მათე 16
- 1
მივიდნენ მასთან ფარისეველნი და სადუკეველნი და გამოსაცდელად სთხოვეს, ეჩვენებინა მათთვის ნიშანი ზეციდან.
- 2
უთხრა მათ: "საღამოხანს ამბობთ: ხვალ მოწმედილი იქნება, რადგან ცა წითელიაო;
- 3
დილით კი: დღეს გაავდრდება, რადგან ცა მოქუფრულიაო. ცის პირის გამოცნობა შეგიძლიათ, დროის ნიშანთა კი - არა.
- 4
ბოროტი და მრუში თაობა ეძებს ნიშანს, მაგრამ ნიშანი არ მიეცემა მას, გარდა იონას ნიშნისა”. მიატოვა ისინი და წავიდა.
- 5
გაღმა გადასვლისას მის მოწაფეებს პურის წაღება დაავიწყდათ.
- 6
იესომ უთხრა მათ: "გაფრთხილდით, მოერიდეთ ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს”.
- 7
ისინი კი მსჯელობდნენ ერთმანეთში: იმიტომ გვეუბნება პური რომ არ წამოგვიღიაო.
- 8
მიხვდა იესო და უთხრა მათ: "რას მსჯელობთ ერთმანეთში, მცირედ მორწმუნენო, პური რომ არ წამოგიღიათ?
- 9
ნუთუ კიდევ ვერ გაგიგიათ და აღარ გახსოვთ იმ ხუთი ათასის ხუთი პურით გაძღომა და რამდენი გოდორი ნარჩენი აიღეთ?
- 10
აღარც ოთხი ათასის შვიდი პურით გაძღომა გახსოვთ და რამდენი კალათი ნარჩენი აიღეთ?
- 11
რატომ ვერ ხვდებით, რომ პურის გამო არ მითქვამს, ერიდეთ-მეთქი ფარისეველთა და სადუკეველთა საფუარს?”
- 12
მაშინღა მიხვდნენ, რომ იგი აფრთხილებდა მათ, მორიდებოდნენ არა საფუარს, არამედ ფარისეველთა და სადუკეველთა მოძღვრებას.
- 13
ფილიპეს კესარიის მხარეს რომ მივიდნენ, ჰკითხა იესომ თავის მოწაფეებს: "რას ამბობს ხალხი, ვინ არისო ძე კაცისა?”
- 14
უპასუხეს: "ზოგი ამბობს იოანე ნათლისმცემელიაო, ზოგი - ელიააო, ზოგიც - იერემია ან ერთი წინასწარმეტყველთაგანიაო”.
- 15
ჰკითხა მათ: "თქვენ რას ამბობთ, ვინა ვარ?”
- 16
სიმონ-პეტრემ მიუგო: "შენა ხარ ქრისტე, ძე ცოცხალი ღმერთისა”.
- 17
იესომ პასუხად უთხრა: "ნეტარ ხარ შენ, სიმონ იონას ძევ, რადგან ხორცმა და სისხლმა კი არ გაგიცხადა ეს, არამედ მამაჩემმა, რომელიც ზეცაშია.
- 18
და მე გეუბნები შენ, რომ შენ ხარ პეტრე და ამ კლდეზე ავაშენებ ჩემს ეკლესიას და ჯოჯოხეთის ბჭენი ვერ სძლევენ მას.
- 19
მოგცემ ცათა სამეფოს გასაღებებს და, რასაც შეკრავ დედამიწაზე, შეკრული იქნება ზეცაშიც, ხოლო რასაც გახსნი დედამიწაზე, გახსნილი იქნება ზეცაშიც”.
- 20
მაშინ გააფრთხილა მოწაფეები, არავისთვის გაემხილათ, რომ ის არის ქრისტე.
- 21
ამის შემდეგ დაიწყო იესომ თავისი მოწაფეებისთვის იმის გამხელა, რომ უნდა წასულიყო იერუსალიმს, დიდად დატანჯულიყო უხუცესთა, მღვდელმთავართა და მწიგნობართაგან, მოკლულიყო და მესამე დღეს აღმდგარიყო.
- 22
პეტრემ გაიხმო იგი, უკრძალავდა და ეუბნებოდა: "შეიწყალე შენი თავი უფალო, ნურც შეგემთხვევა ასეთი რამ!”
- 23
ის მიუბრუნდა პეტრეს და უთხრა: "გამშორდი, სატანავ! საცდური ხარ ჩემთვის, რადგან იმაზე კი არ ფიქრობ, რაც ღვთიურია, არამედ იმაზე, რაც ადამიანურია”.
- 24
მაშინ უთხრა თავის მოწაფეებს იესომ: "ვისაც უნდა, რომ გამომყვეს, უარყოს თავისი თავი, აიღოს თავისი ჯვარი და გამომყვეს მე.
- 25
რადგან ვისაც თავისი სულის გადარჩენა სურს, დაღუპავს მას; ხოლო ვინც ჩემი გულისთვის დაიღუპავს სულს, იგი მოიპოვებს მას.
- 26
რა სარგებლობა აქვს ადამიანს, თუნდაც მთელი ქვეყანა შეიძინოს, სულს კი დაკარგავს? ან რას გაიღებს ადამიანი თავისი სულის სანაცვლოდ?
- 27
რადგან მოვა ძე კაცისა თავისი მამის დიდებით, თავის ანგელოზებთან ერთად, და მაშინ მიუზღავს თითოეულს თავისი საქმეების მიხედვით.
- 28
ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არიან ზოგიერთნი აქ მდგომთაგან, რომლებიც არ იგემებენ სიკვდილს, სანამ არ იხილავენ ძე კაცისას, თავისი მეფობით მომავალს”.