღვარო, ვიცით, რომ ჭეშმარიტი ხარ და ჭეშმარიტებით ასწავლი ღმერთის გზას; არავის ერიდები და კაცთა გარეგნობას არ უყურებ.
- 17
ჰოდა, გვითხარი: როგორ ფიქრობ, უნდა ვაძლიოთ ხარკი კეისარს თუ არა?”
- 18
იესომ იცოდა რა მათი მზაკვრობა, უთხრა მათ: "რატომ მცდით, თვალთმაქცნო?
- 19
მაჩვენეთ ხარკის მონეტა”. და მიუტანეს დინარი.
- 20
ჰკითხა მათ: "ვისია ეს სახე და წარწერა?”
- 21
თქვეს: "კეისრისა!” მაშინ უთხრა მათ: "მიეცით კეისარს კეისრისა და ღმერთს - ღმრთისა!”
- 22
ეს რომ მოისმინეს, გაუკვირდათ, მიატოვეს იგი და წავიდნენ
- 23
იმ დღეს მივიდნენ მასთან სადუკეველნი, რომლებიც ამბობდნენ, აღდგომა არ არისო, და ჰკითხეს მას:
- 24
"მოძღვარო! მოსემ თქვა: თუ ვინმე უშვილოდ მოკვდეს, მისმა ძმამ უნდა შეირთოს მისი ცოლი და თავის ძმას შთამომავლობა აღუდგინოსო.
- 25
ჩვენთან შვიდი ძმა იყო. პირველმა შეირთო ცოლი და მოკვდა, შთამომავალი არ ჰყავდა და თავისი ცოლი ძმას დაუტოვა.
- 26
ასევე მეორემაც, მესამემაც, მეშვიდემდე.
- 27
ბოლოს ქალიც მოკვდა.
- 28
ჰოდა, აღდგომას იმ შვიდიდან ვისი ცოლი იქნება იგი? ის ხომ ყველას ჰყავდა”.
- 29
მიუგო იესომ მათ პასუხად: "ცდებით, რადგან არც წერილები იცით და არც ღმერთის ძალა.
- 30
ვინაიდან აღდგომისას არც ცოლს ირთავენ, არც თხოვდებიან, არამედ არიან როგორც ღმერთის ანგელოზები ცაში.
- 31
ხოლო მკვდართა აღდგომაზე ნუთუ არ წაგიკითხავთ ღმერთისგან თქვენთვის თქმული:
- 32
მე ვარ ღმერთი აბრაჰამისა, ღმერთი ისაკისა და ღმერთი იაკობისა? ღმერთი მკვდრებისა კი არაა, არამედ ცოცხლებისა”.
- 33
ესმოდა ეს ხალხს და უკვირდა მისი მოძღვრება.
- 34
ფარისევლებმა რომ გაიგეს, სადუკეველები გააჩუმაო, ერთად შეიკრიბნენ.
- 35
ერთმა მათგანმა, რჯულის მცოდნემ, გამოსაცდელად ჰკითხა იესოს:
- 36
"მოძღვარო, რომელია უდიდესი მცნება რჯულში?”
- 37
უპასუხა: "გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით.
- 38
ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
- 39
ეს არის პირველი და უდიდესი მცნება.
- 40
ამ ორ მცნებაზე ჰკიდია მთელი რჯული და წინასწარმეტყველნი”.
- 41
ფარისევლები რომ შეიკრიბნენ, ჰკითხა მათ იესომ:
- 42
"რას ფიქრობთ ქრისტეზე? ვისი ძეა იგი?” მათ უთხრეს: "დავითისა”.
- 43
უთხრა მათ: "მაშ როგორღა უწოდებს სულით დავითი მას უფალს, როცა ამბობს:
- 44
უთხრა უფალმა* ჩემს უფალს: დაჯექი ჩემ მარჯვნივ, ვიდრე ფერხთით დაგიმხობდე მტრებს.
- 45
თუ დავითი უფალს უწოდებს მას, როგორღა არის მისი ძე?”
- 46
და ვერავინ შეძლო მისთვის სიტყვის შებრუნება; იმ დღიდან მოყოლებული ვერც კითხვის დასმას უბედავდა ვინმე.