მათე 17
- 1
ექვსი დღის შემდეგ წაიყვანა იესომ პეტრე, იაკობი და მისი ძმა იოანე; და აიყვანა ისინი მაღალ მთაზე განმარტოებით.
- 2
და ფერი იცვალა მათ წინაშე: მზესავით გაბრწყინდა მისი სახე, ხოლო მისი ტანისამოსი სინათლესავით გასპეტაკდა.
- 3
და აჰა, ეჩვენენ მათ მოსე და ელია, მასთან მოსაუბრენი.
- 4
მიუგო პეტრემ იესოს და უთხრა: "უფალო, რა კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. თუ გნებავს, გავაკეთებ აქ სამ კარავს, ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას”.
- 5
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, რომ, აჰა, ნათელმა ღრუბელმა დაჩრდილა ისინი; და აჰა, ამბობს ხმა ღრუბლიდან: "ეს არის ძე ჩემი საყვარელი, რომელიც მოვიწონე მე; მას უსმინეთ!”
- 6
ამის გამგონე მოწაფენი, პირქვე დაემხნენ და ძლიერ შეშინდნენ.
- 7
მიუახლოვდა იესო, შეეხო მათ და უთხრა: "წამოდექით და ნუ გეშინიათ”.
- 8
თვალი რომ აახილეს, ვეღარავინ დაინახეს, გარდა იესოსი.
- 9
მთიდან რომ ჩამოდიოდნენ, იესომ უბრძანა მათ და უთხრა: "არაფერი მოყვეთ ამ ხილვის შესახებ, ვიდრე ძე კაცისა მკვდრეთით არ აღდგება”.
- 10
ჰკითხეს მას მოწაფეებმა: "მაშ, რატომ ამბობენ მწიგნობრები, პირველად ელია უნდა მოვიდესო?”
- 11
მან კი მიუგო: "ელია ნამდვილად მოდის და აღადგენს ყოველივეს.
- 12
მაგრამ თქვენ გეუბნებით, რომ ელია უკვე მოვიდა, თუმცა ვერ იცნეს იგი და ისე მოექცნენ, როგორც უნდოდათ; კაცის ძესაც ასევე მოელის მათგან ტანჯვა”.
- 13
მაშინ მიხვდნენ მოწაფეები, რომ იოანე ნათლისმცემელზე ამბობდა იგი.
- 14
ხალხთან რომ მივიდნენ, ერთი კაცი მიუახლოვდა მას მუხლმოდრეკით.
- 15
უთხრა: "უფალო! შეიწყალე ჩემი ძე, მთვარეულია და ძლიერ იტანჯება, ვინაიდან წარამარა ცეცხლში ან წყალში ვარდება.
- 16
მივუყვანე შენს მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი განკურნება”.
- 17
იესომ თქვა: "ჰოი, ურწმუნო და უკუღმართო თაობავ! როდემდე ვიქნები თქვენთან? როდემდე გითმინოთ? აქ მომიყვანეთ!”
- 18
მოყვანისთანავე შერისხა იგი იესომ და გამოვიდა მისგან ეშმაკი. იმ ჟამიდან განიკურნა ყმაწვილი.
- 19
მაშინ განმარტოებით მიუახლოვდნენ მოწაფეები იესოს და ჰკითხეს: "ჩვენ რატომ ვერ შევძელით მისი განდევნა?”
- 20
ხოლო მან უთხრა: "თქვენი მცირე რწმენის გამო. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას - აქედან იქით გადადიო, გადავა; და არაფერი იქნება თქვენთვის შეუძლებელი.
- 21
ეს მოდგმა კი არ განიდევნება, თუ არა ლოცვითა და მარხვით”.
- 22
უთხრა მათ იესომ გალილეაში ყოფნისას: "ძე კაცისა ადამიანთა ხელთ გადაეცემა,
- 23
მოკლავენ მას და მესამე დღეს აღდგება”. და მეტისმეტად დანაღვლიანდნენ ისინი.
- 24
კაპერნაუმში მისვლისას მივიდნენ პეტრესთან დიდრაქმის ამკრეფნი და უთხრეს: "დიდრაქმას ხომ არ გადაიხდის თქვენი მოძღვარი?”
- 25
მან უთხრა: კიო. სახლში რომ შევიდა, იესომ დაასწრო და უთხრა: "რას ფიქრობ, სიმონ, მიწიერი მეფენი ვისგან იღებენ ხარკს ან მოსაკრებლებს - თავიანთ ძეთაგან თუ უცხოთაგან?”
- 26
პეტრემ თქვა: "უცხოთაგან”; უთხრა მას იესომ: "მაშ, ძენი თავისუფალნი ყოფილან!
- 27
მაგრამ ისინი რომ არ ვაცდუნოთ, წადი ზღვაზე და ანკესი ისროლე; და პირველი თევზი, რომელიც ამოყვება, გაუღე პირი და შიგ სტატირს იპოვი. წამოიღე და მიეცი შენთვის და ჩემთვის”.