მათე 15
- 1
მაშინ მივიდნენ იესოსთან იერუსალიმელი ფარისეველნი და მწიგნობრები და უთხრეს:
- 2
"რატომ არღვევენ შენი მოწაფეები უხუცესთა ჩვეულებას? რადგან ხელს არ იბანენ პურის ჭამისას”.
- 3
მიუგო მათ პასუხად: "თქვენ რაღატომ არღვევთ ღმერთის მცნებას თქვენი გადმოცემების გამო?
- 4
რადგან თქვა ღმერთმა: პატივი ეცი მამას და დედას, და მამის ან დედის აუგის მთქმელი სიკვდილით მოკვდეს.
- 5
თქვენ კი ამბობთ: თავისუფალია თუ ვინმე ეტყვის თავის მამას ან დედას, შესაწირიაო, რითაც უნდა დაგხმარებოდი,
- 6
ამით პატივს არ სცემს თავის მამას და თავის დედას; და გააუქმეთ ღმერთის მცნება თქვენი გადმოცემების გამო.
- 7
თვალთმაქცნო, კარგად წინასწარმეტყველებდა ესაია თქვენზე, როცა ამბობდა:
- 8
ეს ხალხი ბაგეებით მცემს პატივს, მათი გული კი შორს არის ჩემგან.
- 9
ამაოდ მეთაყვანებიან, რაკი ადამიანთა მცნებებს მოძღვრებასავით ასწავლიან”.
- 10
მოუხმო იმ ხალხს და უთხრა: "ისმინეთ და შეიგნეთ:
- 11
ადამიანს ბილწავს არა ის, რაც პირში შედის, არამეს ის, რაც პირიდან გამოდის; ეს ბილწავს ადამიანს”.
- 12
მაშინ მივიდნენ მოწაფეები და უთხრეს: "იცი, რომ ცდუნდნენ ფარისევლები ამ სიტყვის მოსმენით?”
- 13
მან კი პასუხად მიუგო: "ყოველი ნერგი, რომელიც ჩემმა ზეციერმა მამამ არ დარგო, ძირფესვიანად აღმოიფხვრება.
- 14
მოეშვით მათ, ბრმები არიან და ბრმათა წინამძღოლნი. თუ ბრმას ბრმა გაუძღვება, ორივენი ორმოში ჩაცვივდებიან”.
- 15
პეტრემ უთხრა: "განგვიმარტე ეს იგავი”.
- 16
ხოლო მან უთხრა: "აქამდე ვერ მიმხვდარხართ?
- 17
ნუთუ კიდევ არ გესმით, რომ ყველაფერი რაც პირში შედის, ნაწლავებს გაივლის და გარეთ გამოდის?
- 18
ხოლო პირიდან გამოსული კი გულიდან გამოდის და სწორედ ეს ბილწავს ადამიანს.
- 19
ვინაიდან გულიდან გამოდის ბოროტი ზრახვანი, მკვლელობანი, მრუშობანი, მეძავობანი, ქურდობანი, ცრუმოწმობანი, გმობანი.
- 20
ეს ყველაფერი ბილწავს ადამიანს, დაუბანელი ხელით ჭამა კი არ ბილწავს ადამიანს”.
- 21
გამოვიდა იქიდან იესო და მივიდა ტვიროსისა და სიდონის მხარეებში.
- 22
და აჰა, ქანაანელი დედაკაცი გამოვიდა იმ ადგილებიდან და შეჰღაღადა მას: "შემიწყალე, უფალო, ძეო დავითისა, ჩემი ქალიშვილი მძიმე ეშმაკეულია”.
- 23
მას კი სიტყვაც არ უთქვამს მისთვის. მოწაფეები მივიდნენ და სთხოვეს: "გაუშვი იგი, რადგან ზურგში მოგვყვირის”.
- 24
მან კი უთხრა პასუხად: "მხოლოდ ისრაელის სახლის დაღუპულ ცხვრებთან ვარ მოვლინებული”.
- 25
მივიდა, თაყვანი სცა და უთხრა: "მიშველე, უფალო!”
- 26
ხოლო მან მიუგო: "არ არის კარგი, შვილებს წაართვა პური და ძაღლებს გადაუგდო”.
- 27
უთხრა დედაკაცმა: "დიახ, უფალო, მაგრამ ძაღლებიც ხომ ჭამენ ნამცეცებს, მათი ბატონების სუფრიდან რომ ცვივა”.
- 28
მაშინ მიუგო იესომ პასუხად: "ჰოი, დედაკაცო! დიდია შენი რწმენა, მოგეცეს, რაც გსურს”. და იმ ჟამიდან განიკურნა მისი ქალიშვილი.
- 29
იქიდან წამოსული იესო გალილეის ზღვასთან მივიდა, ავიდა მთაზე და დაჯდა.
- 30
დიდძალი ხალხი მივიდა მასთან; თან ჰყავდათ კოჭლები, დასახიჩრებულები, ბრმები, მუნჯები და მრავალი სხვა. დასხეს მის ფერხთით და მან განკურნა ისინი,
- 31
ისე, რომ უკვირდა ხალხს როცა ხედავდა, ალაპარაკებულ მუნჯებს, გამოჯანსაღებულ ავადმყოფებს, მოსიარულე კოჭლებს და მხედველ ბრმებს; და ადიდებდნენ ისრაელის ღმერთს.
- 32
მოუხმო იესომ თავის მოწაფეებს და უთხრა: "მებრალება ეს ხალხი, უკვე სამი დღეა ჩემთან არიან, საჭმელი კი არაფერი აქვთ. არ მინდა, მათი უჭმელად გაშვება, გზაში რომ არ დაუძლურდნენ”.
- 33
მოწაფეებმა უთხრეს: "უდაბნოში სადა გვაქვს იმდენი პური, რომ ამდენი ხალხი გავაძღოთ?”
- 34
იესომ ჰკითხა: "რამდენი პური გაქვთ?” უთხრეს: "შვიდი, და ცოტაოდენი თევზი”.
- 35
მაშინ უბრძანა ხალხს, მიწაზე დამსხდარიყვნენ.
- 36
აიღო ის შვიდი პური და თევზები, მადლობა შესწირა, დაამტვრია და მისცა თავის მოწაფეებს, მოწაფეებმა კი - ხალხს.
- 37
ყველამ ჭამა და გაძღა; ნარჩენებით კი შვიდი კალათი გაივსო.
- 38
ხოლო მჭამელი ოთხი ათასამდე კაცი იყო, გარდა დედაკაცებისა და ბავშვებისა.
- 39
გაუშვა ხალხი, ჩაჯდა ნავში და მივიდა მაგდალას მხარეში.