ზაქარია 9
- 1
განაჩენი: უფლის სიტყვა, ხადრაქის ქვეყანაზე და დამასკოზე, მისი მოსვენების ადგილზე; რადგან კაცთა თვალები უფლისკენ არის მიმართული, განსაკუთრებით ისრაელის შტოთა თვალები.
- 2
და ხამათზე, მას რომ ესაზღვრება, ტვიროსსა და სიდონზე, რადგან ფრიად დაბრძენდნენ.
- 3
აიშენა ტვიროსმა ციხე-სიმაგრე და მტვერივით დაახვავა ვერცხლი და ოქრო - ქუჩის ტალახივით.
- 4
აჰა, უფალი წაართმევს მას ქონებას და ზღვაში გადაისვრის; თავად კი ცეცხლში შთაინთქმება.
- 5
იხილავს აშკელონი და შეშინდება, ღაზა და ყეკრონი დიდად შეძრწუნდება, რადგან გაწბილდება მისი იმედი; ღაზა დაკარგავს თავის მეფეს და აღარ დასახლდება აშკელონი.
- 6
უცხო მოდგმა იცხოვრებს აშდოდში; აღვგვი ფილისტიმელთა ამპარტავნებას.
- 7
პირიდან გამოვგლეჯ სისხლიან ხორცს და სიბილწეთ კბილებიდან; მისი ნატამალი ჩვენს ღმერთს დარჩება და მთავარივით იქნება იუდაში, ყეკრონი კი იებუსელივით.
- 8
მე კი ჩემი სახლის გარშემო დავბანაკდები და ლაშქარი ვერ გაივლის მასში; აღარ მიუვა მას მჩაგვრელი, რადგან ვიხილე მათი ტანჯვა.
- 9
დიდად იხარე, სიონის ასულო! გამარჯვებით შემოსძახე, იერუსალიმის ასულო! აჰა, შენი მეფე მოდის შენთან, მართალი და ხსნით შემოსილი; თავმდაბალია, ამხედრებულია სახედარზე და ჩოჩორზე, ხრდალი ვირის ნაშიერზე.
- 10
მოვსპობ ეტლებს ეფრემიდან, ცხენებს იერუსალიმიდან; შეიმუსრება საბრძოლო მშვილდი; მშვიდობას აუწყებს იგი ხალხებს, ზღვიდან ზღვამდე იქნება მისი ხელმწიფება და მდინარიდან - ქვეყნის ბოლომდე.
- 11
შენ კი: შენთან დადებული აღთქმის გამო, სისხლით რომ იქნა დაბეჭდილი, გავათავისუფლებ შენს ტყვეებს უწყლო ჭიდან.
- 12
დაუბრუნდით ციხე-სიმაგრეებს, ტყვენო, რომლებსაც გაქვთ იმედი! დღეს გიცხადებთ, რომ ორმაგად აგინაზღაურებთ დანაკარგს.
- 13
რადგან მშვილდივით მოვზიდავ იუდას და ისრებად მექნება ეფრემი; აღვძრავ შენს ძეებს, სიონო, შენი ძეების წინააღმდეგ საბერძნეთო, და მეომრის მახვილივით გაქცევ.
- 14
უფალი გამოჩნდება მათ თავზე და ელვასავით გამოვარდება მისი ისარი; ჩაბერავს საყვირს უფალი ღმერთი და წამოვა სამხრეთის ქარიშხლებში.
- 15
ცაბაოთ უფალი დაიცავს მათ, გაანადგურებენ და გათელავენ შურდულის ქვებს. დალევენ და მთვრალი კაცებივით აყიჟინდებიან ბრძოლაში; თასივით აივსებიან, სამსხვერპლოს რქებივით.
- 16
უფალი, მათი ღმერთი, იხსნის მათ იმ დღეს, როგორც თავისი ხალხის ფარას, რადგან გვირგვინის ქვებივით არიან ისინი, ბრწყინავენ მის ქვეყანაზე.
- 17
რამდენად დიდია მისი სიკეთე და რამდენად დიდია მისი მშვენება! ჭაბუკებს ხორბალი მისცემს ძალას, ქალწულებს - მაჭარი.