მათე 24
- 1
გამოვიდა იესო ტაძრიდან და წავიდა. და მივიდნენ მასთან მისი მოწაფეები, რათა ტაძრის ნაგებობები ეჩვენებინათ მისთვის.
- 2
ხოლო მან მიუგო მათ: "ხედავთ ყოველივე ამას? ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ქვა ქვაზე არ დარჩება აქ, რომ არ ჩამოინგრეს”.
- 3
ხოლო ზეთისხილის მთაზე რომ იჯდა განმარტოებული, მიუახლოვდნენ მოწაფეები და უთხრეს: "გვითხარი, როდის მოხდება ეს ყველაფერი და რა იქნება შენი მოსვლისა და საუკუნის აღსასრულის ნიშანი?”
- 4
მიუგო იესომ მათ პასუხად: "გაფრთხილდით, რომ არავინ შეგაცდინოთ.
- 5
ვინაიდან მრავალი მოვა ჩემი სახელით და იტყვის: ქრისტე ვარო! და მრავალს შეაცდენენ.
- 6
ასევე მოისმენთ ომებზე და ომების ამბებს; იცოდეთ, ნუ შეშინდებით, რადგან ეს უნდა მოხდეს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არ არის აღსასრული.
- 7
რადგან ერი ერის წინააღმდეგ აღდგება და სამეფო სამეფოს წინააღმდეგ; იქნება შიმშილი და მიწისძვრანი ადგილ-ადგილ.
- 8
ყოველივე ეს მშობიარობის ტკივილების დასაწყისია.
- 9
მაშინ გადაგცემენ სატანჯველად და დაგხოცავენ; და მოგიძულებთ ყველა ერი ჩემი სახელის გამო.
- 10
მრავალნი ცდუნდებიან მაშინ; ერთმანეთს გასცემენ და შეიძულებენ ერთი-მეორეს.
- 11
მრავალი ცრუ წინასწარმეტყველი აღდგება და ბევრს აცდუნებს.
- 12
და რაკი გამრავლდება ურჯულოება, მრავალს გაუნელდება სიყვარული.
- 13
მაგრამ ის, ვინც ბოლომდე დაითმენს, ის გადარჩება.
- 14
და ექადაგება სამეფოს ეს სახარება მთელ მსოფლიოს ყველა ერისთვის დასამოწმებლად და მაშინ დადგება აღსასრული.
- 15
ამრიგად, როცა იხილავთ გაპარტახების სიბილწეს, წმიდა ადგილზე მდგომს, წინასწარმეტყველ დანიელის მიერ ნათქვამს - წამკითხველმა გაიგოს;
- 16
მაშინ, ვინც იუდეაშია, მთებს მიაშუროს;
- 17
ვინც ერდოზე იქნება, ნუ ჩამოვა შინიდან რაიმეს გამოსატანად;
- 18
ვინც ყანაში იქნება, უკან ნუ დაბრუნდება თავისი ტანისამოსის წასაღებად.
- 19
მაგრამ ვაი ორსულებს და მეძუძურებს იმ დღეებში!
- 20
ილოცეთ, რომ არ მოგიხდეთ გაქცევა ზამთარში ან შაბათ დღეს.
- 21
რადგან იქნება მაშინ დიდი გასაჭირი, რომლის მსგავსი არ ყოფილა წუთისოფლის დასაბამიდან დღემდე და არც არასოდეს იქნება.
- 22
ის დღეები რომ არ შემოკლებულიყო, ვერა ხორციელი ვერ გადარჩებოდა. მაგრამ რჩეულთა გულისთვის შემოკლდება ის დღეები.
- 23
მაშინ თუ ვინმე გეტყვით: აჰა, აქ არის ქრისტე, ან იქო, არ ერწმუნოთ,
- 24
რადგან აღდგებიან ცრუქრისტენი და ცრუწინასწარმეტყველნი და მოახდენენ დიდ სასწაულებსა და ნიშნებს, რათა რჩეულნიც კი შეაცდინონ, თუკი შეძლებენ.
- 25
აჰა, წინასწარ გითხარით თქვენ.
- 26
თუ გეტყვიან: აჰა, უდაბნოშიაო, ნუ გამოხვალთ; აჰა, შიდა ოთახებშიაო, ნუ ერწმუნებით.
- 27
რადგან როგორც ელვა გამოდის აღმოსავლეთიდან და დასავლეთამდე ანათებს, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
- 28
რადგან სადაც ლეშია, სვავებიც იქ გროვდებიან.
- 29
მყისვე, გასაჭირის იმ დღეების შემდგომ, მზე დაბნელდება და მთვარე აღარ გამოსცემს თავის შუქს, ვარსკვლავები ჩამოცვივდებიან ციდან და ციური ძალები შეირყევიან.
- 30
მაშინ გამოჩნდება ძე კაცისას ნიშანი ზეცაში და მაშინ მოჰყვება მოთქმას დედამიწის ყველა ტომი; და იხილავენ ძე კაცისას ცის ღრუბლებზე მომავალს, დიადი ძალითა და დიდებით.
- 31
იგი წარმოგზავნის თავის ანგელოზებს დიდხმიანი საყვირით და შეკრებენ მის რჩეულებს ოთხივე ქართაგან, ცის ერთი კიდიდან მეორე კიდემდე.
- 32
ლეღვისგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი რტოები რბილდება და ფოთლებს გამოიტანს, იცით, რომ ახლოა ზაფხული.
- 33
ასევე, როცა ყოველივე ამას იხილავთ, იცოდეთ, რომ ახლოა, კარზეა მომდგარი.
- 34
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს თაობა, ვიდრე ყოველივე ეს არ მოხდება.
- 35
ცა და დედამიწა გადავლენ, ჩემი სიტყვები კი არ გადავლენ.
- 36
მაგრამ იმ დღეზე და ჟამზე არავინ იცის, არც ზეციურმა ანგელოზებმა, არც ძემ, არამედ მხოლოდ მამამ.
- 37
როგორც ნოეს დღეებში იყო, ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
- 38
რადგან როგორც წარღვნამდელ დღეებში ჭამდნენ, სვამდნენ, ცოლს ირთავდნენ და თხოვდებოდნენ იმ დღემდე, ვიდრე კიდობანში შევიდოდა ნოე,
- 39
და არ იცოდნენ, ვიდრე არ მოვიდა წარღვნა და ყველა არ წალეკა - ასევე იქნება ძე კაცისას მოსვლაც.
- 40
მაშინ ორნი იქნებიან მინდვრად: ერთი წარიტაცება და მეორე დარჩება.
- 41
ორნი დაფქვავენ დოლაბით: ერთი წარიტაცება და ერთი დარჩება.
- 42
ამიტომ ფხიზლად იყავით, რადგან არ იცით, რომელ დღეს მოვა თქვენი უფალი.
- 43
ეს კი გახსოვდეთ: სახლის პატრონმა რომ იცოდეს, ღამის რომელ გუშაგობაზე მოვა ქურდი, იფხიზლებდა, და თავისი სახლის ძირს არავის გამოათხრევინებდა.
- 44
ამიტომ თქვენც მზად იყავით, ვინაიდან, რომელ საათზეც არ ფიქრობთ, მაშინ მოვა ძე კაცისა.
- 45
ვინ არის ერთგული და გონიერი მონა, რომელიც თავის სახლეულზე დააყენა მისმა ბატონმა, რომ დროულად აძლევდეს მათ საზრდოს?
- 46
ნეტარია მონა, რომლის ბატონიც მოვა და ამგვარად მოქმედს ჰპოვებს მას.
- 47
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, რომ მთელ თავის საბადებელზე დააყენებს მას.
- 48
ხოლო თუ ეს მონა ბოროტია და გულში იტყვის: იგვიანებსო ჩემი ბატონი,
- 49
და ცემას დაუწყებს დანარჩენ მონებს და ლოთებთან გამართავს ჭამა-სმას,
- 50
მოვა იმ მონის ბატონი იმ დღეს, როცა არ ელის, და იმ ჟამს, როცა არ იცის,
- 51
შუაზე გაჰკვეთს მას და თვალთმაქცებთან დაუდებს წილს. იქ იქნება ტირილი და კბილთა ღრჭენა.